საქმე # 080100114003226010
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№261აპ-23 ქ. თბილისი
ღ.ი. 261აპ-23 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი. ღ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ღ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2013 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 04:20 საათზე, ქ. ქ–ში, ..........ის გამზირის №..-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ი. ღ–სე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვ. მ–სის კუთვნილ 1400 ლარად ღირებულ „ჟიგულის“ მარკის „ვაზ 2106“ მოდელის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომერი .......).
2.2. 2013 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 04:20 საათზე, ი. ღ–სე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ფარულად დაუფლებული ვ. მ–ს კუთვნილი „ჟიგულის“ მარკის, „ვაზ 2106“ მოდელის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას შეამჩნიეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა. იგი სატრანსპორტო საშუალებით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც გაუფრთხილებლობით დააზიანა ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით:
3.1. ი. ღ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
3.2. გამართლებულ ი. ღ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ი) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 01 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან უზნაძე ითხოვდა ი. ღ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ქეთევან უზნაძემ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. ღ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.
6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებული ი. ღ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც პროკურორი ითხოვს ი. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველით დამნაშავედ ცნობას, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც ი. ღ–ს გამართლება განაპირობეს.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ი. ღ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველით წარდგენილი ბრალდების - ქურდობისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა, რომ 2013 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 04:20 საათზე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ი. ღ–ე ფარულად დაეუფლა ვ. მ–ს კუთვნილ ავტომანქანას, გადაადგილდებოდა ამავე ავტომაქანით და 2013 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 04:20 საათზე პოლიციის თანამშრომლების შემჩნევისას შეეცადა აღნიშნული ავტომანქანით მიმალვას, რა დროსაც გაუფრთხილებლობით დააზიანა იგი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ღ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება ორი მოწმის - ლ. ჯ–სა და ვ. ფ–ს ჩვენებებს, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ დაინახეს ი. ღ–ე, რომელიც მართავდა ფარულად დაუფლებულ ავტომანქანას, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პარალელურად დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებმა - გ. ხ–მ და თ. ხ–მ სასამართლო სხდომაზე მიცემული თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისი ჩვენებებით კატეგორიულად გამორიცხეს ი. ღ–ს დანაშაულის ადგილზე ყოფნა და განმარტეს, რომ იმ დროს, როდესაც ბრალად წარდგენილი დანაშაულები მოხდა, იგი სახლში იმყოფებოდა.
12. ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდებოდა ი. ღ–ს მხრიდან ქურდობისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტი. ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას ქმნიდა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს.
13. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი ........) წინა მარცხენა სავარძლის საზურგე ნაწილის შალითის ზედაპირზე აღმოჩენილი შავი ფერის შალის ბოჭკოს მიკრონაწილაკები და ი. ხ–ს (გვარის შეცვლის შემდეგ - ღ–ე) ქურთუკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი შავი ფერის შალის ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარეობრივი ნიშნებით: ბუნებით, ფერით, ფერის ტონალობით და ბოჭკოს სტრუქტურით. იმ ვითარებაში, როცა დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ, ხოლო ექსპერტიზის ჩამტარებელი პირი ე. კ. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ი. ხ–ს (გვარის შეცვლის შემდეგ - ღ–ე) ტანსაცმელი სერიული წარმოებისაა, ამდენად, შესაძლოა, იგივე წარმოების ტანსაცმელი სხვასაც ჰქონდეს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება ი. ღ–ს მსჯავრდების საფუძველი.
14. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №..... დასკვნით დადგენილია, რომ 2013 წლის 23 ნოემბერს, ქ. ქ–ში, ..........ის გამზირი №..-დან ვ. მ–ს კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-2106“-ის (სახელმწიფო ნომერი: ........) ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანის წინა მარცხენა და წინა მარჯვენა სავარძლებიდან ამოღებული 2 სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ბრალდებულ ი. ხ–სგან (გვარის შეცვლის შემდეგ - ღ–ე) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მართალია ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების არაიდენტურობა ბრალდებულისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშთან a priori არ ნიშნავს ბრალდებული პირის უდანაშაულობას, ვინაიდან ექსპერტიზის შედეგები უკავშირდება სუნის კვალის წარმოქმნის პროცესის თავისებურებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, საქმის კონკრეტულ გარემოებებთან, მათ შორის - დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებთან ერთობლიობაში, განამტკიცებს სასამართლოს დასკვნას ი. ღ–ის უდანაშაულობის თაობაზე. ამ კონტექსტში სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ბიოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნაც, რომლის თანახმადაც, გამოსაკვლევად წარმოდგენილ სიგარეტის ნამწვზე ი. ღ–სის ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა.
15. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას ი. ხ–ს (გვარის შეცვლის შემდეგ - ღ–ე) სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბურები და დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე ბ. ბ–ს ჩვენება. მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ იგი ი. ღ–ს მეზობელია. 2013 წლის 19-21 ნოემბრის შუალედში მან და ი. ღ–მ იჭიდავეს, სწორედ მაშინ იტკინა მარცხენა ფეხი ი–მ. ამ კონტექსტში სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მართალია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ი. ღ–ს ფეხზე (მუხლის არეში) აღენიშნებოდა კანის დაზიანება, რომლის ზედაპირზე შეიმჩნეოდა სისხლის კვალი, თუმცა ი. ღ–სგან ამოღებულ ტანსაცმელზე რაიმე კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა (არც მექანიკური და არც ლაქების სახით).
16. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ი. ღ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ი. ღ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე