საქმე # 330100120003512922
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1189აპ-22 ქ. თბილისი
შ–ა ნ., №1189აპ-22 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ - გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ნ. შ–ა, - დაბადებული 1.... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;
1.2. ა. ქ–აა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;
1.3. გ. კ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის;
1.4. ბრალდებულთა ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. შ–მ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, სიცოცხლისათვის სახიფათო მრავლობითი დაზიანება მიაყენა გ. ბ–სა და ა. შ–ს, რომლებსაც სიცოცხლე შეუნარჩუნდათ დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრნენ გ. კ–ა და ა. ქ–აა, რომლებმაც დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ნ. შ–სიას მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე;
2.2. ნ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვით;
2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ნ. შ–ა სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 7 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
2.4. გ. კ–აა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
2.5. ა. ქ–აა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა მოითხოვა ნ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. კ–სა და ა. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ნ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5.2. გ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
5.3. ა. ქ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ნ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. კ–სა და ა. ქ–აას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ნ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘ა“ქვეპუნქტით, ხოლო გ. კ–ს და ა. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობას შეამოწმებს სწორედ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული კვალიფიკაციით ქმედებების დაკვალიფიცირებისთვის.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. შ–ს, გ. კ–სა და ა. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გამართლებულთა მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
9. საქმეში არსებული მტკიცებულებების (მოწმეების: ა. შ–ს, გ. ი–ს, ვ. გ–ს, მ. ჭ–ს, ი. გ–ს, აგრეთვე, გამომძიებლებისა და ექსპერტთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმების, ამოღების ოქმის, ამოცნობის ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმების, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის) გაანალიზების შედეგად, დგინდება, რომ 2019 წლის 3 დეკემბერს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაპირისპირებული პირები: ერთ მხარეს - გ. ბ–სი, ა. შ–ე და გ. ი–ი, ხოლო მეორე მხარეს - ნ. და ი–ი შ–ები. მათ შორის დაწყებული საუბარი გადაიზარდა ჩხუბში. გ. ბ–მა და ა. შ–მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ნ. შ–ს მიერ ცივი იარაღის - დანის გამოყენების შედეგად. სადავო გარემოებას წარმოადგენს მოქმედებდა თუ არა ნ. შ–ა აუცილებელი მოგერიების მდგომარებაში და შესაბამისად, მისი ქმედება იყო თუ არა მართლსაწინააღმდეგო.
10. საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ კონფლიქტის დროს გ. ბ–მა ცეცხლსასროლი იარაღის ტარი ჩაარტყა ი. შ–ს, ხოლო შემდეგ ი–ი და ნ. შ–ების მიმართულებით გაისროლა, თუმცა ნ. შ–სიას ტყვია არ მოხვედრია. ამის შემდეგ გ. ბ–მა კვლავ სცადა იარაღის გადატენვა, მაგრამ მეორე გასროლამდე, ნ. შ–მ თანნაქონი დანით დაზიანებები მიაყენა გ. ბ–სა და ა. შ–ს.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ. შ–ა მოქმედებდა როგორც საკუთარი, ისე ძმის - ი. შ–ს სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ნ. შ–ა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა როგორც გ. ბ–სთან, ისე ა. შ–სთან მიმართებით. მართალია, უშუალოდ ა. შ–სეს არ გამოუყენებია იარაღი, მაგრამ ისიც ჩართული იყო ფიზიკურ დაპირისპირებაში და მოქმედებდა გ. ბ–სთან ერთად, ერთიანი განზრახვით. შესაბამისად, ნ. შ–სა და ი. შ–ს სიცოცხლისათვის საფრთხის წყაროს წარმოადგენდა ორივე თავდამსხმელი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ნ. შ–სიას მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედება. სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–სა და ა. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ნ. შ–ს მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება მოკლებულია შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
13. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრის მოთხოვნას აფუძნებს იმავე მსჯელობასა და არგუმენტებს, რაც მითითებული აქვს სააპელაციო საჩივარში და რაზეც სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ - გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე