Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1532-1107(კ-05) 16 მაისი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 20 იანვარს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ფ-მ მოპასუხეების _ ბორჯომის რაიონის მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრატურის (ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური), ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობისა და ნ. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრში მის სახელზე 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა და მასში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ აღნიშნული მიწის ფართი განსაზღვრულიყო 358 კვ.მ-ით.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

1973წ. 2 აპრილს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე 1971წ. 26 თებერვალს გარდაცვალებული მ. ფ-ს ქონებაზე ცნობილ იქნა მემკვიდრედ მოსარჩელის დედა _ თ. ფ-ა. 1998წ. 7 ნოემბერს თ. ფ-მ დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ორსართულიანი სახლი უანდერძა მოსარჩელეს. აღნიშნული სახლი მდებარეობდა 1294 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა ფოჩხუებისა და ნ. ქ-ის საერთო საკუთრებას. თანამესაკუთრეებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთის გაყოფის შესახებ. საბოლოოდ, სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესაბამისად, ნ. ქ-ს პირად სარგებლობაში გადაეცა 920 კვ.მ, ხოლო თ. ფ-ს _ 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თ. ფ-ს გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე შეუდგა სამკვიდრო ქონების გადაფორმებისათვის შესაბამისი საბუთების შეგროვებას, ბორჯომის ტექბიუროში აიღო ცნობა-დახასიათება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1294 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ თ. ფ-სა და ნ. ქ-ს. ამის შემდგომ მან მიმართა ბორჯომის საჯარო რეეტრს, სადაც აღმოჩნდა, რომ ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო 1186,60 კვ.მ, ხოლო თ. ფ-ს სახელზე _ 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, საკარმიდამო რუკა მიწათმომწყობმა შეადგინა ნ. ქ-ის მეუღლის ზეგავლენით, რომელიც მუშაობდა ბაკურიანის სადაბო საკრებულოში. აღნიშნული რუკის მიხედვით, ფ-ების კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც თ. ფ-ს სამზარეულოს წინ მდებარეობდა, მოექცა ნ. ქ-ის საკუთრებაში. მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ სკ-ის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, ითვლებოდა იმავე პირთა საკუთრებად. სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის საჯარო რეესტრის ჩანაწერი დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში თ. ფ-ს სახელზე რიცხული 159,96 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთის შესახებ და იგი შეიცვალა 338,23 კვ.მ-ით. აღნიშნულ ფართში გათვალისწინებულ იქნა ნ. ქ-ესთან თანაზიარი საერთო გზის ნახევარი, ანუ 64,15 კვ.მ. ამავე მისამართზე ნ. ქ-ის სახელზე აღირიცხა 882,41 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის გზისთვის გათვალისწინებული 64,15 კვ.მ-ის ათვლით, დაევალა ბორჯომის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრს, გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააქტო ჩანაწერებში.

რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონის ბაკურიანის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასკომის 1976წ. 29 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით გაიმიჯნა დ. ფ-სა (თ. ფ-ს მეუღლე) და ნ. ქ-ს შორის. აღნიშნულის შედეგად, დ. ფ-ს მიეკუთვნა 358 კვ.მ, ხოლო ნ. ქ-ს _ 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა მისასვლელი გზაც. ვინაიდან ბორჯომის მიწის მართვის სამმართველოს მუშაკების მიერ ჩატარებული აზომვისას მოსარჩელის სარგებლობაში არსებული მიწის ფართში მიქცეული იყო საერთო გზის მონაკვეთი, რაც შეადგენდა 64,15 კვ.მ-ს, რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული უნდა გამოკლებოდა აზომვისას გამოყვანილ ციფრს და მიღებულ რაოდენობას დამატებოდა საერთო გზის ნახევარი, რაც სასამართლოს გაანგარიშებით მთლიანობაში წარმოადგენდა 338,23 კვ.მ-ს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სკ-ის 1513-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული მათ პირად საკუთრებად იქნა მიჩნეული.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარეების მიერ წარდგენილი არც ერთი დოკუმენტი. ამასთან, მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის ფაქტს. სასამართლო არ დაინტერესებულა, თუ რის საფუძველზე გატარდა დ. ფ-ა ბაკურიანის მიწების ზონარგაყრილ წიგნში, მაშინ როცა მას საცხოვრებელი სახლი ბაკურიანში არ გააჩნდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ნ. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და დ. ფ-ს სარჩელის განუხილველად დატოვება. აპელანტის განმარტებით, 1998 წელს მიწის რეფორმის კომისიამ თ. ფ-ს მიაკუთვნა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც მისი სახლი იყო განლაგებული, რაც შეადგენდა 159,96 კვმ-ს. აღნიშნული დამტკიცებულ იქნა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998წ. 30 აპრილის დადგენილებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ქ-მ არ გაიზიარა მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 1513-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე. გარდა ამისა, აპელანტმა მიუთითა იმაზე, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არასათანადო მხარის მიერ, რადგან‚ მისი განმარტებით, დ. ფ-ს არ მიუღია მემკვიდრეობა თ. ფ-საგან, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, რომელსაც არავითარი უფლება არ გააჩნდა სადავო ნაკვეთზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრში დ. ფ-ს სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში მდებარე 159,6 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საფუძვლად მითითებული იყო დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998წ. 30 აპრილის ¹2 დადგენილება. მხარეს ეს ადმინისტრაციული აქტი სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართებულად არ მიაჩნდა რაიონული სასამართლოს მიერ ბორჯომის რაიონის ბაკურიანის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასკომის 1976წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე აპელირება, რადგანაც დავის განხილვის მომენტისათვის ძირითად უფლებადამდგენ აქტს წარმოადგენდა მიწის რეფორმის კომისიის მუშაობის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასეთს კი მოცემულ შემთხვევაში ძალაში მყოფი დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998წ. 30 აპრილის ¹2 დადგენილება წარმოადგენდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მართლზომიერი საფუძვლის არარსებობისას, არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გადაწყვეტილებაში მითითებულ სხვა გარემოებებს, კერძოდ, მოსარჩელის სათანადოობას და სასარჩელო ხანდაზმულობის დაცვას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ს წარმომადგენელმა ჯ. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 389-ე მუხლისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია სასამართლომ დადასტურებულად და რის საფუძველზე, ასევე მითითებული არ არის კანონზე, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების მიღებისას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილებით საქართველოს მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, თ. ფ-ს საკუთრებაში გადავიდა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული 358კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მის ოჯახს მიეკუთვნა 1976 წლიდან.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998წ. 30 აპრილის დადგენილებას, რომლითაც დამტკიცდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი სია. აღნიშნულ სიაში თ. ფ-ს მიწის ნაკვეთის ოდენობად მითითებულია რეფორმამდე 0,03 ჰა და არა 159 კვ.მ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დავის განხილვის მომენტისათვის ძირითად უფლებადამდგენ აქტს წარმოადგენდა მიწის რეფორმის კომისიის მუშაობის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998წ. 30 აპრილის ¹2 დადგენილება, რადგან «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულებით მიწის მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისათვის გამოიყენებოდა «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ს წარმომადგენელ ჯ. ფ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია, ამ თვალსაზრისით კასატორის მიერ წამოყენებულია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამდენად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ სრულყოფილად უნდა მიუთითოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მიიჩნევს დადგენილად, შემდეგ კი სადავო ურთიერთობას შეუფარდოს შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა, იმავდროულად, დაასაბუთოს ამ ნორმის გამოყენების მართებულობა. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცავს მითითებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონებზე, რომელთა საფუძველზე სასამართლომ მოახდინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ზემდგომი სასამართლოს მიერ შესაძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ მიუთითა ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრში დ. ფ-ს სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში მდებარე 159,6 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის საფუძვლად მითითებული დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998წ. 30 აპრილის ¹2 დადგენილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სასამართლოს აღნიშნული დასკვნის დასაბუთებას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, თ. ფ-ს საკუთრებად აღრიცხულია 159,6 კვ.მ ნაკვეთი მაშინ‚ როდესაც დაბა ბაკურიანის საკრებულოს ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, თ. ფ-ს დაუკანონდა 300 კვ.მ მიწა. საქმის მასალებში არსებული, დაბა ბაკურიანის საკრებულოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად, 159კვ.მ მიწის ნაკვეთი აწერია თ. ფ-ს, 131 კვ.მ კი სერვიტუტით დატვირთული გზაა, რაც მთლიანობაში იძლევა საკრებულოს დადგენილებით მითითებულ 300 კვ.მ-ს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, რატომ არის, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებული, მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის ოდენობა (159,6 კვ.მ) არ შეესაბამება აღნიშნული ჩანაწერის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციული აქტით გადაცემული მიწის ოდენობას (300 კვ.მ), გამოიკვლიოს აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე შემდგარი საკადასტრო რუკა, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საკადასტრო რუკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერები ერთმანეთსა და დაბა ბაკურიანის საკრებულოს ზემოაღნიშნულ დადგენილებას, მიწის რა ფართობზე აქვს მოსარჩელეს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ფ-ს წარმომადგენელ ჯ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.