Facebook Twitter

საქმე # 190100121004566167

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №329აპ-23 ქ. თბილისი

მ-ი მ. 329აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 10 დეკემბერს, საღამოს საათებში, გ-ს რაიონის სოფელ მ-ში, ნ. მ-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, მ. მ-მა იძალადა ყოფილ მეუღლეზე - ე. კ-ზე, კერძოდ, მოქაჩა თმა და მარჯვენა მუშტი ორჯერ დაარტყა თავის არეში. მ. მ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ე. კ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის 18 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ მ-ში, საცხორებელ სახლში, მ. მ-მა მამას - ი. ხ-დ ო-ს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის არეში, ვინაიდან არ აძლევდა ფულად თანხას, ასევე მათთან გასაშველებლად მისულ დედას - თ. შ-რ კ-ს მოკიდა თმაში ხელი, დაითრია ძირს და დაარტყმევინა თავი იატაკზე. ზემოაღნიშნული ქმედებით თ. შ-რ კ-მ და ი. ხ-დ ო-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

2.1. მ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.2. მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 17 მარტის ჩათვლით.

2.3. მ. მ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. მ-ს მიერ მეუღლის - ე. კ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დაკავების ოქმით, N... შემაკავებელი ორდერით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ. მ-ს მიერ მამის - ი. ხ-დ ო-სა და დედის - თ. შ-რ კ-ს მიმართ ძალადობის ჩადენა.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - თ. შ-რ კ-მ (დედა) და ი. ხ-დ ო-მ (მამა) ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და მ. მ-ს წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობა ყოველთვის არ ტოვებს დაზიანების ხილულ ნიშნებს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაცია მნიშვნელოვანია მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებულები უარს აცხადებენ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... და N... დასკვნების თანახმად, გარეგანი დათვალიერებით, თ. შ-რ კ-ს და ი. ხ-დ ო-ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებათ. შესაბამისად, დასკვნები არაინფორმატიულია მ. მ-ს მიერ მშობლების მიმართ ჩადენილი ძალადობის დადასტურების თვალსაზრისით და ასევე ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნების კვლევითი ნაწილის მიხედვით, გამოსაკვლევი პირების მითითებით, მ. მ-ს უნდოდა მშობლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა ხელშეშლის გამო შეურაცხყოფა ვერ მიაყენა.

12. მოწმის სახით დაკითხვისას ე. მ-მა განმარტა, რომ მ. მ-ი არის მისი ბიძა, რომელიც სვამდა და იყო კონფლიქტური პიროვნება, რის გამოც მასთან არ ჰქონია ხშირი და ახლო ურთიერთობა. 2021 წლის 18 მარტს, მისი სახლის გვერდით მდებარე ბებიის სახლიდან შემოესმა ყვირილის ხმა. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ბიძამისი ყვიროდა, იგინებოდა, ასევე თავი ჰქონდა სისხლიანი და მას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ბაბუამ და ბებიამ აღნიშნული კონფლიქტის მიზეზად მას განუმარტეს, რომ მ. მ-ი ნასვამი იყო და წაიქცა. შემდეგ ადგილზე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მ. მ-ს არ მოსწონდა ადგილზე მყოფი პოლიციელები, ეკამათებოდა მათ და სხვების მისვლას მოითხოვდა.

13. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ N.. და N... შემაკავებელ ორდერებსა და თანდართულ ოქმებში არსებული მწირი ინფორმაცია არ წარმოადგენს საკმარისს იმის დასადასტურებლად, რომ მ. მ-მა 2021 წლის 18 მარტს, ი. ხ-დ ო-ს მუშტი დაარტყა სახის არეში, ასევე თ. შ-რ კ-ს თმაში მოკიდა ხელი, დაითრია ძირს და დაარტყმევინა თავი იატაკზე, რის გამოც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

14. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზემოაღნიშნული ძალადობის ეპიზოდში მ. მ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ისეთ ნიშანზეც, როგორიცაა ფიზიკური ტკივილის შეგრძნება. აღნიშნული ობიექტური ნიშნის შეფასება სასამართლოს არ შეუძლია არც სუბიექტური (დაზარალებულის ჩვენება) ტესტის და არც ობიექტური (საქმის მასალებზე დაყრდნობით) ტესტის გამოყენებით ამ ნაწილში შესაფასებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

15. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ი. ხ-დ ო-მ მიუთითა გ-ს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე, სადაც მისმა შვილმა - მ. მ-მა მას და მის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო დაზარალებულმა თ. შ-რ კ-მ - საცხოვრებელი სახლის ოთახზე, სადაც მ. მ-მა მას და მის მეუღლეს - ი. ხ-დ ოღლის მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

15.1. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 19 მარტს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ი. ხ-დ ო-სა და თ. შ-რ კ-გან მიღებული ჩვენებების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

15.2. იმ პირობებში, როდესაც ი. ხ-დ ო-მ და თ. შ-რ კ-მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს/არც უარყვეს საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი მ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

15.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

15.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

15.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

15.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

16. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2021 წლის 19 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მათში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი მ. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი