საქმე # 330100122005470374
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №158აპ-23 ქ. თბილისი
გ. ბ. 158აპ-23 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ ბ. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 17 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში, შემოსასვლელ დერეფანში და მისაღებ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბ. გ–სმა მეუღლის - ნ. ბ–სის მიმართ იატაკზე დაგდებით და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ფეხების და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით იძალადა, რის შედეგადაც ნ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის 3 დეკემბერს, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში, მისაღებ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. გ–სა მეუღლის - ნ. ბ–ს მიმართ სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით, კარადაზე მიჯახებითა და კარადის კარის თავში მრავალჯერადი დარტყმით იძალადა, რის შედეგადაც ნ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2021 წლის 3 დეკემბერს, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში, მისაღებ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. გ–მა მეუღლის - ნ. ბ–ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოჭრიდა ყელს, რის შედეგადაც ნ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2021 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 21:58 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბ. გ–მა სატელეფონო კომუნიკაციის დროს და პირადად მეუღლეს - ნ. ბ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოჭრიდა ყელს, რის შედეგადაც ნ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბ. გ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ბ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული 4 წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ბ. გ–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. მსჯავრდებულ ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 26 დეკემბრიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. პროკურორმა გიორგი ნადირაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს–მ და ა. შ–მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ბ. გ–სის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
6.1. პროკურორი გიორგი ნადირაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ბ. გ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილთან(2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) ერთად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 3 დეკემბრისა და 25 დეკემბრის ეპიზოდები) და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6.2. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ს–ა და ა. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ბ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ბ. გ–ს ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, დაცვის მხარე კი ბ. გ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. გ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 3 დეკემბრისა და 25 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ ვინაიდანბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. გ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 3 დეკემბრისა და 25 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებების - მის მიერ 2021 წლის 3 დეკემბერს მეუღლის ნ. ბ–სის მიმართ ძალადობისა და 2021 წლის 3 დეკემბრის და 25 დეკემბრის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ ნ. ბ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა); დაზარალებულის ჩვენებისგან განსხვავებულად აღწერენ 2021 წლის 3 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე არსებულ სიტუაციას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები: თ. გ.ა და ე. თ., რომლებმაც განმარტეს, რომ 2021 წლის 3 დეკემბერს გამოძახებაზე მისულებს ადგილზე დახვდათ პაციენტი ნ. ბ–სე კვებითი და ალკოჰოლით გამოწვეული ინტოქსიკაციით. მოწმეთა განმარტებით სხეულით დაუფარავ ადგილებზე სახეზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, სახე იყო ოდნავ გაწითლებული და შეშუპებული, რაც დამახასიათებელია ინტოქსიკაციისათვის. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან წინააღმდეგობაშია სსიპ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნა(ნ. ბ–სის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება მის მიერ მითითებულ ძალადობის თარიღს - 3 დეკემბერს) და ნ. ბ–სის კუთვნილი „აიფონ XS” მოდელის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი(ბ. გ–ს მხრიდან მიმოწერისას არ მომხდარა სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის დაზიანების მუქარა). ამასთან, ბრალდების მხარის მოწმე (გამომძიებელი . თ–ი) არ არის შემთხვევის (2021 წლის 3 დეკემბრის ძალადობის ან 2021 წლის 3 დეკემბრისა და 25 დეკემბრის მუქარის ფაქტების) თვითმხილველი, უშუალოდ მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია, აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 3 დეკემბრისა და 25 დეკემბრის ეპიზოდები) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ნ. ბ–სის, მოწმეების: ხ. გ–სა და თ. კ–ს ჩვენებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, ბ. გ–სის მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების - მეუღლის ნ. ბ–სის მიმართ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია - ჩადენა.
11. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ნ. ბ–სის ჩვენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება 2021 წლის 17 ნოემბერს გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, ბ. გ–მა თმებში მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით დაანარცხა იატაკზე, ხოლო შემდეგ წიხლებითგანაგრძო ცემა, იქამდე სცემა, სანამ იძულებით არ აღიარებინა, რომ ძალადობა თავად დაიმსახურა იმის გამო, რომ მეუღლეს არ ემორჩილებოდა. თითოეული დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი, მთელს სხეულზე, განსაკუთრებით მარჯვენა მკლავზე, ჰქონდა ძალადობით გამოწვეული სისხლნაჟღენთები. შიშის ფაქტორიდან გამომდინარე ვერავის გაუმჟღავნა მომხდარი ფაქტი, ამიტომ ცდილობდა სხეულზე არსებული დაზიანებები ტანსაცმლით დაეფარა, თუმცა ძალადობიდან 2-3 დღეში მათთან სტუმრად მისულმა მეგობარმა ხ. გ–იმა მაინც შენიშნა მკლავზე დაზიანებები და დასვა კითხვა დაზიანებების წარმოშობაზე. ბ. გ–სმა დაზარალებულს არ მისცა უფლება მეგობრისთვის გაენდო ძალადობის ფაქტი. დაზიანებების სიმრავლიდან და სიმძიმიდან გამომდინარე ხ. გ–იი დაეჭვდა და არაერთხელ იკითხა, რა იყო დაზიანენბების მიზეზი), რომელიც გამყარებულია მოწმე ხ. გ–იის ჩვენებით. ფიზიკური ძალადობიდან მალევე, ხ. გ–მა ნახა ნ. ბ–სე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სტუმრად მყოფ მეგობარს, ბ. გ–სმა დაუდასტურა, რომ სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები ნ. ბ–მ მასთან კამათის დროს, ხელის კვრის შედეგად მიიღო. ამასთან, ძალადობით გამოწვეული სტრესი, შფოთვა, დეპრესია, ფსიქოლოგიური ტანჯვა დადასტურებულია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N............ დასკვნით. ფსიქოლოგიური გამოკვლევით დადგინდა მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის ძალადობრივ ქცევასა და მსხვერპლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შორის.
12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. რაც შეეხება კასატორი პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). გასაჩივრებული განაჩენით ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით(დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძისა და მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე