გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-792-ბ-29-03 17 დეკემბერი, 2003 წ., 25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ბ-ე-ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინების ბათლად ცნობის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. თებერვალში ლ. ბ-ე-ჩ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ჯ. კ-ას მიმართ 1993წ. 20 აგვისტოს ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების, ბინიდან გამოსახლებისა და ანაბარზე არსებული თანხების დაკისრების შესახებ.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხე ჯ. კ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების და ბინიდან გამოსახლების ნაწილში. მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბარამიძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ლ. ბ-ე-ჩ-ი განცხადებით ითხოვს საკასაციო პალატის განჩინების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მას არ ეცნობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის რომ ლ. ბ-ე-ჩ-ის განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ე-ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
2002წ. 29 ნოემბერს გაგზავნილი შეტყობინებებით ლ. ბ-ე-ჩ-ს და ჯ. კ-ას ეცნობათ რომ საქმე განხილული იქნებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.
კასატორ ლ.-ბ-ე ჩ-ის ადვოკატმა მ. მ-მა 2003წ. 15 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილი განცხადებით მიზანშეუწონლად ჩათვალა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშვნა და ითხოვა, რომ დადგენილი ყოფილიყო საქმის ზეპირი განხილვა.
სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხრის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერ წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
ლ. ბ-ე-ჩ-ი და მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ყოფილან მოწვეულნი საკასაციო პალატაში, რადგან საქმე განხილული იყო ზეპირი მოსმენის გარეშე.
მხარეებს ეცნობათ, რომ საქმე განხილული იქნებოდა მათ დაუსწრებლად. სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რადგან მხარის მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვის თაობაზე შეტყობინების მიუღებლობა სსკ-ს 422-ე მუხლის თანახმად საერთოდ არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტლების ბათილად ცნობის საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ე-ჩ-ის განცხადება საკასაციო პალატის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.