Facebook Twitter

საქმე # 330100122005655297

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №343აპ-23 ქ. თბილისი

უ-ი ვ, 343აპ-23 22 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით:

1.1. ვ. უ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. უ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, ვ. უ-რი ქ. თ-ში, ლ-ოს დასახლებაში, თ. ს-ას ქუჩის №...-ში მდებარე ინდ.მეწარმე ,,ლ. გ-ის’’ თამბაქოს მაღაზიაში ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე დ. ხ-ს და დანის გამოყენებით გასტაცა ნავაჭრი ფულადი თანხა - 1045 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ვ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 თებერვლიდან.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ციხისელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. უ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ ვ. უ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ქ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ვ. უ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - დ. ხ-ის, ლ. გ-ის, გ. ხ-ის, მ. მ-ის და ბ. ჭ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თავად ვ. უ-ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ნინო ციხისელი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. უ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მსჯავრდებულის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი და მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობითად; ამასთან, ვ. უ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

11. კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია, კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

12. საკასაციო პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე მისი ზომის შერჩევის დროს შებოჭილია/შემოსაზღვრულია იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულ ვ. უ-ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, დანაშაულებრივი ქმედების დასრულებისა და თანხის დაუფლების შემდეგ ვ. უ-მა დატოვა მაღაზია და მიიმალა, რის შემდგომაც დაზარალებულმა დასახმარებლად მიმართა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც დაიწყეს სამძებრო მოქმედებები. საქმის მასალების თანახმად, ვ. უ-მა დანაშაული ჩაიდინა 2022 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ხოლო დააკავეს დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდგომ - დაკავების ოქმის თანახმად, 2022 წლის 22 თებერვალს, 00:00 საათსა და 07:00 წუთზე (ტ.1.ს.ფ.28-35), რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

14. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ვ. უ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მან დაკავებისთანავე აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც გულწრფელად ინანიებს; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; წარსულში არ არის ნასამართლევი; მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ვ. უ-მა ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს); ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (დაუფლებოდა სხვის ქონებას, რა დროსაც მოქმედებდა ანგარების მოტივით); ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი მტკიცე სურვილი ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა დანაშაულის ჩადენისათვის მომზადებასა და დანაშაულის განხორციელებაში); დამდგარი შედეგი (ვ. უ-ის ქმედების შედეგად დაზარალებულ ინდ. მეწარმე ,,ლ. გ-ს’’ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი, ხოლო დაზარალებულ დ. ხ-ს მორალური ზიანი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ვ. უ-ნ სრულად იქნა ამოღებული გატაცებული თანხა, რაც დაუბრუნდა დაზარალებულს); მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი; მისი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, რისი მხედველობაში მიღებითაც მას განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით განხორციელდება სასჯელის მიზნები. ამასთან, პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი