Facebook Twitter

საქმე # 080141323007112449

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№291-23 ქ. თბილისი

ბ. თ., 291-23 23 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ვანო ალუღიშვილის

მსჯავრდებულ - თ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-

ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 14 თებერვლის განაჩენით თ. ბ., - დაბადებული 19.. წლის 24 აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 15 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ა“, „ვ“, „თ“ პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმით თ. ბ.ს საბოლოოდ განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2001 წლის 8 მარტიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ.ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლითა და 3 თვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ.ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით თ. ბ. შეწყალებულ იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს - 2026 წლის 8 მარტს.

6. 2023 წლის 6 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ბ.მ და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ გავრცელდა.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ბ.მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე პრეზიდენტის შეწყალების აქტით დადგენილი მოსახდელი სასჯელის ვადის - ¼-ით შემცირება, რაც შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის №81-23 გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.

3. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ვენეციის კომისიის 2013 წლის დასკვნას, რომელიც ეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ამნისტიის, შეწყალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება კანონიერად მიიჩნევა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში და პირდაპირ აღნიშნულია ზოგიერთ საერთაშორისო - სამართლებრივ დოკუმენტში. კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში წევრ სახელმწიფოთა მიმართ (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ განსაზღვრულია, რომ ამნისტიის, შეწყალების ან მსგავსი ღონისძიებების გარდა, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალას უკარგავს სასამართლო გადაწყვეტილებებს. წინამდებარე რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის მიერ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დროს საქმის ხელახლა განხილვის პროცესში. სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, დაუშვებელია. თუმცა, ეს დანაწესი არ ართმევს კანონმდებელს უფლებამოსილებას - შეცვალოს არსებული კანონმდებლობა ან მიიღოს ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიყენოს. აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა არ უნდა გააუქმონ სასამართლო გადაწყვეტილებები კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეებზე, თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, ამნისტიისა და შეწყალების აქტები, კომპენსაციის გადახდა პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე ან სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და მისი გამართლება მაღალ ჰუმანურ პრინციპებში გამოიხატება.

4. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ.ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით თ. ბ. შეწყალებულ იქნა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან - 2026 წლის 8 მარტიდან.

6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის №81-23 და 2023 წლის 20 მარტის №141-23 განჩინებები), რომ ამჟამად, თ. ბ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან როდესაც პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება მიიღო, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი. უვადო სასჯელმა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 1 აგვისტოდან პროგნოზირებული სახე მიიღო და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე თ. ბ-ს სამართლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად შეიცვალა, გახდა განსხვავებული იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის ფაქტობრივ გარემოებებსაც შეესაბამება განსახილველი სისხლის სამართლის საქმე.

7. იმის მხედველობაში მიღებით, რომ თ. ბ.ს სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის - ვადის დასასრულს წარმოადგენს 2026 წლის 8 მარტი, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან (ე.ი დროიდან, როდესაც განჭვრეტადი გახდა სასჯელის ფაქტობრივად მოხდის თარიღი) 2026 წლის 8 მარტამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენს - 9 წელს, 7 თვესა და 7 დღეს, საკასაციო სასამართლოს ამნისტიის ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიაჩნია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის დანაწესის გავრცელება მსჯავრდებულ თ. ბ-ს მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ.ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2026 წლის 8 მარტი და მსჯავრდებული თ. ბ. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს - 2023 წლის 13 ოქტომბერს.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინება გაუქმდეს;

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად მსჯავრდებულ თ. ბ.ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 აგვისტოს განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2026 წლის 8 მარტი და მსჯავრდებული თ. ბ. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს - 2023 წლის 13 ოქტომბერს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი