Facebook Twitter

საქმე # 330100118002629172

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №326აპ-23 ქ. თბილისი

ჩ-ე ლ. 326აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:

1.1. ლ. ჩ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 ივნისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჩ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 0430 საათზე, თ-ში, ც. დ-ს გამზირის №...-ე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ლ. ჩ-მ შურისძიების მოტივით, ხის ძელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში დ. გ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და ამასთან, საქმე არ შეწყდა ლ. ჩ-ს მიმართ მისი შეურაცხადობის გამო.

4.1. პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატ შ. ხ-ს არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ლ. ჩ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - თ. გ-ს, გ. ხ-ს, გ. ხ-ს, გ. ზ-ს, ნ. ფ-სა და სხვათა ჩვენებები, ელსმენის შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N..., სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს, მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ - პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას ან, შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.

9. საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებებით დგინდება, რომ ლ. ჩ-ე დ. გ-თან ერთად, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, იმყოფებოდა მაღაზიაში. ისინი ერთად გადაადგილდებიან და მაღაზიიდან გამოდიან. კამერებზე ასახულია თუ როგორ ტოვებს ფაქტის შემდეგ ლ. ჩ-ე შემთხვევის ადგილს. საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლის თანახმად ჯოხზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N4-ისა და ჯოხის ვიწრო ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე) არსებული ბიომასალის (ობ.N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ. ჩ-ს (ობ.N50). ჯოხის ფართე ნახევარზე (მოწითალო-მოყავისფრო) ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.N6) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ. ჩ-ს (ობ.N50), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის დ. გ-ს (ობ.N51). ამდენად, ცალსახაა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებული და მსჯავრდებული იმყოფებოდნენ ერთად, დ. გ-ს გარდაცვალებამდე საკმაოდ მოკლე პერიოდში, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

10. მხედველობაშია მისაღები მოწმეების - გ. და გ. ხ-ს ჩვენებები, კერძოდ: მოწმე გ. ხ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 ივნისს 05:00 საათამდე პერიოდში სახლში გაიგო რკინის ფირფიტაზე დარტყმის ხმა და გაეღვიძა. სასწრაფოდ გადაიხედა ფანჯრიდან და მამასთან ერთად დაინახა, რომ მისთვის უცნობი პირი იქნევდა ჯოხს. გაჩერებისკენ მოუწოდა და პარალელურად ჩაიცვა, დარეკა 112-ში. სადარბაზოდან გასულმა დაინახა გონებადაკარგული ადამიანი, რომელიც მიგდებული იყო რკინის ღობეზე, სისხლს ასხამდა პირიდან და ხროტინებდა. პირი, რომელიც ჯოხს ურტყამდა, იქ აღარ იყო. დაახლოებით 5-10 წუთში ადგილზე ჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მოწმემ განმარტა, რომ თავიდან არ იცოდა, ვინ იყო დაზიანებული პირი, თუმცა მოგვიანებით, როდესაც განყოფილებაში აჩვენეს მისი სურათი, იცნო დ. გ-ი. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ვერც სხვა მეზობლებმა იცნეს. მოწმემ განმარტა, რომ მისი სახლის ფანჯარა პირდაპირ უყურებდა შემთხვევის ადგილს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ. ხ-მა. მანვე აღნიშნა, რომ ამ დროის მანძილზე ფანჯრიდან იყურებოდა; შესაბამისად, დაინახა, რომ თავდამსხმელი მოტრიალდა და ცენტრალური ქუჩისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯით. მას გზა აერია და ასფალტის ჩავარდნილ ადგილას ჯოხი გაუვარდა, შემდეგ გზისკენ გავარდა და კინო ,,ს-ოს“ მხარეს წავიდა. მას ღია ფერის მაისური ეცვა. აღნიშნულის შემდეგ თავადაც ჩავიდა ეზოში, გ. ხ-ს დაზიანებული მამაკაცის თავი ეჭირა ხელში, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო; სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ნახეს საფულე, რომელიც ეკუთნოდა ვინმე ჩ-ს, ამიტომ თავიდან იფიქრეს, რომ გარდაცვლილი იყო ჩ-ე; გარდაცვლილის ვინაობა გაიგო პოლიციაში დაკითხვისას. ამდენად, ორივე მოწმის ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ ფაქტში მონაწილეობდა მხოლოდ ორი პირი. ასევე საგულისხმოა, რომ თავად მსჯავრდებული ლ. ჩ-ე ფაქტიდან რამდენიმე წუთში ხვდება პოლიციის თანამშრომლებს, არის ცუდად. მას სახეზე აქვს დაზიანებები (არც ეს გარემოება გაუხდია სადავოდ დაცვის მხარეს).

11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებისას ამოიღეს ასფალტის ზედაპირიდან ხის ნაჭერი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქები. ხის ნაჭერს თითქმის თავში დაჭედებული ჰქონდა დეფორმირებული ლურსმანი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა საგნები, მათ შორის საფულე, რომელშიც იყო ლ. ჩ-ს სახელზე გაცემული სხვადასხვა დოკუმენტი, ასევე პირადობის მოწმობა. 2018 წლის 14 ივნისის ელსმენის შეტყობინების თანახმად, თ-ში, ქ-ს ქ. N...-თან იყო მამაკაცის, სავარაუდოდ დ. გ-ის გვამი, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა დაზიანებები, გვამთან კი ეგდო ხის ხელკეტი და საფულე.

12. მოწმე გ. ზ-მ განმარტა, რომ მისი სახლის ფანჯრიდან პირდაპირ ჩანს შემთხვევის ადგილი. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 04:30 საათზე გააღვიძა რკინის ფირფიტების ბრახუნის ხმამ. ფანჯრიდან დაინახა, რომ დ. გ-ი დაბლა ეგდო, გვერდზე ჰქონდა თავი, უცნობი კი ურტყამდა ჯოხს, თუმცა მალევე გაიქცა მთავარი გზისკენ, ჯოხი მიაგდო იქვე. ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო თავდამსხმელი.

13. მოწმე გ. ზ-ს ჩვენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ გ. ზ-ს ჩვენება შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერთან, მოწმის აღქმა და განმარტება, რომ მსჯავრდებული ,,გაიქცა მთავარი გზისკენ“ არ მოდის არსებით წინააღმდეგობაში და არ გულისხმობს, რომ მოწმე განზრახ ცრუ ინფორმაციას აწვდის საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნული სრულიად შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ობიექტური გარემობებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ ლ. ჩ-ს მიმართ რაიმე პირადი სახის დაინტერესება როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, ასევე მოწმეთა მხრიდან, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ეს პირები დაინტერესებული არიან საქმის შედეგით, არ გამოკვეთილა.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განზრახვაზე, კერძოდ, ლ. ჩ-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის ჩადენა შურისძიების მოტივით. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის შელაპარაკებისას ორივე მხარე აქტიურად იყო ჩართული. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ განზრახვა არ მოიცავს მხოლოდ პირის სუბიექტურ წარმოდგენებს და მისი არსებობა უნდა შეფასდეს პირის მიერ ჩადენილ ქმედებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებებით, უშუალოდ დაზიანებების ლოკალიზაციით, რომელიც სწორედაც მიუთითებს პირის განზრახვაზე, რომ ნამდვილად სურდა დაზრალებულის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაზე, ლურსმნიანი ხის ჯოხის დაზარალებულისათვის თავის არეში (ხარისხობრივად მაღალი რისკისა და სხეულის სასიცოცხლო ორგანო) არაერთ დარტყმაზე, რაც მიანიშნებს მისი განზრახვის მოტივზე - შურისძიებაზე, რომელიც ჩხუბის ნიადაგზე წარმოეშვა და მიზანზე - მოესპო სიცოცხლე დ. გ-ის. ასევე საგულისხმოა, თუ როგორ მოხდა ქმედების შეწყვეტა ანუ მას შემდეგ, რაც მეზობლებმა უყვირეს და მსჯავრდებული მიხვდა, რომ ისინი შესაძლოა ჩამოსულიყვნენ, შეწყვიტა ქმედება და დატოვა შემთხვვევის ადგილი. შესაბამისად, ლ. ჩ-ს მიერ ქმედების შეწყვეტა მისი ნებით არ მომხდარა და დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე. აღნიშნული კი მთლიანობაში ადასტურებს, რომ მან სწორედაც განზრახ მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

15. რაც შეეხება ლ. ჩ-ს მიმართ ჩატარებულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნები წარმოდგენილია როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ლ. ჩ-ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში; ასევე არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებასა და ქცევაზე. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტიპიური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

16. დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე გაცემული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N43 დასკვნის თანახმად, ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის დროს ლ. ჩ-ე ავად იყო პარანოიდული შიზოფრენიით, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან/და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადი). ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობით ლ. ჩ-ს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედებების ფაქტობრივი ხასიათი ან/და უხელმძღვანელოს მათ და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ლ. ჩ-ე საჭიროებს სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობას მდგომარეობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.

17. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ (მსჯავრდებულმა) ბრალდების მხარეს უარი უთხრა ლ. ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად კომისიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდების მხარემ მომხდარი შემთხვევიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში (09.08.2018წ) ჩაატარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მიიღო დასკვნა ექსპერტიზისაგან, რომლის თანახმადაც, ლ. ჩ-ე გამოცხადდა მხოლოდ შეზღუდულ შერაცხადად. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად სწორედ აღნიშნული დასკვნა გაიზიარა, რადგან ალტერნატიული ექსპერტიზა დაცვის მხარემ წარმოადგინა მომხდარი ფაქტიდან შედარებით გვიან (ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო: 01.06.2020 წელს და დასრულდა: 29.06.2020 წელს). ვითარების შეფასება კი, ამავე დასკვნით, შესაძლებელია არ ყოფილიყო სრულყოფილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თავად მსჯავრდებულის კატეგორიულ უარს კომისიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ უნდა გაეცა პასუხი მისი შერაცხადობა-შეურაცხადობის თაობაზე და იმ გარემოებას, რომ როგორც გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენშია აღნიშნული, სააპელაციო პალატას არაერთხელ ჰქონდა მსჯავრდებულთან უშუალოდ კომუნაკაციის შესაძლებელობა და მისი ქცევიდან, საუბრის ადეკვატურობიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გასჩენია არავითარი ეჭვი მსჯავრდებულის შეურაცხადობასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად იზიარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნას, რომლის მიხედვითაც ლ. ჩ-ს დაუდგინდა მხოლოდ შეზღუდული შერაცხადობა.

18. ადვოკატი შ. ხ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და არ არის დადგენილი შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირის ვინაობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი). სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში შესაძლოა არ დადგენილა დაცვის მხარის მიერ დასახელებული ფაქტები იმ მოცულობით, რასაც იგი მიუთითებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირის შემხებლობა მომხდარ ფაქტთან არ იკვეთება. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც არ დასტურდება გარეშე პირის ჩართულობა დ. გ-სა და მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს შორის განვითარებულ კონფლიქტში, რომელსაც შედეგად მოჰყვა დ. გ-ს გარდაცვალება.

19. კასატორი - ადვოკატი შ. ხ-ე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დასაცავად თავის საჩივარში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ტანსაცმელსა და იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის სისხლის კვალი ლ. ჩ-ს ტანსაცმელზე არ არის ამოსული, რაც კასატორის აზრით ცალსახად ამართლებს მსჯავრდებულს წარდგენილ ბრალდებაში.

20. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგანაც საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საგანზე, რომლითაც დაზარალებულს მიადგა ზიანი იკვეთება დ. გ-სა და ლ. ჩ-ს გენეტიკური პროფილები. ასევე საქმეზე დაკითხული თვითმხილველი მოწმეები ცალსახად მიუთითებენ, რომ დაინახეს კონფლიქტი მხოლოდ ორ პირს შორის და ამ კონფლიქტისას დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი. ამდენად, ის არგუმენტი, თუ რატომ/რადგან არ გადავიდა მსჯავრდებულის ტანისამოსზე დაზარალებულის სისხლი, ცალსახად ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი.

21. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარში გააჟღერა კვალიფიკაციის საკითხი, რასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ერთის მხრივ ადგილი აქვს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტს, რომლის ე.წ. დამწყები პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, შედეგად კი ობიექტურად სახეზეა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, სასიკვდილო შედეგი. ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, უნდა გაანალიზდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება კონკრეტულ ქმედებამდე, დაზიანებების მიყენების მომენტში და შემდგომ, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილთან მდებარე კორპუსებში არაერთი მოქალაქე გააღვიძა ჩხუბის, გინებისა და ბრახუნის ხმამ, ფანჯრიდან კი დაინახეს ხის ჯოხის არაერთი დარტყმა გარდაცვლილის მიმართ, რომელიც ძირს ეგდო, ამ დროისათვის კი მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არათუ დარტყმას, არამედ თავის დაცვასაც კი. შესაბამისად, ამ მიმართულებით საფუძველს მოკლებულია საუბარი მსჯავრდებულის მხრიდან შესაძლო აუცილებელი მოგერიებასა თუ მისი ფარგლების გადაცილების საკითხზე.

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას, თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N 723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).

23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო სარწმუნოდ მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - შემადგენლობის არსებობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. ჩ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი