საქმე # 140100121004779821
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1114აპ-22 ქ. თბილისი
ნ. ლ. 1114აპ-22 1 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ნ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ნ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ლ. ნ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 16 მარტს, გ–ში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა, 9 მმ კალიბრიანი, დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღი და მისთვის განკუთვნილი, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი 7 ცალ საბრძოლო მასალა - ვაზნა;
2.2. 2021 წლის 16 მარტს, გ–შ–ი, ს–ს ქუჩაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ, 9 მმ კალიბრიან, დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიან 7 ცალ საბრძოლო მასალას - ვაზნას;
2.3. 2021 წლის 16 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ–შ–ი, ს–ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ნ–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 9 მმ კალიბრიანი, დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღიდან, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 7-ჯერ გაისროლა ა. ა–ს მიმართულებით, რა დროსაც ა. ა–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება - ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, წელის მესამე მალის მარცხენა განივი მორჩის მოტეხილობა, მარცხენა თირკმლის, ელენთის, პანკრეასის, დიაფრაგმისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ა. ა–ე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს შპს ,,გ–ს“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ლ. ნ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, ლ. ნ–სს საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქა წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენითა და 28 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 17 მარტიდან;
3.6. მსჯავრდებულ ლ. ნ–სს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ადვოკატმა ლ. ა–მა, რომელმაც მოითხოვა ლ. ნ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ადვოკატმა ზ. გ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელიც ითხოვს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად, ხოლო დაშვების შემთხვევაში - უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
6.2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს ადვოკატის - ზ. გ–ს შუამდგომლობა ახალი დამატებით მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს ლ. ნ–ს გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე - ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებას.
9. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ლ. ნ–სმა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ლ. ნ–ს მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმე ხ. ლ–ს ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N........., ბალისტიკური ექსპერტიზის N...., სამედიცინო ექსპერტიზის N....., ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნებს, და სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ. ნ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ჩადენას.
10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადვოკატმა ზ. გ–მა საკასაციო საჩივრის ძირითად ნაწილად წარმოადგინა ადვოკატ ლ. ა-ს მიერ გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლომ კი გასაჩივრებულ განაჩენში პასუხი გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
10.2. რაც შეეხება ადვოკატ ზ. გ–ს მტკიცებას, რომ გამოძიებამ მიზანმიმართულად არ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება - არ დანიშნა სათანადო ექსპერტიზები (მაგალითად: არ ჩაატარა ექსპერტიზა ტანსაცმელზე, იმისათვის რათა დადგენილიყო მეტალიზაციის კვალი, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულს ჰქონდა იარაღი; ავტომანქანიდან ამოღებულ მასრაზე არ ჩატარებულა კვლევა მასზე მიწის კვალის აღმოსაჩენად, თუ ის მსჯავრდებულმა შემთხვევის ადგილიდან წამოიღო), საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ი 38-ე მუხლის დანაწესს და იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი); საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორიც არ უთითებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკასაციო საჩივარში მითითებული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).
10.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაცვის მხარე კასატორის მიერ დამატებით წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენებს და აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ით საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო, მეორე მხრივ, საკასაციო წარმოების ფარგლებში საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას; კასატორის მიერ მითითებული განაჩენები განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ლ. ნ–სათვის წარდგენილ ბრალთან მიმართებით ირელევანტურია (მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენში ზ. ფ–ს და შ. ქ–ს მიმართ სასამართლო მსჯელობს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობასა და უტყუარობაზე და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უპირობოდ ვერ დგინდება, რომ ავტომანქანაში მსხდომი პირები - ზ. ფ–ი და შ. ქ–ი აუცილებლად შენიშნავდნენ და მათ უნდა სცოდნოდათ მათთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირის - ლ. ნ–ს მიერ 2021წლის 16 მარტს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა-ტარების და ა. ა–ს მკვლელობის მცდელობა და უთითებს, რომ „საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება უნდა შეფასდეს არა ლ. ნ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების დადასტურების პრიზმიდან, არამედ მისგან დამოუკიდებლად“ ( გვ.14).
10.4. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).
11. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე