საქმე # 330802223007115896
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№32I-23 ქ. თბილისი
ს. ფ. 32I-23 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ს–სის(F.S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. ქ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ. ს–სის(F.S.) მიმართ გერმანიაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2016 წლის 8 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სალზგითერის სასამართლოს მიერ გამოცემულია ფ. ს–ს (F.S.) დაპატიმრების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში;
2016 წლის 22 აგვისტოდან ფ. ს–სი(F.S.) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ფ. ს–სის(F.S.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 7 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ს–ი(F.S.);
2022 წლის 9 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ფ. ს–სის(F.S.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 20 000 ლარი, რომლის სრულად გადახდის შემდგომ, 2022 წლის 10 ნოემბერს ფ. ს–სი(F.S.) გათავისუფლდა პატიმრობიდან;
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ფ. ს–სის(F.S.) ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;
2023 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. ს–სის(F.S.) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - საექსტრადიციო პატიმრობით და ფ. ს–სის(F.S.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 2 თებერვალს, გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ს-ში, დაზარალებული შ–ი დაუკავშირდა ბრალდებულ ტ–დ ი–ს, რათა ამ უკანასკნელისგან პირადი მოხმარების მიზნით შეეძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ტ. ი–მ დაზარალებულს განუმარტა, რომ მის წამოსაყვანად, ავტომობილით გამოაგზავნიდა ბრალდებულ ატაჩს და ეს უკანასკნელი მიიყვანდა დაზარალებულს ტ. ი–თან. შეთანხმების შესაბამისად, 18:00 საათზე ატაჩი ფ. ს–სთან(F.S.) და კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად მივიდა დაზარალებულის წასაყვანად. დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ფ. ს–სის(F.S.) და სხვა თანმხლებ პირს ასევე სურდათ მარიხუანას შეძენა, რის შემდგომაც ჩასვეს ფ. ს–სის(F.S.) მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. აღნიშნულმა პირებმა, თითქოს, მარიხუანას ერთად მოწევის მიზნით, დაზარალებული მიიყვანეს ლ–ს ტყესთან განთავსებულ ავტოპარკში. აღნიშნულ ადგილას მისვლის შემდგომ, ფ. ს–სის(F.S.) თანამზრახველმა დაზარალებულს ძლიერად დაარტყა საფეთქლის არეში და მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაკარგა გონება და დაეცა მიწაზე. ფ. ს–სიმ(F.S.) და მისმა თანამზრახველებმა გონებადაკარგულ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული შეიყვანეს ტყის შუაგულისკენ, სადაც მას ჯგუფურად, დანის გამოყენებით მოსთხოვეს მისი კუთვნილი ნივთებისა და ფულადი თანხის გადაცემა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ თან არ ჰქონდა ფულადი თანხა, რის შემდგომაც ფ. ს–მ (F.S.) და მისმა თანამზარხველმა დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადეს, მიაყენეს მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები და ფ. ს–სის(F.S.) თანამზრახველმა დანის გამოყენებით სახის არეში მიაყენა დაზიანება, რის შემდგომაც დაზარალებულმა კვლავ დაკარგა გონება. აღნიშნულის შემდგომ ფ. ს–სი(F.S.) და მისი თანამზრახველი დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 750 ევროს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
4. 2023 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ფ. ს–სის(F.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სალზგითერის სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისს გამოცემულ ფ. ს–ს(F.S.) დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ს–სის(F.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სალზგითერის სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისს გამოცემულ ფ. ს–ს(F.S.) დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ს–სის(F.S.) ადვოკატი - ხ. ქ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის ფ. ს–სის(F.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები არაა საკმარისი პირის მიმართ ექსტრადიციის განსახორციელებლად. ბრალდება შესაძლოა იყოს ხანდაზმული ან ამნისტირებული, რაც ასევე გაურკვეველია და მასალებით არ დგინდება;
6.2. დაცვის მხარის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაცვის მხარემ მოიპოვა და წარადგინა წერილობითი მტკიცებულება, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ფ. ს–სის(F.S.) მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ. სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა;
6.3. დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ადმინისტრაციული სარჩელი, სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრაციის შესახებ ცნობა და სასამართლო უწყება, რითიც დასტურდება, რომ ფ. ს–სის(F.S.) სარჩელი, სადაც მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მიღებულია წარმოებაში განსახილველად. დავის საგანია ფ. ს–სათვის(F.S.) თავშესაფრის მიცემა, ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი ალბათობით დაემუქრება საფრთხე, ასევე დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.
6.4. დაცვის მხარის განმარტებით ფ. ს–სის (F.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები. ფ. ს–სთან (F.S.) მიმართებით ასევე ირღვევა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი(საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), რადგან პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ადმინისტრაციულ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია თავშესაფარი, მართლმსაჯულება არ განხორციელებულა, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი; ფ. ს–ს(F.S.) ექსტრადიცია შეუსაბამოა ასევე ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ფ. ს–სის(F.S.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ს–სი(F.S.) 2022 წლის 7 ნოემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე(223-ე მუხლი); ექვსი თვიდან 10 წლამდე(224-ე მუხლი) და სამი თვიდან 5 წლამდე(224-ე მუხლი-ნაკლებად მძიმე შემთხვევებში); 6 თვიდან ხუთ წლამდე(249-ე მუხლი) და 1-დან 10 წლამდე(250-ე მუხლი).
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ფ. ს–სის(F.S.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ფ. ს–სათვის(F.S.) ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2015 წელს, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ფ. ს–სის(F.S.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.
6.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ფ. ს–სის(F.S.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ფ. ს–სის(F.S.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ პირის მიმართ იგივე ქმედებებთან დაკავშირებით განაჩენი დამდგარია მესამე სახელმწიფოში, პირის ექსტრადიცია ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში შესაძლებელია, თუკი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული, რომლისთვისაც პირის მიმართ განაჩენი გამოტანილია მესამე სახელმწიფოში, მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ფ. ს–სის(F.S.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-3 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისს მიღებულია გამამართლებელი განაჩენი, თუმცა ფ. ს–სათვის (F.S.) ბრალად წარდგენილი ქმედება მთლიანად ჩადენილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამასთან, საექსტრადიციო მასალებში წარმოდგენილი ბრაუნშვაიგის პროკურატურის მთავარი პროკურორის წერილით ირკვევა, რომ გერმანიას ფ. ს–სის (F.S.) მიმართ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმე არ გადაუცია თურქეთისათვის, არ მიუმართავს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით თურქეთისათვის და ექსტრადიციის მოთხოვნა ძალაშია(იხ. საექსტრადიციო მასალების ტ.1, ფ. 14; საექსტრადიციო მასალების ტ. 2, ფ. 220-222)
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ფ. ს–სი(F.S.) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ფ. ს–სი(F.S.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - გერმანია.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 27 დეკემბერს ფ. ს–სის(F.S.) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. დაცვის მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
8.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებები ვერ შეაფერხებს პირის ექსტრადიციას, ვინაიდან მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო - გერმანია მოითხოვს. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, მესამე ქვეყნად ისეთი ქვეყნის მიჩნევაზე სადაც არ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
9. სასამართლო ერთი მხრივ ეთანხმება კასატორის, რომ “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე.
10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
11. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელზეც ვრცელდება „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაცემას ითხოვს ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა „რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების ( როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.
14. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ფ. ს–სი(F.S.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.
15. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა ფ. ს–სის (F.S.) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს ( იხ. მაგ. განჩინება №2I-20 , 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.
17. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს ფ. ს–სის(F.S.) მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დაცვის მხარისვე განმარტებით მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ გერმანიაში. შესაბამისად, მისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
19. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
19.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ს–სის (F.S.), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სალზგითერის სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისს გამოცემულ ფ. ს–სის(F.S.) დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის II ნაწილთან და 52-ე მუხლთან ერთობლიობაში 223-ე მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება), 224-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 249-ე მუხლით (ყაჩაღობა) და 250-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების აქტის პირველ, 105-ე და 108-ე პარაგრაფებთან ერთობლიობაში, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ს–სის(F.S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე