საქმე # 330100122005678930
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №14აპ-23 ქ. თბილისი
ფ. ი. 14აპ-23 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ფ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 მარტისა და 2022 წლის 11 მარტის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 7 მარტს, თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსის, ბინა N..-ში ი. ფ–ე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს–ს, რის შემდგომაც კონფლიქტის ამოწურვამდე სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მ. ს–ს, რომელსაც თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2022 წლის 11 მარტს, დაახლოებით 10:30 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსის, ბინა N..-ში, ი. ფ–ე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
3.1. ი. ფ–სე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
3.2. ი. ფ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
3.3. ი. ფ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 11 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
4.1. მსჯავრდებულ ი. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმება და ი. ფ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.2. ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ფ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. ფ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში და მიაჩნია, რომ 2022 წლის 11 მარტს ი. ფ–ე მ. ს–ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ი. ფ–ს უდანაშაულობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მ. ს–სმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ი. ფ–ს წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა 2022 წლის 11 მარტის ეპიზოდში ბრალდების დასაბუთებულობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე და საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმე ნ. ბ-ს ჩვენება, მოწმეების - მ. გ–სა და მ. ს–ს გამოკითხვის ოქმები, N..... შეტყობინება, N....... შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი) რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ფ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
10. პატრულ-ინსპექტორ ნ. ბ–ს ჩვენებით 2022 წლის 11 მარტს, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან - მ. გ–სესთან ერთად გამოცხადდა თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსის, ბინა N..-ში, სადაც ისინი ესაუბრნენ მ. ს–სს, რომელიც იყო აღელვებული, შეშინებული და ტიროდა. დაზარალებულმა მათ განუცხადა, რომ მისი მეუღლე - ი. ფ–ე იყო აგრესიული, ყვიროდა და დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებული შეშინებული იყო და ბრალდებულთან იცავდა დისტანციას. დაზარალებულმა მიუთითა, რომ დანა, რომლითაც მეუღლე დაემუქრა კომპიუტერის მაგიდაზე იდო. შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება და განვითარებული მოვლენები სრულად არის ასახული სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერზე.
11. ანალოგიურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს მოწმე მ. გ–ე. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მოწმე მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2022 წლის 11 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მეწყვილესთან - ნ. ბ–თან ერთად. პატრულირებისას, რადიოსადგურ „ცენტრის“ საშუალებით შევიდა შეტყობინება, თ–ში, ვ–ს მე-.. მ/რ, მე-.. კორპუსის, ბინა N..-ში მუქარის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გამოცხადნენ ადგილზე, სადაც დახვდათ მ. ს–ი და მისი მეუღლე - ი. ფ–სე. ბინაში იმყოფებოდა აგრეთვე მათი მცირეწლოვანი, სამი თვის შვილი. მ–ი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე - ი. ფ–ე სახლში დაბრუნდა გაღიზიანებული და სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი, რის შემდეგაც დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. თავად მარიამს ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და ასევე იძახდა, რომ შეეშინდა მუქარის, აგრეთვე აცხადებდა, რომ დანა, რომლის დემონსტრირებითაც მეუღლე ემუქრებოდა, კომპიუტერისთვის განკუთვნილ მაგიდაზე იდო.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
13. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოწმეების - ნ. ბ–სა და მ. გ–ს ჩვენებების ნაწილი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისგან გახდა ცნობილი, თუმცა მათი ნაამბობი, ასევე, ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს, (რა მდგომარეობაში დახვდათ დაზარალებული შემთხვევის ადგილზე შეტყობინებიდან მცირე დროში მისვლისას). მოწმე ნ. ბ–ს ჩვენება იმ ნაწილში, სადაც მან აღწერა შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება, მათ შორის მ. ს–ს ემოციური მდგომარეობა წარმოადგენს პირდაპირს, ხოლო მოწმე მ. გ–ს გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, სადაც მან განმარტა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ შეეშინდა, ასევე წარმოადგენს პირდაპირს.
14. N.......... შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ 2022 წლის 11 მარტს ი. ფ–ე მეუღლეს - მ. ს–ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერისა და ორდერზე თანდართული ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულმა მ. ს–მა. შემაკავებელი ორდერის ოქმში კითხვაზე: „მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია“ მონიშნულია პასუხი „კი“. კითხვაზე: „მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და მოკვლით ცეცხლსასროლი იარაღის, დანის ან სხვა ნივთის (რომელსაც შეეძლო სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა) გამოყენებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“ მონიშნულია პასუხი „კი“ და მითითებულია, რომ მოძალადე 2022 წლის 11 მარტს მსხვერპლს დაემუქრა დანით, სიცოცხლის მოსპობით.
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი ან/და ის მტკიცებულებები, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული, დაცვის მხარის მიერ არ იქნება უდავოდ ცნობილი (არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ უკავშირდება დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და შესაბამისად - სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული - დაუშვებელია გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ: შემაკავებელ ორდერის შემთხვევაში - დაზარალებულის) დაკითხვის და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს N619აპ-22 განჩინება).
16. სასამართლო ითვალისწინებს რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მართალია ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, მაგრამ იმავდროულად: ერთის მხრივ მას არ უარყვია გამოკითხვის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციის სისწორე და იმავდროულად სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ სცნო სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები - მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, რომელიც შეიცავს დანაშაულის აღწერას.
17. უდავო მტკიცებულებით - სამხრე კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2022 წლის 11 მარტს, ი. ფ–ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ს–ს. ფაქტია ისიც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ. ს–მა მიუთითა დანაზე, რომლითაც ემუქრებოდა მას ი. ფ–სე. აღნიშნული დანა ამოიღეს დათვალიერებისას და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა თავად დაზარალებულმა.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ი. ფ–ს ძმის - გ. ბ–ს ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით. გ. ბ–ს ჩვენებით, მ–ს მისი თანდასწრებით, სამართალდამცველებისთვის მუქარის თაობაზე არაფერი უთქვამს, თუმცა, საწინააღმდეგოა დადგენილი ჩანაწერების დათვალიერების ოქმით. მოწმისავე ჩვენებით, მისი თანდასწრებით, ი. ფ–ე დაზარალებულს არ დამუქრებია, თუმცა, ამ ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი არაა გამორიცხული მოწმეს ვერ გაეგო მუქარა, რადგან, კონფლიქტის სრულ მიმდინარეობას არ ესწრებოდა.
19. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ი. ფ–სე 2022 წლის 11 მარტს დანის გამოყენებით დაემუქრა დაზარალებულს. იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება მუქარის ჩადენაში, აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ არსებობდეს სუბიექტური კრიტერიუმი, რათა უტყუარად დადგინდეს, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის ამ სავალდებულო ნიშნის ფაქტობრივად (ობიექტური ტესტი) დასადასტურებლად. საქმეში არსებული მტკიცებულებები, ქმედების თანმდევი ქცევისა და დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მუქარა ნორმალური ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა შიშს.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე