Facebook Twitter

საქმე # 330802223007293612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№33I-23 ქ. თბილისის

ი. ჰ. 33I-23 29 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი–სის (H.Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და ი. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. ი–სის (H.Y.) მიმართ ავსტრიის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2021 წლის 22 თებერვალს ავსტრიის რესპუბლიკის კორნოიბურგის სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემულია ჰ. ი–სის (H.Y.) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, ჰ. ი–სი (H.Y.) ბრალდებულია ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით (უცხოელის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სულ მცირე, სამი პირის მიმართ, ისეთი სახით, რაც უცხოელისთვის ქმნიდა გაუსაძლის პირობას და რაც მის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს);

2021 წლის 15 მარტიდან ჰ. ი–სი (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უნგრეთის რესპუბლიკის და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ი–ი (H.Y.);

2023 წლის 2 მარტს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ჰ. ი–ს (H.Y.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2023 წლის 3 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ი–ს (H.Y.) ექსტრადიციის თაობაზე ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;

ამჟამად, ჰ. ი–სი (H.Y.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

ჰ. ი–ს (H.Y.) ბრალი ედება მასში, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს, ა–ს რესპუბლიკაში, ან დ–სა და სხვა ადგილებში, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველთან ერთად რ–ს რესპუბლიკიდან ა–ს რესპუბლიკაში უკანონოდ გადაიყვანა 43 მიგრანტი. კერძოდ, ჰ. ი–სმა (H.Y.) მიგრანტები განათავსა სატვირთო ავტომობილის ძარაზე, ღირსების შემლახველ პირობებში, რაც ქმნიდა მათი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს. ამასთან, ტრანსპორტირების პროცესში ჰ. ი–სი (H.Y.) მუდმივად უკავშირდებოდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს.

4. 2023 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ჰ. ი–სის (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის კორნოიბურგის სასამართლოს მოსამართლის მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემულ ჰ. ი–სის (H.Y.) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით (უცხოელის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სულ მცირე, სამი პირის მიმართ, ისეთი სახით, რაც უცხოელისთვის ქმნიდა გაუსაძლის პირობას და რაც მის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს);

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ი–სის (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის კორნოიბურგის სასამართლოს მოსამართლის მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემულ ჰ. ი–სის (H.Y.) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით (უცხოელის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სულ მცირე, სამი პირის მიმართ, ისეთი სახით, რაც უცხოელისთვის ქმნიდა გაუსაძლის პირობას და რაც მის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს);

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი–სის (H.Y.)) ადვოკატები - ს. კ–ე და ი. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის ჰ. ი–სის (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. ავსტრიის რესპუბლიკაში ჰ. ი–სის (H.Y.) ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი, კერძოდ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ი–სის (H.Y.) მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები, მის სიცოხლეს დაემუქრება საფრთხე და იგი დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას;

6.2. დაცვის მხარის შეფასებით, ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ ავსტრიის რესპუბლიკაში არსებობს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით(სამართლიანი სასამართლოს უფლება) გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხე.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

8. ამასთან, საექსტრადიციო მასალებში წარმოდგენილია უნგრეთის დებრეცენის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ჰ. ი–ს (H.Y.) საერთაშორისო დაკავების ორდერი, რომლის საფუძველზეც უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სისხლის სამართლის დეპარტამენტმა მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპულ კონვენციაზე მითითებით მოითხოვა ჰ. ი–ს (H.Y.) ექსტრადიცია, რომლის მიმართაც უნგრელი სამართალდამცავი ორგანოები დევნას აწარმოებენ(იხ.: საექსტრადიციო მასალები ტ.2, ფ. 199-204). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ჰ. ი–ს (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იმსჯელებს ჰ. ი–სის (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხზე.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უნგრეთის რესპუბლიკის და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ი–სი (H.Y.). წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით (უცხოელის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სულ მცირე, სამი პირის მიმართ, ისეთი სახით, რაც უცხოელისთვის ქმნიდა გაუსაძლის პირობას და რაც მის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით - თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვიდან ხუთ წლამდე და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ჰ. ი–სს (H.Y.), განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ჰ. ი–სათვის (H.Y.) ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2020 წელს, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.

6.2. ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჰ. ი–ს (H.Y.) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა - 10 წელი არ არის გასული ავსტრიის რესპუბლიკის კანონმდებლობით (სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის 3 პუნქტის მიხედვით).

6.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - ავსტრიის რესპუბლიკის, ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ჰ. ი–ს (H.Y.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ჰ. ი–სის (H.Y.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. ი–სი (H.Y.) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ჰ. ი–სი (H.Y.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - ავსტრია.

8.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ს–ში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება, რომ ჰ. ი–სის (H.Y.) ექსტრადიციას მოითხოვს მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო - ა–ს რესპუბლიკა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჰ. ი–სის (H.Y.) ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს ანდა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ავსტრიის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ჰ. ი–სის (H.Y.) უფლებების დარღვევის საფრთხე.

11. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

12. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ავსტრიის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელზეც ვრცელდება „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა–ს რესპუბლიკა არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და მასზე ვრცელდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დადგენილი მოთხოვნები და მონიტორინგის მექანიზმები. შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში ს–ს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაცემას ითხოვს ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა „რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების ( როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.

16. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ი–სი (H.Y.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.

17. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა ჰ. ი–სის (H.Y.) ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.

18. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ჰ. ი–სის (H.Y.) მიმართ ა–ს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს ( იხ. მაგ. განჩინება №2I-20 , 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.

20. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;

21.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ი–სის (H.Y.), ავსტრიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ავსტრიის რესპუბლიკის კორნოიბურგის სასამართლოს მოსამართლის მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემულ ჰ. ი–სის (H.Y.) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში საემიგრაციო პოლიციის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტის მე-2 ნაწილით (უცხოელის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სულ მცირე, სამი პირის მიმართ, ისეთი სახით, რაც უცხოელისთვის ქმნიდა გაუსაძლის პირობას და რაც მის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი–სის (H.Y.) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. კ–სა და ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე