საქმე # 330100120003576571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№362აპ-23 ქ. თბილისი
პ–ი გ., 362აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიასა და მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ და მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა.
2. კასატორი - ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში და რელევანტური სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა; კასატორი აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ირინა აბდულაიევამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა - დაზარალებულის განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას, შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც სანდო მტკიცებულებად მიიჩნია სასამართლომ, ძალადობის ამსახველი ფოტოსურათებისა და მიმოწერების დათვალიერების ოქმები, ასევე - მოწმეების: ლ. ტ.-ო–ის, დ. ო–სა და ქ. ზ–ს მამხილებელი განმარტებები საკმარისია წარდგენილი კვალიფიკაციებით გ. პ–სის დამნაშავედ ცნობისათვის.
3. კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. პ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება უტყუარად არ ადასტურებს გ. პ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენას; დაზარალებულმა ი. ა–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო მოწმე ლ. ტ.-ო–ს განმარტებები არადამაჯერებელია და ვერ დაედება საფუძვლად განაჩენს; დაზარალებულის მიერ გ. პ–ს მხილება განაპირობა მათ შორის არსებულმა საოჯახო და ქონებრივმა დავამ, რომელიც მსჯავრდებულის დაკავების შედეგად, ირინა აბდულაიევამ თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა; საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. პ–ი ხასიათდებოდა დადებითად, ოჯახთან ჰქონდა იდეალური ურთიერთობა, იყო კარგი მეუღლე და მზრუნველი მამა.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. პ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. 2017 წლის 17 მაისს ქ.თ–ში, გ–ს ქუჩაზე მდებარე ბინაში, გ. პ–მა იძალადა ორსულ მეუღლეზე - ი. ა–ზე, კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკებისას არაერთხელ დაარტყა მუშტი მკერდის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. 2018 წლის 28 იანვარს ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, „..... თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბინაში, გ. პ–მა იძალადა მეუღლეზე - ი. ა–ზე, კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკებისას არაერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.3. 2018 წლის 10 თებერვალს ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, „.......ის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბინაში, გ. პ–სმა იძალადა მეუღლეზე - ი. ა–ზე, კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკებისას ფეხსაცმლის ქუსლი ჩაარტყა შუბლის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4.4. 2020 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათიდან 11:30 საათამდე პერიოდში, ქ. თ–ში, ხ–ს ქ. №..-ის მე-.. სადარბაზოში მდებარე №.. ბინაში, გ. პ–სმა იძალადა არასრულწლოვან შვილზე - დ. პ–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ბარძაყზე, რა დროსაც ბავშვი ფიზიკური ტკივილის გამო ტიროდა და ითხოვდა შველას.
5. გ. პ–სს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 მაისის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 17 იანვრის ეპიზოდი).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით გ. პ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 17 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 საათით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ გ. პ–ს მჯავრდება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ირინა აბდულლაიევამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც შეუძლებელს ხდის დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია სხვა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა - მოწმეების: ლ. ტ.-ო–ს, დ. ო–ს, ქ. ზ–ს, გ. ო–სა და ნ. ც–ს ჩვენებები, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, თანდართული ოქმით და სხვა უტყუარი სამხილები, რომლებიც საკმარისია 2017 წლის 17 მაისს ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებაში გ. პ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
12. ბრალდების მხარის მტკიცებასთან მიმართებით, რომ თითქოსდა საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდნენ უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გ. პ–ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმდებების ჩადენაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები დიდწილად შეეხება მხოლოდ 2017 წლის 17 მაისის ძალადობის ფაქტს, რომლის ჩადენაშიც გ. პ–სი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული, ხოლო სხვა ბრალდებები, რომელთა ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავებოდა გ. პ–ს, იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულმა ი. ა–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, ფაქტობრივად დაუსაბუთებელია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიასა და მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი