Facebook Twitter

საქმე # 010100121004943401

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №341აპ-23 ქ. თბილისი

ბ-ე დ. 341აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ბ-ს, - დაბადებულს … წლის … აგვისტოს, - ბრალად ედება გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისათვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები; პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება, ჩადენილი ანგარებით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში (2021 წლის თებერვლის შუა რიცხვების ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში (2021 წლის 31 მაისის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში (2021 წლის 18 ივნისის ეპიზოდი); შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით დ. ბ-მ უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ნ. ხ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გახმაურების მუქარით 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დ. ბ-ე სისტემატურად სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხების გადაცემას ქალაქ ბ-ში მყოფ ნ. ხ-ს. მას ეშინოდა რა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გახმაურების, რასაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დ. ბ-ს საერთო ჯამში გადასცა დაახლოებით 4000 ლარი.

· 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით დ. ბ-მ უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ნ. ხ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა, რაც ანგარებით, უკანონოდ გამოიყენა 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, კერძოდ, აღნიშნული მასალის გავრცელების მუქარით ამავე პერიოდში დ. ბ-ე ქ. ბ-ში მყოფ ნ. ხ-ს სისტემატურად სთხოვდა ფულადი თანხების გადაცემას. ნ. ხ-ს ეშინოდა რა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გახმაურების, რასაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით დ. ბ-ს საერთო ჯამში გადასცა დაახლოებით 4000 ლარი.

· 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ქ. ბ-ში, კ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩანგლის დემონსტრირებით, დ. ბ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ-ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 31 მაისს, ქ. ბ-ში, კ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ. ბ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ხ-ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 18 ივნისს დ. ბ-ე მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ქ. ბ-ში, თ. მ-ს დასახლების N...-ში, ბინა N...-ში მყოფ ნ. ხ-ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 30 ივნისს დ. ბ-მ მობილური ტელეფონის მეშვეობით სოციალურ ქსელ „ვაიბერში“ მოკლეტექსტური შეტყობინება მიწერა და კომუნიკაცია დაამყარა ქ. ბ-ში მყოფ ნ. ხ-თან, რითაც დ. ბ-მ არ შეასრულა 2021 წლის 24 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების მიერ გამოცემული N011676 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის განაჩენით:

2.1. დ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში.

2.2. დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2021 წლის 30 ივნისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. გაუქმდა დ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 12000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან ბ. ა-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ჭ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ბ-ს მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, N011676 შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, სატელეფონო გასაუბრების ოქმით, 2021 წლის 30 ივნისს ამოღებული ე.წ. ,,სქრინშოტებითა“ და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ანა როყვა ითხოვს დ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს დ. ბ-ს მიერ ნ. ხ-ს მიმართ მუქარის, თანხის გამოძალვისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა, გამოყენების ჩადენას.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ხ-მ დ. ბ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე.

9. მოწმე გ. ხ-მ გამოძიების ეტაპზევე უარი განაცხადა როგორც გამომძიებელთან, ისე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემაზე.

10. დ. ბ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დ. ბ-ს ტელეფონიდან, წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია - მიმოწერები, ფოტოსურათები და ა.შ. აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

11. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები - მ. დ-ე, მ. ჩ-ე და ი. ბ-ე არ არიან ფაქტების თვითმხილველი პირები. ისინი გამოსცემენ იმ დაზარალებულებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მათ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია არ არის შემხებლობაში წარდგენილი ბრალდების რომელიმე ეპიზოდთან და მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის და საგამოძიებო მოქმედების ირგვლივ მიცემულ განმარტებებს წარმოადგენენ. ამდენად, აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რისი გარკვევაც შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების შეფასების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში კი დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულ დ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში მამხილებელი მტკიცებულებები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

14. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი