საქმე # 160100122006269123
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №354აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ფ. 354აპ-23 31 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ–ს სოფელ ა–ში მდებარე ბ–ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მიიჩნევდა, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება, არ ეპასუხა მეუღლის სატელეფონო ზარებზე, ფ. ბ–მა მარცხენა სახის არეში ხელის გარტყმით, თმების მოქაჩვითა და იატაკზე თავის არაერთჯერადად დარტყმით, ფიზიკურად იძალადა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ჯ. მ–ს მიმართ, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ–ს სოფელ ა–ში მდებარე ბ–ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ფ. ბ–მა სიტყვებით: „თუ ბოდიშს არ მომიხდი, თავს მოგაჭრი“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ჯ. მ–ს, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2022 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, მ–ს სოფელ ა–ში მდებარე ბ–ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლის ცემის გამო შენიშვნით განაწყენებულმა ფ. ბ–მა, თავში მუშტის ჩარტყმით და მარჯვენა მკლავზე კბენით ფიზიკურად იძალადა, მამის - გ. ბ–ს მიმართ, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2022 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, მ–ს სოფელ ა–ში მდებარე ბ–ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფ. ბ–სმა სიტყვებით: „ჯ. მ–სას დაცვის გამო მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - გ. ბ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ფ. ბ–სი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ჯ. მ–ს ეპიზოდი);
3.2. ფ. ბ–სი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ჯ. მ–ს ეპიზოდი);
3.3. ფ. ბ–სი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (გ. ბ–ს ეპიზოდი);
3.4. ფ. ბ–სი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (გ. ბ–ს ეპიზოდი);
3.5. გამართლებულ ფ. ბ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ფ. ბ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა - ჯ. მ–მ და გ. ბ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (ჯ. მ–მ - მეუღლის, გ. ბ–მა -შვილის) - ფ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, გამომძიებლების: რ. ბ–ს, ქ. ჰ–ს ჩვენებები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულად ადასტურებენ ფ. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას და ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
12. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ. ბ–სის ქმედებებით დაზარალებულებისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... და .......... დასკვნებით არ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეპიზოდებში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, მოწმეები - რ. ბ–ე და ქ. ჰ–ი უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ირიბი ჩვენებებია, რომელთა გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
16. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტების 2022 წლის 2 სექტემბრის ოქმებზე, მართალია, დაზარალებულებმა მიუთითეს თავიანთ საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე, სადაც ფ. ბ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულების (მოწმის) ჩვენების - მათ მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა ჯ. მ–სამ და გ. ბ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება ფ. ბ–ს მიერ დაზარალებულებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულების მიერ მუქარის რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულების მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.
18. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის; საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე