Facebook Twitter

საქმე # 190100122006077171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №420აპ-23 ქ. თბილისი

ქ-ი გ. 420აპ-23 12 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ქ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 7 ივლისს, დღის საათებში, ქალაქ რ-ში, მე-... მ/რ-ნის N...-ე კორპუსის მიმდებარედ, გ. ქ-მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს, 7 წლის თ. ა-ს, იმის გამო, რომ კითხვაზე არ უპასუხა, რკინის წვრილი ჯოხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე. გ. ქ-ს ძალადობრივი ქმედებით თ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 9 ივლისს, დღის საათებში, ქალაქ რ-ში, მე-... მ/რ-ნის N...-ე კორპუსის მიმდებარედ, გ. ქ-მა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს, 9 წლის ა. ა-ს, რომელმაც უსაყვედურა ყოფილ სიძესთან ურთიერთობის გამო, სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა, ყურზე მოუჭირა ხელი, შემდეგ კი რკინის ჯოხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე. გ. ქ-ს ძალადობრივი ქმედებებით ა. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენით:

2.1. გ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 7 ივლისის თ. ა-ს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 9 ივლისის ა. ა-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2.2. გაუქმდა გ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. გ. ქ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენის გაუქმება, გ. ქ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც განსახილველ საქმეში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში გ. ქ-ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ მოიპოვება.

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... და №... დასკვნებზე, რომელებიც ეხება ა. და თ. ა-ს სხეულზე დაზიანებებს არსებობას. სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, თ. ა-ს სხეულზე დაზიანებები აღმოჩენილი ვერ იქნა, ხოლო ა. ა-თან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ ბებომ დაზიანება მიაყენა მარჯვენა ფეხის უკანა ნაწილზე, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ა. ა-ს ფეხზე დაზიანება აღმოჩენილია მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე. ამდენად, გამოკითხვის ოქმსა და სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაში მითითებული დაზიანებების ადგილმდებარეობა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტიზის დასკვნასა და ა. ა-ს გამოკითხვისას მითითებულ ინფორმაციას შორის არსებული, არსებითი წინააღმდეგობის ახსნა ან დაზუსტება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ა. ა-ე სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა. ამ პირობებში საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნასა და ა. ა-ს მიერ მითითებული დაზიანების იდენტურობა არის საეჭვო. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ მოხერხდა დაზარალებულად ცნობილი ა. ა-ს დაკითხვაც. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის შედეგების გამოყენება გ. ქ-ს მიმართ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს - ყველა ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

8. რაც შეეხება ხ. ქ-ს, ა. ა-ს და . ა-ს სხდომაზე გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმებს, ა. და თ. ა-ს განმარტებებს სხვადასხვა დოკუმენტურ მტკიცებულებებში, მათ შორის შემაკავებელ ორდერებსა და მის ოქმებში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინფორმაციას გააჩნია ერთი და იგივე წყარო(ები); საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული მტკიცებულება დაედოს, აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) და გამართლებულის საწინააღმდეგოდ, როცა არ არსებობს ამ მტკიცებულებებში არსებული ინფორმაციის სხვა წყაროდან დადასტურების შესაძლებლობა, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან გ. ქ-ს არ მიეცა შესაძლებლობა იგივე ვითარებაში, უშუალოდ დაეკითხა დაზარალებულები, მოწმე და შეკითხვები დაესვა შემაკავებელ ორდერში არსებულ ანალოგიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

9. საქმეზე დაკითხული მოწმეების, გამომძიებლების - ი. ზ-სა და ზ. ვ-ს ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები გ. ქ-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ფაქტის შემსწრე და ისინი გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულების - ა. და თ. ა-გან გამოძიების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019), თუმცა აქვე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულად ცნობილ პირთა განმარტებებზე, რომ გ. ქ-ს მხრიდან შესაძლო ძალადობის ორივე ფაქტს ჰყავდა თვითმხილველი, ნეიტრალური მოწმე - მეზობლად პირველ სართულზე მცხოვრები გ., რომლის ვინაობის დადგენა, გამოკითხვა და მტკიცებულების სახით წარმოდგენა არ მომხდარა ბრალდების მხარის მიერ, მიუხედავად გამოძიების ხელთარსებული საკმაოდ კონკრეტული ინფორმაციისა. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება ოჯახური დანაშაულის ბუნებაზე, მტკიცებულებათა მოპოვების სირთულეზე, მოცემულ შემთხვევაში, არგუმენტაციას მოკლებულია. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, რომ თ. და ა. ა-მა მათზე ძალადობის არსებობის შემთხვევაშიც კი განიცადეს ფიზიკური ტკივილი; ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ - ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

13. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ქ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი