საქმე # 330100120004047188
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №844აპ-22 ქ. თბილისი
პ. ი. 844აპ-22 26 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,
პროკურორების - ნუგზარ ჭიტაძის, თამარ ბეჟუაშვილის,
მსჯავრდებულ - ი. პ-ს,
ადვოკატების - ს. ჯ-ის, ე. ჩ-ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. პ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. პ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 27 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. თ., სოფელ ფ-ში, ც-ის ქუჩა N...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. პ-მა 550 ლარის სანაცვლოდ შ. ა-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით, 0,699 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შ. ა-სგან.
2.2. ი. პ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.0258 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2020 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლემა ამოიღეს ქ.თ.., დ-ს დასახლებაში, მ., მ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. პ-ს პირადი ჩხრეკისას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეწყდა ი. პ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის;
3.1. ი. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.2. ი. პ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.3. ი. პ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 14 სექტემბრიდან;
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. თ.., სოფელ ფ-ში, ც-ის ქუჩა N..ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.პ-მა 550 ლარის სანაცვლოდ შ. ა–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით, 0,699 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შ. ა-სგან.
4.1. ი. პ-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე განაცხადა თანხმობა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მიმართ გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათი. შესაბამისად, ი. პ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. პ-ს ადვოკატმა ს. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა ი. პ-ს გამართლება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ანი ხახანაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
6.1. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეწყდა ი. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის;
6.2. ი. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
6.3. ი. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
6.4. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ი. პ–ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
6.5. ი. პ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6.6. ი. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 14 სექტემბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ხახანაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულის ადვოკატმა ს. ჯ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორებმა ნუგზარ ჭიტაძემ და თამარ ბეჟუაშვილმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
10. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
10.1. იმავდროულად ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ საქმეს დაერთოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ასევე განმარტა, რომ მისი შეფასებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, ნარკოტიკული საშუალების როგოც გასაღების, ისე შეძენა-შენახვის ნაწილში, თუმცა, ვინაიდან ი. პ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, საბოლოო სიტყვის ეტაპზე, თავი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში, ის, როგორც ადვოკატი იზიარებს (მიჰყვება) მსჯავრდებულის პოზიციას (12:40:10; 13:02:18), შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნა პირველი ინსტანციიდან მოყოლებული არის ის, რომ ი. პ–ს არ ჩაუდენია ნარკოტიკული საშუალების გასაღება, რაც ადვოკატის პოზიციით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ი. პ–ი გაამართლა ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე მიუთითა შ. ა–ზე, როგორც დაინტერესებულ პირზე და იმავდროულად - დანაშაულის შესაძლო პროვოკაციაზე ((,,ძალიან წააგავს დანაშაულის პროვოცირებას“) 13:09:45). ადვოკატმა ს. ჯ–მ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან და გადაწყვეტილებებთან, კერძოდ, ის არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება დანაშაულის შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით მიემართება ნარკოტიკული საშუალების მხოლოდ გასაღების ნაწილს (რაშიც მსჯავრდებული გამართლებულია და შესაბამისად, დაცვის მხარეს არ ჰქონდა ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში მსჯავრდებას ეთანხმება) და აღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს ადვოკატი ამ საფუძვლით (დანაშაულის შესაძლო პროვოკაციით) ითხოვს ი. პ–ს სრულად გამართლებას და ამით ეწინააღმდეგება გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას (13:09:13).
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი.
2. დაცვის მხარის შუამდგომლობასთან (საქმეს დაერთოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები)დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71-ე მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს;
2.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
3. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ი. პ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ი. პ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანია საკითხის გარკვევა - საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ი. პ–მა. იმავდროულად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს შ. ა–ს მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის შესაძლებლობა.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ი. პ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ მსჯავრდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. იმ საკითხის გასარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელი ქმედება ჩაიდინა ი. პ–მა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის დავის საგანი მიემართება - 2020 წლის 27 აგვისტოს ი. პ–ს მიერ შ. ა–სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს.
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე შ. ა–მა განმარტა, რომ შემთხვევით შეხვდა ი. პ–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ მიჰყიდიდა ნარკოტიკულ საშუალებას. შ. ა–მა მას გამოართვა ტელეფონის ნომერი, შემდეგ კი ნებაყოფლობით მიმართა განცხადებით პოლიციას და მიაწოდა ინფორმაცია ი. პ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე. ასევე თანხმობა განაცხადა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეოკამერით და გადასცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად 550 ლარი. 2020 წლის 27 აგვისტოს დაუკავშირდა ი. პ–ს, სათანადოდ აღჭურვილი ავტომობილით გაუარა მას და უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა სურდა. ი. პ–ი ავტომანქანაში მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე დაჯდა. შ. ა–მა 550 ლარი გადასცა მსჯავრდებულს, რომელმაც თანხა ჩადო თამბაქოს ყუთში და კონკრეტულ ადგილზე - სოფელ ფ–ში, ც-ის ქუჩა №... მიმდებარე ტერიტორიაზე ისროლა ღობის მეორე მხარეს. ცოტა ხნის შემდეგ ი. პ–მა ტელეფონით მიიღო შეტყობინება. ავტომანქანით დაბრუნდნენ იმავე ადგილას, ი. პ–ი გადავიდა, ავტომანქანიდან, აიღო თამბაქოს ყუთში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ჩაჯდა ავტომანქანაში და ხელში გადასცა ერთი ცალი, ღია ფერის პოლიეთილენის პაკეტის წონაკი, მეორე წონაკზე კი უთხრა, რომ იყო თავისი. მოწმემ დაადასტურა, რომ ავტომანქანაში მათ გარდა სხვა პირი არ იმყოფებოდა. ი. პ–ს ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ კი გზა განაგრძო და რ-ს გზატკეცილის N..ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს გადასცა მსჯავრდებულისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაილუქა. ასევე შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი. ადვოკატის კითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ: ის თავადაც არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი და მას ი. პ-თან ერთად მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება; ადრეც უთანამშრომლია სამართალდამცავ ორგანოებთან და კიდევ ითანამშრომლებს; მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნარკოტიკული დანაშაულისათვის.
4.3. ამოღების ოქმის თანახმად, 2020 წლის 27 აგვისტოს ქ. თ..., რ-ს გ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. ა–სგან ამოიღეს მის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი ცალი, ღია ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მიკრული მოშავო ფერის ძაფით, მასში არსებული მუქი ფერის ნივთიერებით.
4.4. ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 31 აგვისტოს დასკვნის თანახმად, შ. ა–სგან ამოღებული, შავი ძაფით თავმოკრულ თეთრ პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად გახვეული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით ნოტიო მდგომარეობაში - 3,47 გრამი, ხოლო გამოშრობის შემდეგ წონით - 2,61 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინის’’ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ რაოდენობაა - 0,699 გრამი.
4.5. გამომძიებელმა ჯ. ტ-მ დაადასტურა, რომ ამოიღო პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, რომელიც შ. ა–მა ნებაყოფლობით წარადგინა. ასევე განმარტა, რომ მიმდინარეობდა შ. ა–ს სრული ვიზუალური კონტროლი, როგორც საკონტროლო შესყიდვამდე, ისე - საკონტროლო შესყიდვის მიმდინარეობისას და შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ჩათვლით. შ. ა–ს ავტომანქანაში და მათ ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო პირი არ შეუნიშნავს.
4.6. გამომძიებელმა ლ. გ–მა განმარტა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს შ. ა–ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ი. პ–ს მიერ ნარკოტიკულ საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე შ. ა. აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, ასევე გადაეცა 550 ლარი, რის შემდეგაც მონაწილეობდა ი. პ–სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვაში. ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ ამოიღეს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვა მიმდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების სრული ვიზუალური კონტროლით.
4.7. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. პ–მა განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და ჩართული იყო მეთადონის პროგრამაში. მას ადრეც, პირადი მოხმარების მიზნით, შ. ა-თან ერთად შეუძენია და იქვე მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. შ. ა. დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და კვლავ სთხოვა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება. ისინი იმავე დღეს წავიდნენ ფ–ში. იქიდან გამომდინარე, რომ შ. ა. ავტომანქანას მართავდა, გამყიდველს, ვინმე - ,,ა., რომლის ნომერიც თავად შ. ა–მა მისცა, თავად ეკონტაქტებოდა ტელეფონის საშუალებით. შ. ა–მა ასევე მიაწოდა თანხა, რომელიც მას არ დაუთვლია და გადააგდო ავტომანქანიდან კონკრეტულ ადგილას, სადაც დაბრუნდნენ შეტყობინების მიღების შემდეგ ნარკოტიკული საშუალების ასაღებად. მათ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გაინაწილეს და დაშორდნენ ერთმანეთს. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მას არანაირი გასაღების მიზანი არ ჰქონია.
5. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
6. მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ი. პ–მა გამოთქვა სურვილი და შ. ა–ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე შ. ა–ს ჩვენება, კერძოდ, მან განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც შემთხვევით შეხვდა ი. პ–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ მიჰყიდიდა ნარკოტიკულ საშუალებას, შ. ა–მა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან და ჩაერთო საკონტროლო შესყიდვაში. აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მის განმარტებებზე ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებზე, რომ: ის თავადაც არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი და მას ი. პ-თან ერთად მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება; ადრეც უთანამშრომლია სამართალდამცავ ორგანოებთან და კიდევ ითანამშრომლებს; მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნარკოტიკული დანაშაულისათვის.
7. იმ პირობებში, როდესაც მოწმე შ. ა–ს განმარტებით, საკონტროლო შესყიდვის დაგეგმვის ფარგლებში, 2020 წლის 27 აგვისტოს დაუკავშირდა ი. პ–ს და უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა სურდა, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, თუ რა შინაარსის შეთანხმება შედგა ი. პ–სა და შ. ა-ს შორის უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ( ასევე - „გამოძიებით დაუდგენელ“ გამსაღებელსა და ი. პ–ს შორის (ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში)); საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერისა და კრებსების გათვალისწინებით, მათ შორის, იმის მხედველობაში მიღებით, რომ არ დგინდება რომ ი. პ–ს გააჩნდა რაიმე ინტერესი შ. ა–ს მიერ მიტანილი ფულადი თანხის - 550 ლარის - მიმართ, ვინაიდან ფარული ჩანაწერითა და შესაბამისი კრებსებით დასტურდება, რომ ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ შ. ა–მა ი. პ–ს მისცა 550 ლარი, რომელიც მოგვიანებით მოათავსეს თამბაქოს ყუთში და ი. პ–მა გადააგდო ავტომანქანის ფანჯრიდან (თანხის ამ ოდენობით გადახდის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ), ასევე იმ მიზნის გათვალისწინებით, რომელიც ამოძრავებდა ი. პ–ს ფულის გადაგდების და შემდეგ ნარკოტიკული საშუალების მანქანაში შემოტანისას; ი. პ–ს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების დაუფლებიდან შ. ა–სათვის გადაცემამდე დროის მონაკვეთის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. პ–მა ფული გადააგდო და ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მანქანიდან გადავიდა შ. ა-თან შეთანხმებით, - საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ი. პ–ს მიერ შ. ა–ს მიერ მიცემული ფულის ფანჯრიდან გადაგდება (როგორც ნარკოტიკის შესაძენად ფულის გადახდის ფორმა), ხოლო შემდეგ ნარკოტიკული საშუალების აღება, ავტომანქანაში შემოტანა და შ. ა–სთვის ხელში გადაცემა, ვერ ჩაითვლება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებად.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ: ი. პ–ს მიერ შ. ა–სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად ნიშნავს, რომ მან ნარკოტიკული საშუალება გაასაღა; ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა გამორიცხავს - ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერისა და კრებსების თანახმად, ი. პ–ი და შ. ა. დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და ჰყავთ ბევრი საერთო ნაცნობი, ხოლო მათი საუბარი შეეხება, მათ შორის - ნარკოტიკული საშუალების შეძენას. ამასთან, შ.- ა. ი. პ–ს ეუბნება: ,,დღეს კიდევ ავიღებთ, რა, მერე, ერთ სამ ცალს. ჯერ ძმაკაცებს ვუღებ, რომ გაიგეს 900-ებში იღებენ. ისე, შენ მაგარი წესიერი ბიჭი ხარ, შენს მაგივრად სხვა 700-ებში...“, რაზეც ი. პ–ი პასუხობს: ,,მე ეგეთი რამე არ შემიძლია. ვინც ყიდულობს, ყველას ვეუბნები - წამოდით აგერ ძმაო, ნახეთ, რა, როგორ, რანაირად. ზედმეტად, ხომ იცი არ მინდა“ (ტ. N1; ს.ფ.60). ასევე, ნარკოტიკული საშუალებით ავტომანქანაში დაბრუნებულმა ი. პ–მა შ. ა-ს უთხრა - ,,ნახე რას მჩუქნის“.
9. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ დაუდგენია თუ ვინ არის ის პირი, ვისთანაც მივიდა ი. პ–ი შ. ა-თან ერთად ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერისა და შ. ა–ს ჩვენების თანახმად, ი. პ–მა შ. ა–ს მიერ გადაცემულ ფულადი თანხა გადააგდო კონკრეტულ მისამართზე (იქვე განმარტა - ,,აქ ცხოვრობს თვითონ“), სადაც ცოტა ხანში დაბრუნდნენ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად. ვიდეოჩანაწერის თანახმად, ი. პ–ი გადავიდა ავტომანქანიდან, დაიძახა სახელი და დაბრუნდა ნარკოტიკლული საშუალებით - დიდი შეკვრა მისცა შ. ა-ს, ხოლო პატარა შეკვრა დაიტოვა თავად და შ. ა-ს უთხრა - ,,ნახე რას მჩუქნის“.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ი. პ–ს მიერ შ. ა–ზე ნარკოტიკული საშულების გასაღების ფაქტი, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. პ–მა შ. ა-ს, მისივე თხოვნით, ხელი შეუწყო და მასაც დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, კერძოდ, მასთან ერთად წავიდა ფ–ში ნარკოტიკის საყიდლად.
11. შესაბამისად, უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ი. პ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ი. პ–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
12. ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ი. პ–მა ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება არის ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და ი. პ–ს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით…... ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, §§65,66, ECtHR, 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ანი ხახანაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი ი. პ–ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე