საქმე # 330100121004948143
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №359აპ-23 ქ. თბილისი
ბ-ი ვ. 359აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. 2021 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ-ში, გ-ს მე-... მ/რ-ის №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის პერიოდში მყოფმა ვ. ბ-მა კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს. თ-ს, კერძოდ, ოჯახური კონფლიქტისას შეაგინა და ხელი დაარტყა სახეში, მარცხენა ლოყის არეში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით:
2.1. ვ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ვ. ბ-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული - გირაო და დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა. გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ ვ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არასწორად შეფასდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ბ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
7. დაზარალებულ ს. თ-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2021 წლის 6 ივლისს, სახლში იმყოფებოდა მეუღლესა და შვილებთან ერთად. დაახლოებით 23:30 საათზე, როდესაც ბავშვებს ეძინათ, მეუღლე იყო მთვრალი და დაიწყო ეჭვიანობის სცენის გამართვა. ს. თ-ს განმარტებით, იგი ვ. ბ-ს ესაუბრებოდა ხმამაღლა, შეიძლება ითქვას, რომ უყვიროდა და ეუბნებოდა, რომ შესულიყო დასაძინებლად. ვ-მ უთხრა, რომ დაეწია ხმისთვის და სახეში, კერძოდ, მარცხენა ლოყაზე უმნიშვნელოდ დაარტყა ხელი დამშვიდების მიზნით. დარტყმის შედეგად დაზარალებულს ტკივილი არ განუცდია და არანაირი დაზიანება არ მიუღია; ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი ასეთი ქმედების გამო აღელდა და დარეკა 112-ში. რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთაც აღელვებულმა განუცხადა, რომ მისმა ქმარმა დაარტყა ხელი. გამოკითხვის დროს ს. თ-მ განაცხადა, რომ ქმარს არ უცემია, მან ხელი დამშვიდების მიზნით უმნიშვნელოდ, მსუბუქად დაარტყა მარცხენა ლოყაში, რაც არ სტკენია და დაზიანება არ მიუღია. გამოკითხვის დროსვე უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე. ასევე, აღნიშნა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამოც სულიერი ტანჯვა არ განუცდია (ს.ფ.21-24).
8. დაზარალებულ ს. თ-ს გამოკითხვის ოქმის შეფასების კუთხით საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიცია, რომ ვ. ბ-გან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, არამედ მხოლოდ მსუბუქად დაარტყა ხელი ლოყაში დამშვიდების მიზნით, რა დროსაც მას ტკივილი არ განუცდია, უკვე ქმნის ეჭვის საფუძველს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულმა აღნიშნული განმარტება მისცა გამოძიების ეტაპზე, პირველივე გამოკითხვისას, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობას.
9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ს. თ-მ გამოკითხვის ოქმშივე ახსნა მის მიერ 112-ში გაკეთებული შეტყობინების შინაარსი, რომლის მიხედვით, ვ. ბ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს. თ-ს (ს. ფ. 2). მან აღნიშნა, რომ აღელვების ნიადაგზე განუცხადა პოლიციის ეკიპაჟსაც, რომ ქმარმა დაარტყა ხელი.
10. თავის მხრივ, ფაქტის თვითმხილველნი არ ყოფილან პატრულ-ინსპექტორები - ს. გ-ი და თ. მ-ი, რომლებიც შეტყობინების მიღების შემდეგ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ აღელვებული ქალბატონი ს. თ-ე, რომელმაც განუმარტა, რომ იქვე მყოფმა მეუღლემ - ვ. ბ-მა მას სახის არეში დაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თ. მ-მა დააკავა ვ. ბ-ი. ს. თ-მ მათ ასევე განუმარტა, რომ მეუღლეებს შორის მომხდარ კონფლიქტს არავინ შესწრებია, ბავშვებს ეძინათ თავიანთ საძინებელში. ამავე მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ს. თ-ს შემთხვევის ადგილზე მისვლისას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა (ს. ფ. 25-30).
11. №014667 შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დადასტურებულია იგივე ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაზარალებული აღწერდა გამოკითხვის ოქმსა და პატრულ-ინსპექტორებთან. ფიზიკური ტკივილის განცდაზე მასშიც არაფერია ნათქვამი (ს. ფ. 65-74).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შეუძლებელია დადასტურდეს ვ. ბ-ს მიმართ წარდგენილი დანაშაულის სავალდებულო ნიშანი - ფიზიკური ძალადობის დროს დაზარალებულში ტკივილის განცდა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტს, პირიქით, როგორც პატრულ-ინსპექტორები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები აღწერენ, რომ დაზიანება ვიზუალურად არ ეტყობოდა ს. თ-ს, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზაზე მან უარი განაცხადა.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
16. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი