საქმე # 330100121005133035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №91აპ-23 ქ. თბილისი
ხ. ვ., 91აპ-23 24 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ხ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ხ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებით მოითხოვს ვ. ხ.ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ვ. ხ.ს დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა; ზ. მ-ს ნაწილობრივ ცრუ და არათანმიმდევრული ჩვენების გარდა, რომელიც მან ვ. ხ.ს წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი თავისათვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მისცა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ხ.ს ბრალეულობა; ე. თ. მოკლა არა ვ. ხ-მ, არამედ - თვითონ ზ. მ-მ; საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უმრავლესობა, მათ შორის: ვ. ხ.ს მოწმის სახით გამოკითხვა, ისევე როგორც მისგან ნიმუშების აღება და მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები - ჩატარებული და შედგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ეს მტკიცებულებები და მათ შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, დაუშვებელია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ვ. ხ-ს ჰქონდა ე. თ-ს ვალი.
2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არის დაუშვებელი, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
ვ. ხ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით;
ვ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 30 მაისიდან.
გაუქმდა ვ. ხ.ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ზ. მ, - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
ზ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 30 მაისიდან.
გაუქმდა ზ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ხ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხოლო ზ. მ-მ - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.
ვ. ხ.სა და ზ. მ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ვ. ხ-თან ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი ე. თ., ბოლო პერიოდში მას სთხოვდა იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში სხვადასხვა საჭიროებისთვის დაახარჯა, რაც შეადგენდა - 8000 (რვა ათასს) ლარს.
იმის გამო, რომ ვ. ხ-ს არ სურდა აღნიშნული თანხის დაბრუნება, განიზრახა ე. თ-ს მკვლელობა, რისი სისრულეში მოყვანის მიზნით, 2021 წლის 26 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, .... მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტო სახელოსნოში, ვ. ხ-მ, ,,ჰონდას" მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც თვითონ მართავდა, მიაკითხა ე. თ-ს და წავიდნენ თ-ს ..... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ღამით, დაახლოებით 23:20 საათზე, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ ე. თ-ს ჩაეძინა, რა დროსაც მათთან მივიდა ვ. ხ-სვთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი ზ. მ. და ჩაძინებული ე. თ. ვ. ხ-მ. თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაიყვანა გ-ს მასივში ნაქირავებ საცხოვრებელ ფართში. მათ, თავისივე ავტომანქანით უკან გაჰყვათ ზ. მ-ც. სახლში მისვლისას, ვ. ხ-მ ზ. მ-ს თანდასწრებით, ძლიერ ნასვამ და უგონო მდგომარეობაში მყოფ ე. თ-ს ზეწრებით შეუკრა ხელ - ფეხი, რომ არ მისცემოდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, შემდეგ სახეზე დააფარა ბალიში, რის შედეგადაც ე. თ. გარდაიცვალა.
მეორე დღეს, ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მიზნით, ვ. ხ-მ ზ. მ-თან ერთად, გარდაცვლილ ე. თ-ს გვამი მოათავსა ზ. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი „toyota voxy-ს" მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით .... და გვამი გადაიტანეს დ-ს რაიონის სოფელ გ-ს ტერიტორიაზე არსებულ დაუსახლებელ ადგილზე, სადაც გადააგდეს ხრამში, ხოლო ზეწარი და ბალიში კი დაწვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე. თ-ს სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, მოგრძო ტვინის ღეროვანი ნაწილის ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის (ქალასარქველის მოტეხილობა) შედეგად თავის ტვინში სისხლჩაქცევით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, მსჯავრდებულ ვ. ხ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ და მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ-მ.
- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. ხ.ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ ვ. ხ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-ა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ხ.ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
- მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ვ. ხ.ს დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ. თ-ს ჩვენებით, ბრალდებულ ზ. მ-ს მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, მოწმეების: თ. თ-ს, ა. ბ-ს, ლ. ა-ს, ნ. ჩ-ს, ნ. ყ-ს, ა. ზ-ს, ნ. ლ-ს, გ. ნ-ს, ი. ა-ს, მ. თ-ს, ს. ა-ს, ვ. კ-ს, ს. ო-სა და სხვათა ჩვენებებით, ავტომანქანის დათვალიერების 2021 წლის 29 მაისის ოქმით, 2021 წლის 29 და 30 მაისის ამოღების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 30 მაისის ოქმით, ზ. მ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 30 მაისის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 24 აგვისტოს დასკვნით, ე. თ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 12 სექტემბრის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 15 ოქტომბრის დასკვნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2021 წლის 30 სექტემბრისა და 2021 წლის 5 ოქტომბრის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ხ.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. დაცვის მხარის მტკიცებასთან მიმართებით, რომ ზ. მ-მ ვ. ხ.ს მამხილებელი ნაწილობრივ ცრუ ჩვენება მისცა მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების სურვილით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მით უფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, §40-41).
11. განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ზ. მ-ს მამხილებელი ჩვენება არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულება ვ. ხ-ს მსჯავრდებისათვის, ვინაიდან იგი გამყარებულია და დასტურდება ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ზემომითითებული სხვა, პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით, ხოლო ზ. მ-ს ჩვენების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მისი ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულად თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზ. მ. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდა თავიდანვე, გამოძიების ეტაპზე, რა დროსაც ასევე ამხელდა ვ. ხ-ს და უთითებდა სასამართლოსათვის მიწოდებულ იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა თანაბრალდებული და ასევე ის მოწმეები, რომლებიც ვ. ხ.ს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ზ. მ-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი არ გააჩნია.
12. დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უმრავლესობა წარმოებულია კანონდარღვევით, რის გამოც ისინი დაუშვებელი მტკიცებულებებია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე და, შესაბამისად, არ არსებობს მათი დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ხ.სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი