Facebook Twitter

საქმე # 330802223007128202

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№35I-23 ქ. თბილისი

რ-ი ზ. 35I-23 12 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. რ-ს მიმართ ჩ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2021 წლის 8 ნოემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის ნოვი იიჩინის რაიონულმა სასამართლომ გასცა ზ. რ-ს დაპატიმრების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე პარაგრაფის პირველ ნაწილთან ერთობლივად 209-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-5 ნაწილის „a” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2021 წლის 21 დეკემბრიდან ზ. რ-ი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2023 წლის 27 მარტს ჩეხეთის რესპუბლიკის პრაღა 4-ის რაიონულმა სასამართლომ გასცა ზ. რ-ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209 (1) (4) „d”) მუხლით (თაღლითობა), 220 (1) (3) მუხლითა (ნდობის ვალდებულების დარღვევა) და 209 (1) (5) “a”) მუხლით (მასშტაბური თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2. ზ. რ-ს მიმართ ს-ში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 16 დეკემბერსა და 2022 წლის 14 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ზ. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.

2022 წლის 6 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ს ტერიტორიაზე დააკავეს ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ზ. რ-ი;

2022 წლის 8 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით ზ. რ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 35 000 ლარი და პატიმრობიდან გათავისუფლდა 2022 წლის 8 სექტემბერს;

2023 წლის 18 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობა ზ. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისათვის ზ. რ-ს ბრალი ედება ჩ-ს რესპუბლიკაში, არის შემდეგი:

2005 წლის 20 ივლისიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში ზ. რ-ს ეკავა სს ,,P-p-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან, 2016 წლის პირველი ივლისიდან 2016 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში ზ. რ-ი ლ-სა და სხვა პირებთან ერთად იყო ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2015 წლის მაისში, ლ. ჩ-იმ ზ. რ-ის სასარგებლოდ აიღო 65 000 000 ჩეხური კრონა სესხი, რათა პ. ბ-ან შეესყიდათ ,,P-p-ში“ ამ უკანასკნელის კუთვნილი აქციები, თუმცა, აღნიშნული გეგმა არ განხორციელებულა და ზ. რ-ა არ გადაიხადა სესხის თანხა. აღნიშნულის შემდგომ, 2016 წლის 12 მაისიდან 2016 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, ,,P-z-ის“ კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, ზ. რ-ა და ლ. ჩ-იმ კომპანია ,,P-cz-სა“ და შპს ,,C-al-ს“ შორის ადრეული თარიღით შეადგინეს ფიქტიური კონტრაქტი სარეკლამო მომსახურების მიწოდების თაობაზე. აღნიშნული კონტრაქტი უზრუნველყოფილი იყო ფულადი თანხით, რომელიც გაცემული იყო ,,P-z-ის“ მიერ ,,CASINO GAMES-ის“ სასარგებლოდ. სავალუტო უფლების შესახებ ხელშეკრულებისა და სამომავლო ხელშეკრულების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ,,P-z-ს“ ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა - 8 000 000 ჩეხური კრონა, რის თაობაზეც სარჩელი აღიძრა სასამართლოში. ამგვარად, ზ. რ-მა და ლ. ჩ-იმ ერთობლივად სცადეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ ,,P-p-ის“ 8 000 000 ჩეხურ კრონას - დიდი ოდენობით თანხას.

გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის დაუზუსტებელ პერიოდში, სულ მცირე, 2016 წლის 27 ივნისიდან, ,,P-z-ის“ კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, ზ. რ-მა და ლ. ჩ-იმ გააფორმეს ფიქტიური კონტრაქტი საკონსულტაციო მომსახურების გაწევისთვის ,,P-cz-სა“ და ,,Syngas-ს“ შორის. აღნიშნული კონტრაქტი გაფორმდა მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი თანხის მიღების მიზნით. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ,,P-cz-ს“ ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა 6 000 000 ჩეხური კრონა, რის თაობაზეც სარჩელი აღიძრა სასამართლოში. ამგვარად, ზ. რ-მა და ლ. ჩ-იმ ერთობლივად სცადეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ ,,P-cz Group-ის“ 6 000 000 ჩეხური კრონას ოდენობის ფულად თანხას.

ზ. რ-ი, სააქციო საზოგადოება „P-z-ის“ ("P-o") დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თავისი უფლებამოსილების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის კუთვნილ თანხებს, კერძოდ, არაუადრეს 2013 წლისა, ზ. რ-მა ლ-ის ბიზნეს სკოლაში სწავლის ხარჯები გადაიხადა P-o-ის კაპიტალიდან და P-o-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მქონე აქციონერებსა და საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ყველა ხარჯს დაფარავდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,Energy product plus,“ იმ პირობებში, როდესაც მისთვის ცნობილი იყო რომ აღნიშნული თანხების გადახდა არ განხორციელდებოდა. აღნიშნული ქმედებებით ზ. რ-მა P-o-ს მიაყენა, ჯამურად - 4,117,824,79 ჩეხური კრონას ოდენობის ზიანი.

2015 წლის 13 იანვარს სააქციო საზოგადოება „P-cz-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ზ. რ-მა ხელი მოაწერა „უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებას“ მეიჯარესთან, რის საფუძველზეც აიძულა P-o, დაექირავებინა „რესტორნის ფართები“ და „კომერციული ფართები“ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 20 წლითა და ,,საოფისე ფართები“ 5 წლით. იჯარის ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 1,443,349 ჩეხურ კრონას. ამასთან, ზ. რ-მა აიძულა კომპანია P-o, გადაეცა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის რეალიზების შედეგადაც კომპანიას მოუხდა 8,984,381 ჩეხური კრონას ოდენობის თანხის გადახდა. ამასთან, ზ. რ-მა აიძულა კომპანია P-o საკუთარი ხარჯებით მოემზადებინა კვლევა და წარედგინა დასამტკიცებლად მეიჯარისთვის არაუგვიანეს 2015 წლის 23 მარტისა და შემდეგ საკუთარი ხარჯებით მოემზადებინა საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნული ვალდებულების რეალიზების შედეგადაც კომპანიას მოუხდა 5 420 000 ჩეხური კრონას გადახდა.

2015 წლის 10 თებერვალს ზ. რ-მა სააქციო საზოგადოება ,,P-p-ის“ („P-G“) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და ამავდროულად სააქციო საზოგადოება ,,P-z-ის“ („P-o“) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც P-G-მ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო P-o-ს ვალდებულებები, რომელიც არსებობდა „უძრავი ქონების იჯარის ხელეშეკრულებიდან“ გამომდინარე სააქციო საზოგადოება ,,Š-ce-ის“ მიმართ. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებით კომპანიას წარმოეშვა ვალდებულებები, რომლის დარღვევამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრება. ზ. რ-მა აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა იმის გათვალისწინებით, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტის მქონე მფლობელები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები PLG-ის მმართველი საბჭო, დიდი ალბათობით პროექტს არ დაამტკიცებდნენ, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით არ იყო მომგებიანი. აღნიშნული შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებით P-o იძულებული გახდა, გადაეხადა 14,404,381 ჩეხური კრონა.

გარდა აღნიშნულისა, ზ. რ-ა სააქციო საზოგადოება „P-cz-ის“ და სააქციო საზოგადოება ,,P-p-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას, 2016 წლის 11 იანვარს, კომპანია P-o-ს სახელით ხელი მოაწერა სააქციო საზოგადოება „Š-ce-ისთან“ 2015 წლის 13 იანვარს გაფორმებული „უძრავი ქონების იჯარის ხელეშეკრულების“ 1-ელ დანართს, რის საფუძველზეც აიძულა კომპანია P-o მეიჯარისთვის გადაეცა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან 8,984,381 ჩეხური კრონა. ამასთან, ზ. რ-მა აიძულა კომპანია P-o, საკუთარი ხარჯებით მოემზადებინა საკვლევი და საპროექტო დოკუმენტაცია სამშენებლო ნებართვისთვის, რომლის მომზადების ღირებულებაც იყო 5 420 000 ჩეხური კრონა და დაემალა ამ დანართის არსებობა მთავარი აქციონერების, დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებისა და P-o-სა და P-G-ის ხელმძღვანელობისთვის. 2016 წლის 11 იანვარს უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან ,,P-up-ის“ სავარაუდო წაშლის მიზნით, ხელმოწერის გაყალბებით, ზ. რ-მა აიძულა P-Lo-ს საბჭოს წევრი, ერთობლივად მოეწერა ხელი მითითებულ 1-ელ დანართზე, ვინაიდან 2015 წლის 14 სექტემბრიდან, დირექტორთა საბჭოს მხოლოდ ორ წევრს შეეძლო ერთობლივად ემოქმედა P-o-ის სახელით, ან მხოლოდ ერთ წევრს ჰქონდა უფლება ემოქმედა დირექტორთა საბჭოს წერილობითი ნებართვით. ამასთან, ზ. რ-მა 2016 წლის 14 ივნისს, კომპანია P-Lo-ის სახელით გააფორმა უძრავი ქონების ქვეიჯარით გადაცემის ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „Šporkovský pivovar-ისთან.“

ზ. რ-მა აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა იმ პირობებში, როცა იცოდა, რომ 2015 წლის 20 მარტს P-G-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ის პირადად ესწრებოდა, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტ „მინი ლუდსახარში რესტორნით“ განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად, კომპანიებს P-o-სა და P-G-ს მიადგათ, ჯამურად - 18 522 205.79 კრონას ოდენობის მატერიალური ზიანი.

4. 2023 წლის 10 აპრილსა და 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დასაშვებად იქნა ცნობილი ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ჩეხეთის რესპუბლიკის ნოვი იიჩინის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბერს გამოცემულ ზ. რ-ის დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე პარაგრაფის პირველ ნაწილთან ერთობლიობაში 209-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-5 ნაწილის „a” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა).

დასაშვებად იქნა ცნობილი ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ჩეხეთის რესპუბლიკის პრაღა 4-ის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 მარტს გამოცემულ ზ. რ-ის დაკავების ბრძანებასა და ამავე სასამართლოს მიერ მომზადებულ დანაშაულის ფაქტების აღწერის დოკუმენტში და დასჯადია ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209 (1) (4) d) მუხლით (თაღლითობა), 220 (1) (3) მუხლით (ნდობის ვალდებულების დარღვევა) და 209 (1) (5) “a”) მუხლით (მასშტაბური თაღლითობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება.

6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, რ. ზ-ი ჩეხეთის რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური მიზნით. ჩეხეთის ხელისუფლების ორგანოები პოლიტიკურადაა მოტივირებული რ. ზ-ის მიმართ, სწორედ იმ მსხვილი ბიზნესპროექტის გამო, რომლის განხორციელებაც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რ. ზ-ის მიზეზით ვერ მოხერხდა. აღნიშნული ბიზნეს-პროექტის ლიკვიდაციამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების საქმიანობასა და ზოგადად, ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეპუტაციაზე. ექსტრადიციის შემთხვევაში, მოსალოდნელია რ. ზ-ის კონვენციური უფლებების დარღვევის საფრთხე. ,,CPT-ს“ არაერთი რეკომენდაცია აქვს გაცემული პენიტენციურ დაწესებულებაში მატერიალური პირობების, მინიმალური ჰიგიენის დაცვასთან მიმართებით. ამასთან, რ. ზ-ის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაგზავნილია განცხადება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ზ. რ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რელევანტური მტკიცებულება რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ზ. რ-ის მიმართ დაირღვა რაიმე უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. დაცვის მხარემ წარმოადგინა კონკრეტული მასალები, რომლებიც ექსტრადიციის პროცესის მიზნებისთვის არის არარელევანტური და ისინი არცერთ კონტექსტში არ ეხება ზ. რ-ის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზ. რ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს ან/და დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩეხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადოდ დაცვას.

7.2. ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს. თავის მხრივ, ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები, რომლებიც ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები. კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა გააჩნდეთ ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

7.3. ზ. რ-ი რომც ითვლებოდეს თავშესაფრის მაძიებლად, აღნიშნული არ აბრკოლებს საერთო სასამართლოების მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას. ამასთან, ზ. რ-ს 2023 წლის 17 მაისს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე და იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ზ. რ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 6 სექტემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

5.2. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა (ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე პარაგრაფი პირველ ნაწილთან ერთობლივად 209-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-5 ნაწილის „a” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა), ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209 (1) (4) „d”) მუხლით (თაღლითობა), 220 (1) (3) მუხლითა (ნდობის ვალდებულების დარღვევა) და 209 (1) (5) “a”) მუხლით (მასშტაბური თაღლითობა), რომლითაც ზ. რ-ი ბრალდებულია) დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი. ამასთან, აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაფლანგვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე.

5.3. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. რ-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე - ჩეხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ზ. რ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

7.1. ჩეხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ზ. რ-ის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნებისთვის უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ზ. რ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რამდენადაც ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება (მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14I-19 გადაწყვეტილება).

8. ხანდაზმულობის ვადა:

8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).

8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.

8.3. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ზ. რ-ი ბრალდებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც ჩეხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.

ამასთან, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (16/02/2023), ზ. რ-ი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით. მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს.

ამასთან, პროკურატურის მიერ საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი მასალის თანახმად (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წერილი, 18/05/2023), ზ. რ-ს 2023 წლის 17 მაისს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე და იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. ზ. რ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ზ. რ-ი ჩეხეთის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ანდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ. რ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ჩეხეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე არ მიუთითებს რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულებაზე, რის საფუძველზეც არაჰიპოთეტურად იქნებოდა მიჩნეული მისი რომელიმე უფლების შელახვის საფრთხე.

12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

12.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

12.2. ზ. რ-ან გასაუბრების ოქმის (ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის შესახებ) თანახმად, საქართველოში ცხოვრობს მისი მეუღლე და მათი საერთო შვილი; ხოლო, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ - მისი ყოფილი მეუღლე, ორი ქალიშვილი, მშობლები და ძმა.

12.3. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულთა ხასიათის, გარემოებებისა და მომეტებული საშიშროების მხედველობაში მიღებით, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ ზ. რ-ის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, ბიუროკრატიული პროცედურების გაუვლელად გაემგზავრონ ჩეხეთის რესპუბლიკაში ზ. რ-ის მოსანახულებლად.

12.4. ამდენად, ზ. რ-ის ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი