საქმე # 330100121004773758
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№360აპ-23 ქ. თბილისი
ა. ნ., 360აპ-23 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ, რომელსაც ეკისრება მტკიცების ტვირთი, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა ნ. ა-ს ბრალეულობა; დაზარალებული - ნ. გ. არის მიკერძოებული, რამეთუ მსჯავრდებული მისი მეუღლის მიერ დაზარალებულია, ხოლო მოწმეები, რომლებმაც მისცეს ნ. ა-ს მამხილებელი ჩვენებები, სამსახურებრივად არიან ნ. გ-ზე დამოკიდებულნი, რაც საეჭვოს ხდის მათ განმარტებებს. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ნ. ა-ს კვლევა შეფასდა, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა ნ. ა-ს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში. ნ. ა. იმყოფებოდა თუ არა ფიზიოლოგიური აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ, ემოციურ მდგომარეობაში, დადგინდება მისი სტაციონარული გამოკვლევის შემდეგ, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნ. ა-ს შერაცხადობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ გაქარწყლდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის საუარესოდ გადაწყვიტეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით ნ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 500 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა.მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 11 მაისს, დილის საათებში, .... ყოფნისას, ნ. ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. გ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში და ძლიერად მოქაჩა თმა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ ორ საკვანძო საკითხს - ჩაიდინა თუ არა ნ. ა.მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და უნდა შეერაცხოს თუ არა მას ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლებზეც აპელირებდა კასატორი სააპელაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ არის დადგენილი ნ. ა-ს ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2021 წლის 11 მაისს, დილით, ... ყოფნისას, ნ. ა-მ თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მოქაჩა თმა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი; მოწმეების გ. ფ-ს, ხ. გ-ს, ლ. კ-სა და ი. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ისინი არიან დაზარალებულის თანამშრომლები, შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ შეესწრნენ, როგორ შეიჭრა აგრესიულად განწყობილი ნ. ა. ნ. გ-ს სამსახურში, თმაში სწვდა მას და რამდენჯერმე დაარტყა თავში მუშტი, ხოლო მოწმე ს. ჯ-ს განმარტებით, მან დაინახა, როგორ აყენებდა ნ. ა. ნ. გ-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც სხვა თანამშრომლები ცდილობდნენ, დაემშვიდებინათ მსჯავრდებული და გაერიდებინათ იგი შემთხვევის ადგილიდან, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან ისეთ უტყუარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ნ. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით გაჩენილ ეჭვებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი საექსპერტო კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8). ხაზგასასმელია, რომ კვალიფიციური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მხოლოდ გაცხადებული ეჭვების საფუძველზე მსჯავრდებულის შეურაცხაობის საფუძვლით მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე მსჯელობა უსაფუძვლო და გაუმართლებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი