Facebook Twitter

საქმე # 180100121005049159

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №249აპ-23 ქ. თბილისი

ც-ი დ. 249აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძისა და მსჯავრდებულ დ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ც-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით; მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 22 მარტს, დილის საათებში, მ-ს რაიონის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ. ც-მა ეჭვიანობის ნიადაგზე, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ხ. ე-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ ა-ში მყოფი დ. ც-ი ამავე სოფელში მყოფ მეუღლეს - ხ. ე-ს დაუკავშირდა ტელეფონის ნომერზე ... და ეჭვიანობის ნიადაგზე, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ. ე-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

2.1. დ. ც-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. დ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან - 2022 წლის 4 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით განსაზღვრული (შემცირებული) 45 დღე.

2.4. გაუქმდა დ. ც-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. დ. ც-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. დ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. დ. ც-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან - 2022 წლის 4 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 აგვისტოდან იმავე წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით; ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით განსაზღვრული (შემცირებული) 45 დღე.

3.5. დ. ც-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 ლარი.

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. შ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენის გაუქმება და დ. ც-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

6.1. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი - გოჩა ცინცაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მეუღლის - ხ. ე-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას.

6.2. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

6.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ხ. ე-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

6.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეებმა - მ. ჭ-მ და ნ. ჭ-მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შვილისა და შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

6.6. N2075439 შეტყობინების თანახმად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა მოქალაქე ხ. ე-ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლე დ. ც-ი აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

6.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, 09.08.2021 წ. მოქ. ხ. ე-ს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება. 2021 წლის 7 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების თანახმად ხ. ე-ს არ მიუმართავს არცერთი სამედიცინო დაწესებულებისათვის და არსად არ გადიოდა მკურნალობის კურს.

6.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ. ც-ს მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები; ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა ხ. ე-ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა დაზარალებულზე ძალადობის ფაქტს ადგილი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

6.9. საქმის მასალების მიხედვით, მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა დ. ც-ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დაზარალებულის მიმართ ძალადობისა და მიყენებული ზიანის შესახებ არის თავად დაზარალებული ხ. ე-ი, რომელმაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მსჯავრდებულის ოჯახის წევრების - ნ. და მ. ჭ-ს მსგავსად, სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

6.10. უდაო მტკიცებულებადაა მიჩნეული მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ე. თ-სა და რ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს და აწარმოეს საქმე შემდგომში დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და მწირ ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან, ხოლო მათ არ მოუპოვებიათ სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა დ. ც-ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენაში. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არის ირიბი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

6.11. პროკურორი გოჩა ცინცაძე დ. ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად იშველიებს საქმეში არსებულ დაზარალებულის შეტყობინებას დ. ც-ს მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

8. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დ. ც-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს ზემოაღნიშნულ დანაშაულში დ. ც-ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

9. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დ. ც-ს ბრალდების ეპიზოდი:

9.1. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მუქარის ეპიზოდში მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ც-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში.

9.2. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. ,,ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ,“ (Volodina v Russia), N41261/17, ECHR, 09/07/2019) და ამასთანავე უთითებს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა. სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N269აპ.-22, №1070აპ-22; №1052აპ-22 და №1323აპ-22 გადაწყვეტილებები).

9.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

9.4. მართალია, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა ხ. ე-მა სასამართლოში არ მისცა ჩვენება, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არც ავტომატურად აბათილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აღნიშნული პირის მონაწილეობით შედგენილ და უდავო მტკიცებულებად მიჩნეულ საგამოძიებო თუ სხვა დოკუმენტებში მითითებული გარემოებების სისწორეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №986აპ-21, №1323აპ-22 განაჩენები).

9.5. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული 2021 წლის 7 აგვისტოს დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით) თანახმად, 2021 წლის 7 აგვისტოს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმე ხ. ე-ს თანამონაწილეობით დათვალიერდა მისი კუთვნილი სოცილაური ქსელი ფეისბუქის ,,მესენჯერის“ სასაუბრო ჩატი, სადაც ასახულია ხ. ე-სა და მისი მეუღლის დ. ც-ს მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც დ. ც-ი დაზარალებულს ემუქრება მისი და შვილების სიცოცხლის მოსპობით.

9.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №585აპ-20 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და ადასტურებს, რომ „ა. მ.-მ ხელები მოუჭირა ხელებზე ი. ს.-ს, ყელში მოუჭირა ხელი და ზურგი მიარტყმევინა კედელზე.“ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შემაკავებელი ორდერი ბრალდებულს არ გაუსაჩივრებია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაშიც მუქარის განხორციელების ფაქტი დასტურდება ასევე უდავო მტკიცებულებით - შემაკავებელი ორდერის ოქმით, სადაც მსხვერპლი - ხ. ე-ი აცხადებს რომ დ. ც-ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, შემაკავებელი ორდერი პირდაპირ შეეხება მუქარის ფაქტს და საქმის მასალების მიხედვით, მისი რეალობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

9.7. მსჯავრდებულ დ. ც-სა და დაზარალებულ ხ. ე-ს ზემოაღნიშნული მიმოწერის დათვალიერებით დგინდება, რომ მიუხედავად შეურაცხმყოფელი ტექსტისა, ხ. ე-ი პასუხობს მეუღლეს, თუმცა დ. ე-ის მხრიდან მეუღლის მისამართით ჩადენილი მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ აღარ ფიქსირდება დაზარალებულის საპასუხო მინაწერი, რაც მიანიშნებს მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შემდგომ დაზარალებულში შიშის გაჩენაზე. ამასვე ადასტურებს 2021 წლის 7 აგვისტოს შედგენილ შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოება, რომ მსხვერპლს გააჩნია შიში მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ დანაშაულის ორივე კომპონენტი - მუქარის რეალურად აღქმა და მისი ჩადენის საფუძვლიანი შიშის გაჩენაც სახეზეა, რაც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

10. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენცია“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება. კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, §280).

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათისაა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ც-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძისა და მსჯავრდებულ დ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი