Facebook Twitter

საქმე # 330100122005944046

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №357აპ-23 ქ. თბილისი

ა-ი გ. 357აპ-23 14 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 12:30 სააათზე, ქ.თ-ში, ს-ს ქუჩის №...-ში მდებარე ი. კ-ს საცხოვრებელ სახლში მყოფმა რ. ხ-მა კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე - ... , აპლიკაცია ,,Whatsapp“-ის საშუალებით, მიიღო გ. ა-ს მიერ მისთვის გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომელთა შინაარსის თანახმად, გ. ა-ი რ. ხ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ „ღორივით დაკლავდა“ და „სახეს დაუსახიჩრებდა“, რაც რ. ხ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 3 აპრილიდან იმავე წლის 2 ივნისამდე დროის მონაკვეთში გ. ა-ი სატელეფონო კომუნიკაციის გზით რ. ხ-ს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც რ. ხ-ი იმყოფებოდა სახლში, კერძოდ, თ-ში, ვ-ს დასახლების №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ში ან თ-ში, წ-ს ქუჩის №...-ში მდებარე სამუშაო ადგილას. დროის მითითებულ მონაკვეთში გ. ა-ს მხრიდან განხორციელებული ყველა მუქარა რ. ხ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:

2.1. გ. ა-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 3 აპრილიდან იმავე წლის 2 ივნისამდე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 ივნისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 3 აპრილიდან იმავე წლის 2 ივნისამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდება; ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 2 ივნისამდე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. ა-თვის სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ 2021 წლის 3 აპრილიდან 2 ივნისამდე პერიოდში რ. ხ-ს მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, კერძოდ:

8. დაზარალებულ რ. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ა-ი გაიცნო 2021 წლის იანვარში სოციალური ქსელით, ჰქონდათ სასიყვარულო მიმოწერა. 2021 წლის 18 ნოემბერს, ს-ში დაბრუნების შემდეგ, ჰქონდათ ყოველდღიური ურთიერთობა. იცოდა, რომ მეუღლესთან იყო გაშორებული და ჰყავდა ერთი შვილი, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა, თავად კი ამ ფაქტს უარყოფდა. 3 აპრილს ტელეფონით დაუკავშირდა გ. ა-ს მეუღლე ნ. ა-ი, რა დროსაც მიხვდა, რომ ნამდვილად მისი მეუღლე იყო და დაშორებულები არ იყვნენ. ამ საუბრის მოსმენა თავად გ. ა-მა არ ისურვა და წავიდა სახლიდან. რამდენიმე დღეში, დაახლოებით 7-8 აპრილს დაიწყო და 2 ივნისამდე გრძელდებოდა მუქარა, რომელიც იყო სისტემატური, კერძოდ, საუბრისას, ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებით, რომ თუ ვინმეს შეხვდებოდა, სახეს დაუსერავდა, ღორივით გამოჭრიდა ყელს, ათრევდა. ფსიქოლოგიურად ისე იმოქმედა, რომ ძალიან დიდი შიში ჰქონდა, დარწმუნებული იყო, რომ ყველაფრის გამკეთებელი იყო. 2021 წლის 2 ივნისს დაახლოებით 11:00 საათზე, როდესაც იმყოფებოდა მეგობარ ი. კ-ს სახლში, გ. ა-მა მეგობარ მ. დ-ს ტელეფონიდან ბოლო ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, რომ დაუსერავდა სახეს, ღორივით გამოჭრიდა ყელს, თმით ითრევდა, რაც აღიქვა რეალურად და მიმართა პოლიციას. 3 აპრილიდან 2 ივნისის პერიოდში ემუქრებოდა თავიდან თავისი ტელეფონით, შემდეგ სოციალური ქსელითა და მეგობრების ტელეფონიდან გაგზავნილი შეტყობინებებით. 2 ივნისამდე გაგზავნილი შეტყობინებები არ აქვს შენახული. 3 აპრილიდან 2 ივნისის პერიოდში შეხვდა დაახლოებით სამჯერ, ხვდებოდა იმიტომ, რომ ეშინოდა, უარის შემთხვევაში რამეს დაუშავებდა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტის აღწერისას მისი დადასტურებისათვის მნიშნელოვანია მტკიცებულებათა განსაზღვრული სტანდარტი და მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული პირი მიუთითებს დანაშაულის შემცველ ქმედებებზე მეორე პირის მხრიდან, უპირობოდ არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად ეჭვი არ შეაქვს დაზარალებულის ნაამბობის სინამდვილეში, თუმცა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ შექმნის იმგვარ ერთობლიობას, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული პირის დამნაშავედ ცნობისათვის. 2021 წლის 3 აპრილიდან 2 ივნისის პერიოდში რ. ხ-ს მიმართ გ. ა-ს მხრიდან ჩადენილი მუქარის ფაქტები ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშეა აღწერილი დაზარალებულის მიერ, არ არის წარმოდგენილი არც წერილობითი მასალა, რაც დაადასტურებდა რ. ხ-ს ნაამბობს.

10. 2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 2 ივნისამდე ეპიზოდთან მიმართებით საქმეზე დაკითხული მოწმის - ი. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ რ. ხ-ი გაიცნო სოციალური ქსელით, ხოლო გ. ა-ი - მეუღლის, ს. ლ-გან. 2021 წლის შემოდგომაზე გაიგო, რომ რ. ხ-სა და გ. ა-ს ჰქონდათ მიმოწერა, იყვნენ შეყვარებულები. თავიდან არ იცოდა, რომ გ. ა-ს ცოლი ჰყავდა. მათ ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ, მაგრამ ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია. 2 ივნისამდე მუქარის შესახებაც მოუყვა და უთხრა, რომ ეშინოდა, თუმცა მუქარის შინაარსი არ იცის; მოწმე ს. ლ-ს ჩვენების მიხედვით, გ. ა-ს იცნობს დაახლოებით 2-3 წელია, მისგან გაიცნო რ. ხ-ი და მათთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. გ. ა-ი და რ. ხ-ი იყვნენ შეყვარებულები, მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ მას შემდეგ, რაც გ-მ დაიწყო შეურაცხყოფა და დაზარალებულმა გაიგო, რომ ჰყავდა მეუღლე. 3 აპრილიდან 2 ივნისამდე მუქარის ბევრი ფაქტი იყო, რომ ყელს გამოჭრიდა, რაც იცის რ. ხ-გან, თუმცა უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და არც რაიმე შეტყობინება უნახავს. საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებები არაინფორმატიულია 2022 წლის 3 აპრილიდან 2 ივნისამდე გ. ა-ს მხრიდან მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და ავთენტურობა, ხოლო წერილობითი მტკიცებულებები აღწერენ მხოლოდ 2 ივნისის ეპიზოდს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის.

11. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 3 აპრილიდან 2022 წლის 2 ივნისამდე ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 2 ივნისის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ რ. ხ-ს, მოწმეების - ი. კ-ს, ს. ლ-სა და სხვათა ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ა-მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება - სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა რ. ხ-ს მიმართ.

13. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ დავით ხვედელიძის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ა-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). გასაჩივრებული განაჩენით გ. ა-ს განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

15. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი