Facebook Twitter

საქმე # 330100118002502160

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1135აპ-22 ქ. თბილისი

ბ. რ.1135აპ-22 15 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ბ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. რ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით;

1.2. ნ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის - სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით რ. ბ–სა და ნ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. რ. ბ–მა, კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით, თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ. მ–ს, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რასაც ინახავდა თავად. მასსა და მ. მ–სს შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ. ბ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ, ერთობლივად განიზრახეს, რომ მ. მ–სის დისკრედიტაციის მიზნით, მოეხდინათ ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ ,,...........-ის’’ საშუალებით გავრცელება.

2017 წლის 5 დეკემბერს, რ. ბ–სმა, მ. მ–სის პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელ „.........-ის’’ მომხმარებელის ,,R. M–i-ის’’ სახელით რეგისტრირებულ გვერდზე, განათავსა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი. ა–მ, რომელიც ამავე ქსელში დარეგისტრირებულია ,,I. A–a-ს’’ სახელით, 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და გაავრცელა თავის ,,..........“ გვერდზე, იმავდროულად, ი. ა–ს მიერ ხსენებული ჩანაწერის აღწერისას, მითითებული იქნა მ. მ–ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებამ და შემდგომში რ. ბ–ს და ი. ა–ს მიერ სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ. მ–სის პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მას მიადგა მორალური ზიანი.

2.2. რ. ბ–სმა კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ. მ–ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის - ნ. ბ–სათვის.

ნ. ბ–სი, იმყოფებოდა რა კონფლიქტურ ურთიერთობაში მ. მ–სთან, შურისძიებისა და ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის მიზნით, განიზრახა მოეხდინა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ ,,......-ის’’ საშუალებით გავრცელება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვალს, ნ. ბ–სმა საკუთარ ,,......-ის’’ გვერდზე - პროფილის სახელით - „K. M–d’’, განათავსა რ. ბ–ს მიერ გადაღებული ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი.

ნ. ბ–სის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ. მ–სის პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მას მიადგა მორალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით:

3.1. ნ. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი;

3.2. რ. ბ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ბ–სს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.2.4. სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან (საბოლოო სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის ვადა).

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ნ. ბ–ს მიმართ სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო რ. ბ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით.

4.2. მსჯავრდებულმა ნ. ბ–მა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ნ. ბ–სმა და მოითხოვა, რომ ბრალდების მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრიე განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. პროკურორი ნათია თათიაშვილი ითხოვს ნ. ბ–სის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო რ. ბ–ს მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობით;

6.2. მსჯავრდებული ნ. ბ–ი ითხოვს გამართლებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ნ. ბ–ს მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, ხოლო რ. ბ–ს მიმართ სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებული ნ. ბ–ი - მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8.1. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა ნ. ბ–მა მსჯავრად შერაცხული დანაშაული, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, სამართლიანია თუ არა მის მიმართ შეფარდებული სასჯელი; რ. ბ–ს უნდა დაენიშნოს თუ არა სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელმაც ნ. ბ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობა, ასევე - მოტივაცია, თუ რატომ არ დაუნიშნა სასჯელი რ. ბ–ს განაჩენთა ერთობლიობით.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის - მსჯავრდებულ ნ. ბ–ს მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სადავო ვიდეოჩანაწერი მას არ გაუვრცელებია (არ აუტვირთია სოციალურ ქსელში) და გამოაქვეყნა თავად დაზარალებულმა, რომელსაც ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივი და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სოციალურ ქსელს პროფილის სახელით - „K. M.-ი’’ იყენებდა ნ. ბ–სი და სადავო ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა IP მისამართიდან, რომელიც ემთხვევა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის მისამართს.

10.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი) და მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი). დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56).

10.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ნ. ბ–ი საჩივარში ზოგადად უთითებს შურისძიების მოტივით დაზარალებულის მიერ მისი სოციალური ქსელის უკანონო გამოყენებასა და სადავო ვიდეოს გამოქვეყნებაზე (დაზარალებული მ. მ–სი მისი სოციალური ქსელით სარგებლობდა, ამასთან, უთითებს, რომ მათ შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იგი მ. მ–სს საკუთარი სურვილით არ დაუთმობდა ტელეფონს), რაც არ არის გამყარებული მტკიცებულებით - დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება თავისი პოზიციის დასადასტურებლად, იმავდროულად, საქმეში არ იკვეთება გარემოება, რაც შექმნიდა დაზარალებულის მიერ საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საფუძვლიან ეჭვს, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მსჯავრდებულის პოზიცია.

10.3. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მისი (მსჯავრდებულის) და მისი ოჯახის პირადი საქმეები/პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა დაზარალებულმა მ. მ–სმა, რომელიც მასზე ასევე ძალადობდა, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, შესაბამისად, აღნიშნულზე სასამართლო ვერ იმსჯელებს განსახილველი საქმის ფარგლებში. იმავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ–ს უფლება აქვს მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუ თვლის, რომ მის მიმართ მ. მ–ს მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშულის ჩადენას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებული ნ. ბ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების - თავისუფლების აღკვეთის შეფარდების - თაობაზე და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას რ. ბ–სის მიმართ სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას და ითვალისწინებს, რომ:

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განაჩენით რ. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 27,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე.

12.2. რ. ბ–სი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 13 ოქტომბერს (სასჯელის მოხდით); შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო პირობით მსჯავრდებული, ხოლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. მიუხედავად აღნიშნულისა:

12.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით (მსჯავრდებულ რ. ბ–ს მონაწილეობის გარეშე) დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის - დ. ნ–ს წარდგინება მსჯავრდებულ რ. ბ–ს მიმართ, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განაჩენით რ. ბ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, მიექცა აღსასრულებლად.

12.4. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი - თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 7 ივნისს გააუქმა და მიაქცია აღსასრულებლად; იმავდროულად, აღნიშნული საკითხი სასამართლომ განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ რ. ბ–ს მონაწილეობის გარეშე (განჩინების გასაჩივრების ვადად განისაზღვრა 10 დღე (ერთჯერადად)), რომელსაც გასაჩივრების უფლებით ჯერ (ამ დრომდე) არ უსარგებლია, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას რ. ბ–ს მიმართ სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის თაობაზე და იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. ბ–ს საბოლოო სასჯელი არ უნდა დაენიშნოს, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით - განაჩენთა ერთობლიობით.

12.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ვინაიდან რ. ბ–სი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლევად - 2014 წლის 24 აპრილისა და 2022 წლის 20 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენებით, უპირობოდ არსებობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნის საფუძველი და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „დაუსრულებელი სამართალწარმოებისას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია მხოლოდ ისეთ განაჩენთან ერთობლივად, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოოც (გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის რეალური საფრთხე, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21, II-9). „მსჯავრდებულის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, .. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს განაჩენის აღსრულების წესს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021წლის 16 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 1014აპ-21, II-10).

14. ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის მიზნებისათვის წინა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება მისი გასაჩივრების ყველა შესაძლებლობის ამოწურვას. როდესაც ბოლო განაჩენის გამოტანისას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს, პირველი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას გააჩნია საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N635აპ-22, პ.4.3).

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილი წესი გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არამედ - შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. კასატორის მიერ ბოლო განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება არ წარმოადგენს ყველა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისა და აღსრულებისათვის გამოსადეგ საპროცესო მექანიზმს, ვინაიდან ამისათვის არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმეზე N 635აპ-22, პ. 4.4).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე