საქმე # 170100121004708398
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №220აპ-23 ქ. თბილისი
მ-ე გ. 220აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე, გ. მ-მა და გ. მ-მ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ-ში მდებარე მ. ბ-ს კუთვნილ საქონლის სადგომში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ სამ ცხვარს, რითაც მ. ბ-ს მიადგა სულ ერთიანად 1100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2018 წლის ივნისში, დღის დროს, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, გ. მ-მ მოატყუა დ. ძ-ე, რომ დ. ჩ-ს კუთვნილი კაკლის ხეები ეკუთვნოდა მას, მისცა მოჭრის ნებართვა და აღნიშნული ხეების დ. ძ-ზე გასხვისების გზით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დ. ჩ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან კაკლის ხუთ ხეს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 175000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
· 2018 წლის ივნისში, დღის დროს, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, გ. მ-მ მოატყუა დ. ძ-ე, რომ ნ. მ-ს კუთვნილი კაკლის ხეები ეკუთვნოდა მას, მისცა მოჭრის ნებართვა და აღნიშნული ხეების დ. ძ-ზე გასხვისების გზით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ. მ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან კაკლის ექვს ხეს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 15000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ე.წ. „დ. ჩ-ს“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2.2. გ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ნ. მ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2.3. გ.მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე.წ. „დ. ჩ-ს“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინამდებარე განაჩენით გ. მ-ს მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.5. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2020 წლის 12 ივლისიდან იმავე წლის 14 ივლისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2021 წლის 21 აგვისტოდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სასჯელი - 45 დღე.
2.6. გაუქმდა გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები - გირაო 2000 ლარი და გირაო 10000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ქურდობა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მ. ბ-ს ეპიზოდი
7.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მ. ბ-ს სახლის ეზოს დათვალიერების ოქმით; სახლის ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ნიმუშის აღების ოქმებით; ამოცნობის ოქმებით; ავტომანქანის ამოღების ოქმებით; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით; ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; თავად მსჯავრდებულ გ. მ-ს, დაზარალებულ მ. ბ-ს და მოწმეების - მ. ც-ს, მ. პ-ს, თ. მ-ს, მ. ა-ს, ვ. ქ-სა და ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმებით; გ. მ-სა და გ. მ-ს ნერწყვის ნიმუშებით; ცხვრებიდან აღებული ბიოლოგიური მასალით; ერთი ლაზერული დისკით; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. მ-ს მიმართ (უდავო მტკიცებულებები), მსჯავრდებულ გ. მ-ს ჩვენებით (რომლის თანახმად, 2020 წლის 9 ივნისს გ. მ-თან ერთად მოიპარა 3 ცხვარი სოფელ ღ-დან, რაზეც წინასწარ შეთანხმდნენ; 1 სული დაკლეს მდინარე ა-ზე, ხოლო 2 სული ჰყავდა სახლში, რომლებიც მანქანით ტრანსპორტირებისას დააკავეს) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება გ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. ნ. მ-სა და დ. ჩ-ს ეპიზოდები
8.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ. ბ-ს ჩვენებით, მოწმეების - დ. ქ-ს, მ. მ-ს გ. ხ-ს, რ. კ-ს, ბ. ი-ს, მ. ქ-ს, უ. ხ-ს, გ. კ-ს, თ. დ-ს, ლ. ბ-ს, ნ. ქ-ს, ნ. მ-ს, დ. ჩ-ს, კ. გ-ს და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის ... დასკვნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს ზიანის გაანგარიშების უწყისით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს წერილით, მიღება-ჩაბარების აქტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბრის და 2021 წლის 6 აპრილის წერილებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოწმეების - ჩვენებებით, ხის მორების დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმით, დ. ჩ-ს ეზოს დათვალიერების ოქმითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ 2018 წლის ივნისში თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში გ. მ-მ მოატყუა დ. ძ-ე, რომ იმ დროისთვის სხვაზე (ვ. კ-ს სახელზე) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში არსებული კაკლის ხეები და ნ. მ-ს კუთვნილი კაკლის ხეები ეკუთვნოდა თვითონ, მისცა მოჭრის ნებართვა და აღნიშნული ხეების დ. ძ-ზე გასხვისების გზით ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა პირველი მიწის ნაკვეთიდან კაკლის ორ ხეს, ხოლო ნ. მ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან - კაკლის ერთ ხეს.
8.2. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული კაკლის ხეების ღირებულება თითოეულ შემთხვევაში აჭარბებდა 10000 ლარს და შესაბამისად, ქმნიდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დიდ ოდენობას.
8.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დ. ჩ-თვის 175000 ლარის ოდენობით, ხოლო ნ. მ-თვის 15000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ თავად დაზარალებულთა განმარტებები, რომ მიადგათ დიდი ოდენობით ზიანი. ამასთან, არცერთმა მათგანმა არ იცის, კონკრეტულად რა ღირებულებისაა გ. მ-ს მიერ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან დაუფლებული კაკლის ხეების ღირებულება. ნ. მ-ე აცხადებს, რომ მისთვის მიყენებული ზიანი პოლიციამ დათვალა, ხოლო დაზარალებულ დ. ჩ-ს განმარტებით, მან გამომძიებელთან ერთად გახსნა ვებგვერდი „მაიმარკეტი“ და იქ ნახეს ფასები, როგორც ახსოვს, თითო ხე შეაფასეს 10000 დოლარად, 5 - 175000 ლარად. მან ნათლად მიუთითა, რომ ღირებულება მას არ დაუდგენია და ეს საკითხი არცაა მისი დასადგენი. სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, კომპეტენტური პირის ან ორგანოს მიერ გაცემული შეფასება, რაც კონკრეტულად მიუთითებდა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, საქმეში არ არის წარმოდგენილი.
8.4. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ სამმართველოში მსგავსი ხასიათის ექსპერტიზა არ ტარდება და ექსპერტიზის დასკვნები, რაც იქნებოდა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის უტყუარად დადგენის თვალსაზრისით, მოცემულ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
8.5. რაც შეეხება პროკურორ გიორგი სახიაშვილის აპელირებას, რომ როგორც გ. მ-გან კაკლის ხეების შემძენმა პირმა დ. ძ-მ განაცხადა, იგი მსჯავრდებულისგან ერთ კუბურ მეტრ კაკლის ხეს 100 აშშ დოლარად ყიდულობდა, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაშიც, შეუძლებელია დადგინდეს უშუალოდ დ. ჩ-ს ან ნ. მ-თვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, თითოეული დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული კაკლის ხეები იქნებოდა აზომილი და მ3-ში დაანგარიშებული.
8.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულების მიერ საკუთარ ვარაუდებზე დაფუძნებული ჩვენებები გ. მ-თვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც სათანადო ნივთიერი მტკიცებულებები და არც წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ გ. მ-ე დაეუფლა დ. ჩ-სა და ნ. მ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას. განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მტკიცების მაღალი სტანდარტით იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი