Facebook Twitter

საქმე # 330100119003291740

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №262აპ-23 ქ. თბილისი

ბ-ა კ. 262აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით:

1.1. კ. ბ-ა, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, კ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება.

1.2. კ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

1.3. გაუქმდა კ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის მარტში ააიპ ,,საქართველოს კ-ეს ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა კ. ბ-მ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითური გზით დაუფლებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. 2018 წლის მარტიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით კ. ბ-მ რამდენჯერმე განაცხადით მიმართა ზემოხსენებულ სამინისტროს და მოითხოვა:

1. 2018 წლის 18 აპრილიდან 22 აპრილამდე თ-ში, ქ. ს-ში გასამართ კარატე-დო-ში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

2. 2018 წლის 12 ივლისიდან 15 ივლისამდე თ-ში, ქ.ს-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (International Turkish Open Karate Tournament) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

3. 2018 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისამდე თ-ში, ქ. ს-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (Istambul Open 2018) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

4. 2018 წლის 24 აგვისტოდან 28 აგვისტომდე თ-ში, ქ. ე-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (12th International Palandoken Karate Tournament2018) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

5. 2019 წლის 7 მარტიდან 17 მარტამდე თ-ში, ქ.ს-ში გასამართ საერთაშორისო სპორტულ შეკრებაზე (Karate Training Camp) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

6. 2018 წლის 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე ი-ში, ქ. ვ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (VENICE SENIOR & U21 CUP- CAORLE-2018) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

7. 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე ი-ში, ქ. ტ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (2018 Karate – 1 Premier League Final, Tokyo Budo-kan) კარატეს ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

8. 2019 წლის 12 თებერვალიდან 18 თებერვლამდე დ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (DUBAI 2019 KARATE 1 PREMIER LEAGUE) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

9. 2018 წლის 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე ს-ში, ქ. თ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირის (Open Tbilisi 2018) ჩასატარებლად დაფინანსება;

10. 2018 წლის 24 აპრილიდან 4 მაისამდე ს-ში, ქ.თ-ში კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის სასწავლო-საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად დაფინანსება;

11. 2018 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე ს-ში, ქ. თ-ში, გასამართი საერთაშორისო ტურნირის (GRAND PRIX GEORGIA 2018) ჩასატარებლად დაფინანსება;

12. 2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისამდე ს-ში, ქ.თ-ში, გასამართი საერთაშორისო ტურნირის (Open Georgia 2018) ჩასატარებლად დაფინანსება;

13. 2018 წლის 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე გ-ში, ქ. ბ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (GERMAN OPEN KARATE 2018) საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

14. 2018 წლის 27 4 ივნისიდან 9 ივლისამდე ხ-ში, ქ. უ-ში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (2018 YOG Qualification tournament) საქართველოს კარატეს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

15. 2019 წლის 25 მარტიდან 1 აპრილამდე ე-ში, ქ. გ-ში გასამართ ევროპის ჩემპიონატში (54 th EKF Senior Championships) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება;

16. 2019 წლის 17 აპრილიდან 23 აპრილამდე მ-ში გასამართ საერთაშორისო ტურნირში (RABAT 2019 KARATE PREMIER LEAGUE 1) კარატისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება.

· კ. ბ-მ სამინისტროში წარდგენისას ზემოხსენებულ განაცხადებს დაურთო მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, გასაწევი ხარჯების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამინისტრომ ფედერაციის საბანკო ანგარიშზე 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით ჩარიცხა შესაბამისი თანხები. ასევე, ხსენებულ პერიოდში კ. ბ-მ სამინიტროში წარადგინა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დამზადებული გაყალბებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიშები, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო დავალებები, ხელშეკრულებები, ავიაბილეთები, ტურნირებში მონაწილე პირთა მონაცემები და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, თითქოსდა, გამოყოფილი თანხა სრულად და მიზნობრივი დანიშნულებით იქნა გახარჯული, რითაც სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხიდან, კერძოდ, 248 871.96 ლარიდან კ. ბ-მ დანიშნულებისამებრ დახარჯა მხოლოდ 112 183.76 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხას -136 688.20 ლარს ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჭ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. ბ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სხვა ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება. კასატორის მოსაზრებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენება წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს და შესაბამისად, კ. ბ-ს მიერ ჩადენილია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

4.1. პროკურორმა ირაკლი მარშანიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ. ბ-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული, საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ამოღებული გაყალბებული დოკუმენტაცია, რევიზიის დასკვნები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერიზის №... დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი მსჯავრდებულ კ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის სამართლებრივ შეფასებას მსჯავრდებულის ქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან კიდევ გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ქონების დაუფლების საშუალება მოტყუებაა, მაგრამ მოტყუება არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას; მისი გამოყენებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

10. არსებობს მოტყუების ორი სახე - აქტიური და პასიური. ასევე მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ თაღლითობის მოტყუების ელემენტის არსებობის გამო ხშირად მას ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან აკავშირებენ, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებითი დანაშაულის შემადგენლობას ქმნის, კერძოდ, ეს მოქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

11. თაღლითის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადება არაა მოტყუების გამოვლინება. თაღლითობისას მოტყუება შესაძლოა ჩადენილი იყოს ყალბი დოკუმენტის გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება თავისთავად დამთავრებული დანაშაულია (ფორმალური შემადგენლობის მქონე), ის დამთავრებულად ჩაითვლება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენისთანავე, იქნება ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით გასაღება თუ გამოყენება. აღნიშნული დანაშაულისთვის აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა, ესაა დოკუმენტის გასაღების ან გამოყენების მიზანი.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე სახეზეა გამოყენების მიზანი, რაც გულისხმობს გამოყენებას ისეთი მიზნით, რასაც თან ახლავს იურიდიული მნიშვნელობის შედეგი (სამართლებრივად მნიშვნელოვანი შედეგი). საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულ კ. ბ-ს ნამდვილად ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტაციის გამოყენების მიზანი, რაც გამოიხატებოდა მის მოქმედებებში, კერძოდ, მან შესაბამის დოკუმენტაციაში შეიტანა ყალბი მონაცემები და წარუდგინა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რის შედეგადაც დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. ამ შემთხვევაში იკვეთება სპეციალური მიზანიც, კერძოდ, თანხის დაუფლება გაყალბებული დოკუმენტაციის მეშვეობით, რაც იძლევა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის შემადგენლობას, რადგან თაღლითობა ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისგან იმით განსხვავდება, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადება არაა მოტყუების გამოვლინება. ამასთან, სსკ-ის 362-ე მუხლი ფორმალური დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, დანაშაული დამთავრდა კ. ბ-ს ოფიციალურ დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შევსებითა (დამზადებით) და სამინისტროსათვის წარდგენით.

13. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან და საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნის, რომ კ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლითა და, აგრეთვე, სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, როგორც ორი დამოუკიდებელი დანაშაული, რადგან მსჯავრდებული თაღლითობით დაეფლა სახელმწიფოს თანხებს და ასევე დაამზადა ყალი ოფიციალური დოკუმენტაცია, გამოყენების მიზნით.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ბ-ს ქმედებებში მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა შემადგენლობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი