საქმე # 150100121005217773
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №367აპ-23 ქ. თბილისი
თ-ი ტ. 367აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. თ-ს, - დაბადებულს … წლის … აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლიდან მოყოლებული, ნ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ტ. თ-ი საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - ვ. თ-ს სისტემატურად ლანძღავდა, აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით. უკანასკნელად, 2021 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, სოფელ უ-ში მდებარე მათივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ტ. თ-მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
· 2019 წლიდან მოყოლებული, ნ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ტ. თ-ი საყოფაცხოვრებო საკითხებზე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მეუღლეს - ვ. თ-ს არაერთხელ დაემუქრა სახლიდან გაგდებით, ასევე, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, კერძოდ, 2021 წლის 13 ოქტომბერს, დილის საათებში, სოფელ უ-ში მდებარე მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ტ. თ-ი მის ხელთ არსებული ფიწლით უკან გამოედევნა ვ. თ-ს, რომელსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ მოკლავდა, თუ იგი კვლავ გააგრძელებდა მასთან თანაცხოვრებას, რის გამოც ვ. თ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში. მან დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ტ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2.2. გაუქმდა ტ. თ-ს მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
2.3. გამართლებულ ტ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ტ. თ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. თ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ვ. თ-მა და მოწმეებმა - ა. თ-მა და კ. თ-მა ისარგებლეს საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის, მამისა და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
8. საქმის მასალების თანახმად, ბრალდების მხარე ტ. თ-ს ედავება მეუღლის - ვ. თ-ს მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის სისტემატურობა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გულისხმობს დროის მოკლე მონაკვეთში სამ შემთხვევას მაინც, როდესაც პირველი ძალადობიდან მიღებული ტანჯვა ჯერ კიდევ არ განელებულა. მოცემულ შეთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ტ. თ-ი 2019 წლიდან სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს, თუმცა აღწერილია მხოლოდ 2021 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს ტ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებებისათვის დამახასიათებელ, სავალდებულო ობიექტურ ნიშნებზე, კერძოდ, სისტემატური შეურაცხყოფისთვის აუცილებელია დაზარალებულში ტანჯვის, ხოლო მუქარის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის განცდები. დასახელებული ობიექტური ნიშნების არსებობა დასტურდება სუბიექტური (დაზარალებულის ჩვენებით) და ობიექტური (საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) ტესტების გავლით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ვ. თ-მა უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ტანჯვისა და შიშის ფაქტებს; ასევე არ მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მოწმეთა - ა. კ-ს, გ. ა-ს, ს. დ-ს, გ. თ-ს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი არ ყოფილან არც შეურაცხყოფისა და არც მუქარის თვითმხილველები, არამედ ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულ ვ. თ-გან, რომელმაც, თავის მხრივ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე სასამართლოში და არც დაადასტურა და არც უარყო მოწმეთა მიერ გადმოცემული ფაქტები. ამდენად, ამ მოწმეთა ჩვენებებში ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რისი გამოყენებაც შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ტ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი