საქმე # 160100121004660874
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №328აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი რ. 328აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 1 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე რ. მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, გაშორებასა და სახლიდან წასვლაზე მომხდარი შელაპარაკებისას რ. მ-მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ. მ-ზე, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა ორჯერ თავში, კეფის არეში, რის გამოც ნ. მ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. რ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა რ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
2.3. გამართლებულ რ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა რ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. მ-მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ.
8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის მნიშვნელოვანია ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია მის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის თაობაზე.
9. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა - მ. ჩ-მ, დ. ბ-მ, ბ. თ-მ, თარჯიმანმა ლ. კ-მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და მართებულობა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ფიზიკური ძალადობის) მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს მისი მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. მ-ს ვიზუალური დათვალიერების ოქმით არ დადასტურდა მის სხეულზე დაზიანების არსებობა.
11. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ. მ-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში აღიდგინა ის ვითარება, თუ როგორ მიაყენა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა.
11.1. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 1 მაისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნ. მ-გან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
11.2. იმ პირობებში, როდესაც ნ. მ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი რ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
11.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
11.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
11.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
11.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
12. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2021 წლის 1 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი რ. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. მ-ს წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და რ. მ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი