საქმე # 330100119003168667
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №342აპ-23 ქ. თბილისი
ნ-ე ზ. 342აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. ნ-ს, - დაბადებულს … წლის … მარტს, - ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა და მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზ. ნ-ე ასაღებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა-დებდა ქ. თ-ს სხვადასხვა უბნებში, რომლის მისამართისა და ლოკალიზაციის ფოტოებს ინტერნეტის მეშვეობით უგზავნიდა მყიდველებს.
· ზ. ნ-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, საერთო წონით 0,0283 გრამი, საიდანაც 0,0128 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 22 ივლისს ზ. ნ-ს სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი სონატას“ მარკის ავტომანქანიდან (სახ.№…), ხოლო დარჩენილი 0,0155 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი,“ შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და განათავსა ქ. თ-ში, ვ-ს გამზირის …-ე კორპუსის მე-… სადარბაზოს მე-… და მე-… სართულებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ნ-ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2019 წლის 22 ივლისს, მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცავებმა.
· მანვე უკანონოდ შეიძინა 12,25 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ. თ-ში, ზ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინა ...-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2019 წლის 22 ივლისს ხსენებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის განაჩენით:
2.1. ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
2.2. ზ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 ივლისიდან.
2.3. ზ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ნ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება და მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზ. ნ-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, საერთო წონით 0,0283 გრამი, საიდანაც 0,0128 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 22 ივლისს ზ. ნ-ს სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი სონატას“ მარკის ავტომანქანიდან (სახ.№...), ხოლო დარჩენილი ნაწილი - 0,0155 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი,“ შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და განათავსა ქ. თ-ში, ვ-ს გამზირის ...-ე კორპუსის მე-... სადარბაზოს მე-... და მე-... სართულებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ნ-ს ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი - აღკვეთილ იქნა მომზადების სტადიაზე და 2019 წლის 22 ივლისს, მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა სამართალდამცავთა მიერ.
· მანვე უკანონოდ შეიძინა 12,25 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა ქ. თ-ში, ზ-ს ქუჩის N...-ში მდებარე ბინა N...-ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2019 წლის 22 ივლისს, ხსენებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.2. ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
4.3. ზ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 ივლისიდან.
4.4. ზ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ზ. ნ-ს გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ზ. ნ-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ის არ შეესაბამება საქმეში არსებული, საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული მსჯავრდებულის ბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხულ ქმედებებში. ეს მტკიცებულებებია მოწმეების - ა. გ-ს, დ. ნ-ს, ი. რ-ს, ზ. რ-ს, გ. მ-ს, ლ. ბ-სა და სხვათა ჩვენებები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ა. გ-მ, ი. რ-მა, ზ. რ-მა, გ. მ-მ, დ. ნ-მ, დ. გ-მა, ლ. გ-მა, კ. დ-მ, გ. ლ-მა და ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ. ბ-მა დაადასტურეს მათი მონაწილეობითა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებისა და მათში მითითებული გარემოებების სისწორე; მათ შორის მოწმეებმა - ი. რ-მა, ზ. რ-მა და გ. მ-მ, აგრეთვე საგამოძიებო ექსპერიმენტში და ამოღებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ. ბ-მა დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ მათი შემადგენლობით შესაბამისი ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლისა და იქ განვითარებული მოვლენები; ასევე მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, ნარკოტიკული საშუალებების ამოღებასა და ზ. ნ-ს დაკავებასთან დაკავშირებით პროცედურები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში შესაძლოა იყოს გარკვეული ხასიათის ცდომილებები/უზუსტობები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც სასამართლოს მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ წერილობით (შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით) და ნივთიერ მტკიცებულებებთან და ამ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან; პირიქით, მოწმე პოლიციელთა ჩვენებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დადგენილ გარემოებებთან სრულად თანხვდენილი.
9. ამასთან, როგორც ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო მოქმედების ოქმითაც დგინდება, რომ ზ. ნ-მ ჩხრეკის მიმდინარეობისას განაცხადა ,,მას ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ რამდენიმე ცალი აბი შენახული აქვს ავტომანქანის სალონში, პლასტმასის დეტალის ქვეშ, რომელსაც წარმოადგენდა ნებაყოფლობით“ (რაც შენიშვნის სახით დაფიქსირებულია ოქმში და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თ-ში, ს-ს გამზ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელ ი. რ-ს მიერ გამომძიებლების - ზ. რ-სა და გ. მ-ს, ასევე თავად ზ. ნ-ს მონაწილეობით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ დადგენილების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, კერძოდ, ზ. ნ-მ თავად მიუთითა „ჰიუნდაი სონატას“ მარკის ავტომანქანის (სახ.N...) სალონში, საჭის ქვევით, საბარგულის გასახსნელი სახელურის გვერდით არსებულ პლასტმასის დეტალზე, რომლის ქვეშ სამალავიდან ამოიღეს ნაჭრის მცირე ზომის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის მცირე ზომის ჩამკეტიანი 4 ცალი ტომარა, საიდანაც 3 ცალ ტომარაში მოთავსებული იყო მოთეთრო ფერის აბის ნატეხი, ხოლო 1 ცალ ტომარაში - ფირფიტა წარწერით „SUBUTEX და კონვალუტაში მოთავსებული იყო 1 ცალი აბი; სულ 3 აბის ნატეხი და 1 ცალ კონვალუტაში მოთავსებული აბი. ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომლის სისწორეც დადასტურებულია ამოღებაში მონაწილე პირების, მათ შორის ზ. ნ-ს ხელმოწერებით და მისი მხრიდან რაიმე პრეტენზია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასა და ამოღებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. ამასთან, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო მოქმედების ოქმითაც დგინდება, ზ. ნ-მ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას განმარტა, რომ ,,ამოღებული ნივთიერებები არის ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“, რომელიც უნდოდა გასაღებისათვის“ (რაც შენიშვნის სახით დაფიქსირებულია ოქმში და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებით (რომელთა სისწორე გარდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დადასტურებულია თავად ზ. ნ-ს ხელმოწერებით) დადგენილი ზემოთაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას ავტომანქანის ხელმეორედ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩხრეკის ჩატარებასა და ასევე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არარსებობასთან დაკავშირებით.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და ნარკოტიკული საშუალების ამოღების შემდეგ ზ. ნ-ე დააკავეს, რა დროსაც როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე დაკავების ოქმითაც (რომლის სისწორე გარდა მოწმეთა ჩვენებებისა დადასტურებულია თავად ზ. ნ-ს ხელმოწერით, ხოლო ოქმის თანახმად, მას რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გააჩნია) დგინდება, ზ. ნ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება; ვიზუალური დათვალიერებით მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. ზ. ნ-ს დაკავების შემდეგ კი, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა; ჩხრეკის დაწყებამდე წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის წარმოების შესახებ, განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობები და მისივე თანხმობით ჩატარდა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ბინის შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს არსებულ საძინებელ ოთახში, კარადის უჯრაში აღმოჩენილ იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის ჩამკეტიანი ტომრები და ერთი ცალი მცირე ზომის ელექტრო სასწორი. ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომლის სისწორეც დადასტურებულია ჩხრეკაში მონაწილე პირების, მათ შორის ზ. ნ-ს ხელმოწერებით და მისი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია ჩხრეკის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ ზ. ნ-ე ბრალდებულის სახით გამოიკითხა, რა დროსაც მას ასევე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება და მან ნებაყოფლობით მიაწოდა გამოძიებას საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც მისივე თანხმობით და მონაწილეობით ჩატარდა მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი; ზ. ნ-ს გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ. ამოღებული პოლიეთილენის ნაჭერი, მცირე ზომის ტომრები და კონვალუტები მათზე არსებული აბებით მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელიც თავის მხრივ მოთავსდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სპეცპაკეტში ნომრით FCD1289223, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი (აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნივთიერებები არ დალუქულა). ზემოთაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, გამომძიებელმა ი. რ-მა შეადგინა შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმები, რომლის სისწორეც დადასტურებულია მასში მონაწილე პირების, მათ შორის ზ. ნ-ს ხელმოწერებით და მისი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. აგრეთვე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს განხორციელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დასურათება/ფოტოგადაღება.
11. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით ზ. ნ-ს საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით 12,25 გრამს; ასევე ზ. ნ-ს სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი სონატას“ მარკის ავტომანქანიდან (სახ. N...) და ზ. ნ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩენილი - ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინს’’ საერთო წონით 0,0283 გრამს.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევა. როგორც საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით დგინდება, რომ თითოეულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული ობიექტები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და გაკეთდა შესაბამისი წარწერები, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები, მათ შორის ზ. ნ-ს მიერ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ქ.თ-ში, ზ-ს ქ.N..., ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ობიექტები (მცენარეული მასა) დაილუქა შსს. ც.კ.პ.დ N19 ლუქით სამ ფუთად (რაზედაც გაკეთდა შესაბამისი წარწერები - დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები); ზ. ნ-ს სარგებლობაში არსებული „ჰიუნდაი სონატას“ მარკის ავტომანქანიდან (სახ. N...) ამოღებული ტომარა, პოლიეთილენის ტომრები, აბის ნატეხები და კონვალუტა აბით ერთად მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა შსს. ც.კ.პ.დ N19 ლუქით (რაზედაც გაკეთდა შესაბამისი წარწერები - დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები); ზ. ნ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩენილი - ქ. თ-ში, ვ. ფ-ს გამზირი, კორპუსი N..., მე-... სადარბაზო, მე-... და მე-... სართულებს შორის ინტერნეტის გაყვანილობის პლასტმასის შესაფუთ მასალასა და კედელს შორის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის ნაჭერი, მცირე ზომის ტომრები და კონვალუტები მათზე არსებული აბებით მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელიც თავის მხრივ მოთავსდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სპეცპაკეტში ნომრით FCD1289223, რაზეც გაკეთდა შესაბამისი წარწერები - დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ასევე ქიმიური ექსპერტიზის N.... დასკვნით, თანდართული ფოტოცხრილითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები დალუქული იყო სწორედ იმ ლუქითა და იმ ფორმით, რაც მითითებულია ზემოაღნიშნულ ოქმებში და პაკეტების შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო, რაც გამორიცხავს ეჭვს მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.
13. მოცემული საქმის წარმოებისას როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. დაცვის მხარის უფლებების რაიმე ფორმით დარღვევას, ან შეზღუდვას (რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე), საქმის მასალებით არ დასტურდება და ადგილი არ ჰქონია;
14. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა მიღებული ზომები საგამოძიებო მოქმედებების ჩხრეკის/ამოღების სანდოობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, კერძოდ, არ განხორციელებულა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის ვიდეო გადაღება და გარდა პოლიციის თანამშრომელთა არასანდო ჩვენებებისა, არ წარმოუდგენია ბრალის დამადასტურებელი სხვა უტყუარი მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს და ამ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
15. დაცვის მხარის წარმომადგენელი კასატორი თავის საჩივარში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით (გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დადგენილი სტანდარტით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 22 ივლისს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და დასრულდა, ასევე კანონიერად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება (გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ზ. ნ-ს მიმართ.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ნ-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ზ. ნ-ს მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში.
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი