საქმე # 330100122005430876
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №327აპ-23 ქ. თბილისი
ა-ი ე. 327აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ა-ს, - დაბადებულს … წლის … აგვისტოს, და ე. ჩ-ს, - დაბადებულს … წლის … ივლისს, - ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, კ-ს ქუჩის №…-ში მდებარე რესტორან „ხ-ს“ აივანზე ე. ჩ-სა და ე. ა-ს უმნიშვნელო მიზეზისა და ყოველგვარი პირადი მოტივის გარეშე შელაპარაკება მოუხდათ ა. და ტ. გ-თან, რაც გადაიზარდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, კერძოდ, ე. ჩ-ი და ე. ა-ი გამოძიებისთვის ამ ეტაპზე დაუდგენელ თანხმლებ პირებთან ერთად ხელებს ურტყამდნენ ა. და ტ. გ-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ამის შემდეგ კონფლიქტი ორ სხვადასხვა ადგილას გაგრძელდა, კერძოდ, ე. ა-მა თანხმლებ პირებთან ერთად ძალის გამოყენებით ტ. გ-ე გაიყვანა რამდენიმე მეტრში და ხელებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგადაც ტ. წაიქცა; მიუხედავად ამისა, ე. ა-ი და მისი თანხმლები პირები ფეხებს ურტყამდნენ, რასაც ტ. გ-ს გონების დაკარგვა მოჰყვა. პარალელურად, ე. ჩ-ი და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირები ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ ა. გ-ს, რა დროსაც იგი წაბორძიკდა. სწორედ ამ მომენტში ე. ა-ი გამოიქცა მისკენ და ფეხი ჩაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მათ განაგრძეს ა. გ-ს ცემა, რასაც მისი წაქცევა მოჰყვა. აღნიშნულის მიუხედავად, ე. ა-ი და ე. ჩ-ი თანხმლებ პირებთან ერთად ურტყამდნენ ფეხებს. ე. ჩ-ი და ე. ა-ი გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად იგინებოდნენ ხმამაღლა, რა დროსაც გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, ხოლო მათმა ქმედებამ გამოიწვია თ-ში, კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე რესტორან „ხ-ს“ ფუნქციონირების შეჩერება, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ე. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ე. ა-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე. ა-ს მიმართ ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეცვლილი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი შთანთქა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 29 დეკემბრიდან.
2.4. ე. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.5. ე. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ე. ჩ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე. ჩ-ს მიმართ ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2021 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 14 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჩ-მა და ე. ა-მა ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ა-სა და ე. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ე. ა-სა და ე. ჩ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, კერძოდ:
8. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია მსჯავრდებულების მიერ ხულიგნობის წინასწარი განზრახვით ჯგუფის მიერ ჩადენის თაობაზე.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენისათვის საჭიროა ჯგუფის წევრების წინასწარი შეთანხმების არსებობა. წინასწარი ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება უნდა შედგეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებამდე. რაც შეეხება მისი მიღწევის ფორმას - ასეთი შეთანხმება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთმანეთს შორის გასაუბრებითა და აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ისე ვერბალურად. თუმცა ერთიც და მეორეც, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებებით.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც, საქმეზე დაკითხული არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, არც ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებით არ დგინდება ე. ჩ-სა და ე. ა-ს წინასწარი შეთანხმება ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად; ასევე ამ საკითხზე თუნდაც არავერბალური კომუნიკაცია - ჟესტებითა და მიმიკებით კონტაქტის ფაქტი. უფრო მეტიც, როგორც დაზარალებულებისა და მათი თანმხლები მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, ა. გ-ე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, სადაც შემთხვევით შეხვდა მსჯავრდებულებს და ამას მოჰყვა კონფლიქტი; ანუ კონფლიქტი გაღვივდა სპონტანურად, კონკრეტული პირების შემთხვევით შეხვედრის გამო. შესაბამისად, შეუძლებელია მსჯავრდებულებს წინასწარ სცოდნოდათ აივანზე ა. გ-ს გასვლის ფაქტი და დრო; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აქედან გამომდინარე არაგონივრული და ზედმეტად აბსტრაქტული იქნება ვარაუდი იმისა, რომ ისინი წინასწარ მოემზადნენ (წინასწარ შეთანხმდნენ) გაეღვივებინათ ეს კონფლიქტი. ასეთი ვარაუდი უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც კონკრეტულ საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ე. ა-სა და ე. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულების - ა. გ-სა და ტ. გ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ს. მ-ს, ა. გ-ს, ე. ბ-ს, თ. დ-ს, დ. მ-ს, ჯ. ბ-ს, დ. ს-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და №... დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) დასტურდება მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც ე. ა-სა და ე. ჩ-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - ე. ა-სა და ე. ჩ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომელიც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი