Facebook Twitter

საქმე # 080100122005913388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №646აპ-23 ქ. თბილისი

მ–ე ვ., 646აპ-23 29 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამასთან, სასამართლომ ვ. მ–ს ბრალდებიდან უკანონოდ ამოურიცხა დანაშაულის ჩადენა გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. მ–მ ჩაიდინა: გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას,

ვ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათიდან - 03:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. წ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელში, ვ. მ–მე გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა უ–ს რესპუბლიკის მოქალაქეებს - ი. კ–სა და ა. დ–ს, რის შედეგადაც ორივე მათგანს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 03:00 საათიდან - 03:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ვ. მ–მე გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, უ–ს რესპუბლიკის მოქალაქეების - ა.დ–ს და ი. კ–ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის კუთვნილ, ქ.წ–ში, ...........ის ქუჩის №........-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ვ. მ–ე, - დაბადებული 19. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი; სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ. მ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 15 მაისიდან - 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდი), შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ვ. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ამავე განაჩენით სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად არ მიიჩნია ვა. მ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირინე მჟავიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. მ–სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ხასიათისა და შედეგის, ასევე - მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (ვ. მ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ ვ. მ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, ვ. მ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა დანაშაულების გენდერისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის თაობაზე მითითება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. შესაბამისად საკასაციო პალატა მითითებულ მოტივს ვერ მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი