საქმე # 150100122005865358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №90აპ-23 ქ. თბილისი
ჯ–ი რ., 90აპ-23 24 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, სრულიად საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოწმეების - მ. მ–ს, პ. ს–სა და ლ. ა–ს ჩვენებები, რ. ჯ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი და სხვა მტკიცებულებები; ასევე, გასათვალისწინებელია ოჯახური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საგამონაკლისო შემთხვევაში შესაძლებელია ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ჯ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რ. ჯ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- რ. ჯ–მა, რომელსაც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევად, 2021 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.ა–ში, თავისუფლების ქუჩა N.., ბინა N..-ში თავის დროებით საცხოვრებელში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- რ. ჯ–მა, რომელსაც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევად, 2022 წლის 7 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ა–ში, თ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2022 წლის 7 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ა–ში თ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში, თავის დროებით საცხოვრებელში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, ნასვამი რ. ჯ–სი, მას შემდეგ, რაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. მ–ს, მასვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აივნიდან გადაგდებითა და მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით რ. ჯ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
რ. ჯ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
გაუქმდა რ. ჯ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს ბრალდების არცერთ ეპიზოდთან მიმართებით არ აქვს წარმოდგენილი რ. ჯ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ნ. მ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - რ. ჯ–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავდროულად, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
10. რაც შეეხება მოწმეთა: მ. მ–ს, პ. ს–სა და ლ. ა–ს ჩვენებებს, მ. მ–ი და პ. ს–ი, გადმოსცემენ ინფორმაციას ბრალდების 2021 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომ იმ დღეს ნახეს დაზარალებული ნ. მ–ა, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ტიროდა, მაგრამ ისინი ვერ უთითებენ რ. ჯ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ვინაიდან არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; ლილი ახმადოვა ინფორმაციას ფლობს ბრალდების 2022 წლის 7 მაისის ეპიზოდთან მიმართებით, კერძოდ, იგი განმარტავს, რომ 2022 წლის 7 მაისს, თავის მეზობლად მცხოვრებ ნ. მ–სა და რ. ჯ–ს კამათის ხმაზე, შევიდა მათ სახლში, რათა დაეწყნარებინა ისინი, მაგრამ მისი თანდასწრებით რ. ჯ–ს არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დაზარალებულისათვის არ მიუყენებია, არც დამუქრებია მას. რაფიგი საუბრობდა უკრაინაზე, ხმამაღლა იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, რის შემდეგაც დაზარალებული გავიდა სახლიდან. ამდენად, არც მითითებული მოწმე არ არის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რ. ჯ–ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემულია 2021 წლის 7 ნოემბერს, რომელიც სრულიად არაინფორმატიულია და არ უკავშირდება ბრალდების არცერთ ეპიზოდს. მხოლოდ დაზარალებულის სამედიცინო - ექსპერტიზის დასკვნა (გაცემულია ბრალდების 2022 წლის 7 მაისის ეპიზოდთან მიმართებით), რომლითაც, მართალია, დადგენილია, რომ დაზარალებულს ტუჩზე აღინიშნებოდა დაზიანება, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ჯ–სის მხრიდან დაზარალებულზე მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი