საქმე # 330802223007325097
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№36I-23 ქ. თბილისი
ნ-ი ა. 36I-23 19 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ნ-ს მიმართ ყ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2020 წლის 13 მარტს ა. ნ-ი ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის ოლქის ქალაქ ა-ს პოლიციის სამმართველოს დადგენილებით ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად და მისი ქმედებები დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით (ფინანსური (საინვესტიციო) პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა ფულისა და სხვა ქონების მოზიდვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
2021 წლის 21 ივნისს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის ოლქის ქალაქ ა-ს პოლიციის სამმართველოს დადგენილებით დაზუსტდა კვალიფიკაცია და ა. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა - ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (უკანონო მეწარმეობა, საბანკო, მიკროსაფინანსო ან კოლექტორული საქმიანობა, საქმიანობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით), 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1-ლი, მე-2 პუნქტებით (ფინანსური (საინვესტიციო) პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის ან სხვა ქონების მოზიდვით) და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და აგრეთვე მისი ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა).
2020 წლის 20 მარტს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ნ-ს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
2020 წლის 1 აპრილს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ნ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2020 წლის 6 მაისს ა. ნ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ა. ნ-ს მიმართ ს-ში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 17 ივნისს ა. ნ-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2021 წლის 19 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა. ნ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 50 000 ლარი, ხოლო გირაოს თანხის სრულად შეტანამდე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2021 წლის 21 ივნისს გირაოს თანხის სრულად უზრუნველყოფის საფუძველზე, ა. ნ-ი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2021 წლის 16 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ნ-ს ექსტრადიციის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
ყაზახეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
სწრაფი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში, ა. ნ-მა სხვა პირებთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება და ხელმძღვანელობდა მას. დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით, ა. ნ-ი ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, თაღლითობას და დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებდა უკანონოდ შექმნილ ე. წ. „ფინანსურ პირამიდას.“ დანაშაულების ჩასადენად დაჯგუფება იყენებდა კომპანიებს, შპა “მ-ი“, შპა “გ-ი“ და შპა “E-ი“, რომლებშიც ასაქმებდა გადაბირებულ, სანდო პირებს, ანაწილებდა როლებსა და ფუნქციებს, აკონტროლებდა და იერარქიულად განსაზღვრავდა მათი დანაშაულებრივი საქმიანობის მეთოდებსა და წესებს.
კომპანია შპა “მ-ი“, ყ-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე. მიუხედავად ამისა, კომპანია მოსახლეობისგან იღებდა ანაბრებს და გასცემდა მიკრო კრედიტებს, შეისყიდდა ავტომობილებსა და უძრავ ქონებას. აღნიშნულ ფულად სახსრებსა და ქონებას კომპანია განკარგავდა საკუთარი სურვილისამებრ, მათ შორის, ისტუმრებდა წინა მეანაბრეებს.
ამრიგად, კომპანია მოქმედებდა ე.წ. „ფინანსური პირამიდის“ პრინციპით, რაც ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით აკრძალულია.
2019 წლის გაზაფხულზე შპა „მ-ს“ დამფუძნებელი ჟ. ტ. ე-ი შევიდა დანაშაულებრივ შეთანხმებაში ა. ნ-თან და სხვა, ერთ პირთან და მათთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება. მათ დანაშაულებრივი ჯგუფის იერარქიაში შეიტანეს ცვლილებები. სამივე პირი გახდა დანაშაულებრივი დაჯგუფების თანახელმძღვანელი და ერთობლივად წარმართავდნენ მის საქმიანობას.
ა. ნ-მა დანამდვილებით იცოდა, რომ შპა „მ-ი“ ლიცენზიის გარეშე ეწეოდა ბანკნოტების, მონეტებისა და ფასეულობების აღრიცხვას, შენახვას, გადატანასა და ინკასაციას, რისთვისაც აუცილებელი იყო რეგისტრაცია და ლიცენზიის მიღება უფლებამოსილი ორგანოსგან. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი ხელმძღვანელობდა კომპანიას და აგრძელებდა საბანკო საქმიანობას საჭირო ლიცენზიის გარეშე.
2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ა. ნ-ს ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, „ფინანსური პირამიდის“ თაღლითური საქმიანობის გაფართოებისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დააფუძნა ახალი კომპანიები: შპა “გ-ი“ და შპა “E-ი“ და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გახსნეს შპა “მ-ი-ს,“ შპა “გ-ი-ს“ და შპა “E-ი-ს“ ფილიალები. ფილიალების მენეჯერებად დანიშნეს სანდო პირები, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და დაჯგუფების ხელმძღვანელების მითითებების შესაბამისად, ბიზნეს საქმიანობის ნაცვლად, ეწეოდნენ უკანონო, თაღლითურ საქმიანობას; კერძოდ, ა. ნ-სა და დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრების ხელმძღვანელობით, შპა-ები მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოსახლეობისაგან იღებდნენ ფულადი სახსრებს (დეპოზიტებს), ხოლო მესაკუთრეებისგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე რეალიზაციას უკეთებდნენ მოსახლეობის კუთვნილ უძრავ ქონებას და ავტომობილებს. ინვესტირებისა და ბიზნესსაქმიანობაში დაბანდების ნაცვლად, მიღებული თანხის ნაწილი, იხარჯებოდა წინათ დადებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანების ასანაზღაურებლად, ხოლო დარჩენილ თანხას ეუფლებოდნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელები და მონაწილეები.
დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, დაზარალებულებთან გაფორმდა 22 713 ხელშეკრულება, მათ მოიზიდეს 22 513 514 575 ტენგე და დაზარალებულებს მიადგათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 30 223 889 785 ტენგეს ოდენობის ზიანი, რაც 170 000 000 ლარზე მეტია.
4. 2023 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. ნ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ნ-ს ყ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია: ყაზახეთის რესპუბლიკის აქტიუბინსკის ოლქის ქალაქ აქტობეს პოლიციის სამმართველოს 2021 წლის 25 ივნისის დადგენილებაში ა. ნ-ს მიმართ კვალიფიკაციის დაზუსტების თაობაზე და გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (უკანონო მეწარმეობა, საბანკო, მიკროსაფინანსო ან კოლექტორული საქმიანობა, საქმიანობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით), 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1-ლი, მე-2 პუნქტებით (ფინანსური (საინვესტიციო) პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის ან სხვა ქონების მოზიდვით) და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და აგრეთვე მისი ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ზ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმება.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა. ნ-ს მიმართ დევნა მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო მიმდინარეობს. ექსტრადიცია მოითხოვება ისეთ ქვეყანაში, სადაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დადგენილია სიკვდილით დასჯა. ა. ნ-ი მხარს უჭერდა ლ-ს (ყაზახი უფლებამდაცვლი, პოლიტიკური ჟურნალისტი), ასევე ფინანსურად ეხმარებოდა მის უფლებადამცველ საქმიანობასა და მის მიერ გამოცემულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ გაზეთს - „ურალსკაია ნედელიას.“ 5 წლის განმავლობაში დაბრუნების გარეშე მას დაახლოებით 10 000 აშშ დოლარი გადასცა - ოპოზიციური საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის - სხვადასხვა მასალის გამოქვეყნებისთვის, რომელიც ააშკარავებდა ამჟამინდელ მთავრობას. მისი მხარდაჭერის გარეშე ლ. ა-ის არ იქნებოდა შესაძლებელი ჩაეტარებინა შეხვედრა და გაევრცელებინა გაზეთ „ურალსკაია ნედელიას“ ტირაჟები. 2019 წლის დეკემბრამდე ა. ნ-ი არ ელოდა სერიოზული სახის პრობლემებს. ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მისმა ღვიძლმა დამ - ჟ. ნ-მ (იგი 25 წლის განმავლობაში მუშაობდა სამოქალაქო საქმეების მოსამართლედ აქტობეს №2 საქალაქო სასამართლოში) კონფიდენციალურად უთხრა, რომ მის მიმართ შიდა აუდიტი დაინიშნა და შეიძლებოდა ის გაეთავისუფლებინათ, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერის მოგონილ საფუძველზე კი, ა. ნ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნილიყო. მეუღლესთან ერთად შეამჩნია, რომ ზოგიერთ ადგილას მანქანები, ფიზიკურად ძლიერი ადამიანები უთვალთვალებდნენ. 2019 წლის 27 დეკემბერს მათი უფროსი ვაჟი - დ. უცნობმა ადამიანებმა სასტიკად სცემეს. დამ ურჩია დაეტოვებინა ყაზახეთი. ა. ნ-ს ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ჟ. ე-ს ჩვენებებს (რომელსაც არავითარი ჩვენება არ მიუცია); საბრალდებო დასკვნაში არ არის მითითებული დანაშაულის დრო და ადგილი, აგრეთვე არ არიან დაზარალებულები და არ არის განცხადებები დანაშაულის შესახებ. გამოძიების მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები უკანონოა. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე, რომლითაც ის ითხოვდა ა. ნ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საქმეს - მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის თაობაზე (ადმინისტრაციული აქტის ბათილობის მოთხოვნის შესახებ).
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ა. ნ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, ა. ნ-ს არ წარმოუდგენია ავთენტური მტკიცებულებები - პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისა და ამ მიზეზით, მისი დევნის დასადასტურებლად. დაცვის მხარის მასალები შეიცავს ე.წ. „სქრინშოთებს“, რომლებიც თითქოსდა, ასახავენ ა. ნ-ს მიერ გავრცელებულ კრიტიკულ პოლიტიკურ მოწოდებებს. შესაძლებელია, აღნიშნული „სქრინშოთები“ ასახავდეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილებს, მაგრამ გაგზავნის თარიღი, გამგზავნისა და მიმღებ პირთა ვინაობა უცნობია. ერთ შემთხვევაში, კონტაქტ „მ. ა-ს“ (М. А-В) საკომუნიკაციო ველში გადაღებული „სქრინშოთებით“ დაფიქსირებულია საქმისთვის არარელევანტური ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც თარიღდება 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2022 წლის 2 თებერვლამდე პერიოდით, მაშინ, როდესაც ა. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2020 წლიდან. პოლიტიკურ საქმიანობაში ა. ნ-ს მონაწილეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ლ. ა-თან გადაღებული ფოტოები და ლ. ა-ს განმარტება არ ადასტურებს, რომ ა. ნ-ს მიმართ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნა მიმდინარეობდა. ა. ნ-სა და მისი ოჯახის წევრების განმარტებით, ოჯახის დაშინების მიზნით, მის ვაჟს - დ. ნ-ს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარეს სამედიცინო დასკვნა ან ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მათ მიერ მასალებში დართული ფოტოს წარმომავლობა, გადაღების დრო და გარემოებები არ არის დადგენილი. ა. ნ-ს დის, ჟ. ნ-ს განმარტებით, იგი იყო მოქმედი მოსამართლე, როდესაც ა. ნ-ს მიმართ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე შეიტყო და წინასწარ გააფრთხილა იგი 2020 წლის იანვარში. ჟ. ნ-ა განმარტავს, რომ მათ ოჯახს მიზანმიმართულად დევნიდნენ და აიძულეს, დაეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი 2020 წლის 21 ოქტომბერს, საკუთარი განცხადებით გადადგა მოსამართლის პოზიციიდან, ხოლო ინტერნეტწყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ჟ. ნ-ა ამჟამად ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქის ნოტარიუსთა პალატის მოქმედი ნოტარიუსია. დაცვის მხარემ წარმოადგინა ავტომანქანების ფოტოები, რომლითაც, მათი განმარტებით, უთვალთვალებდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურები, თუმცა რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ავტომანქანების სპეცსამსახურებთან კავშირზე არ მოიპოვება.
7.2. პოზიციის ავტორი უთითებს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება - ა. ნ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი სიკვდილით დასჯის საშიშროების თაობაზე. როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მასალებითა და კანონმდებლობის ამონაწერით დასტურდება - ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ა. ნ-ს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა სხვა დანაშაულისთვის შეუძლებელია მინსკის კონვენციის 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე. ამასთან, ექსტრადიციის სფეროში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ნ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2021 წლის 17 ივნისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ა. ნ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული ქმედებები დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით, ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-2 პუნქტებით (უკანონო მეწარმეობა, საბანკო, მიკროსაფინანსო ან კოლექტორული საქმიანობა, საქმიანობა ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით, 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1-ლი, მე-2 პუნქტებით (ფინანსური (საინვესტიციო) პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, ჩადენილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის ან სხვა ქონების მოზიდვით) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და აგრეთვე მისი ან დანაშაულებრივი ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით.
ამასთან, აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ამავე კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 2241 მუხლით, რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე - ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ნ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში ა. ნ-ს მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ა. ნ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნებისთვის უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ა. ნ-ს უდანაშაულობის, ბრალდების უსაფუძვლობის თაობაზე, რამდენადაც ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება (მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14I-19 გადაწყვეტილება).
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთათვისაც მოითხოვება ა. ნ-ს ექსტრადიცია ყაზახეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ამავე კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ჩადენილი ჯგუფურად), 2241 მუხლით (რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულები. მოცემული ქმედებები ა. ნ-მა ჩაიდინა 2019-2020 წელს. ა. ნ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2020 წლის 13 მარტს, ხოლო მისი ძებნის სანქცია გაიცა 2020 წლის 1 აპრილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 2241 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გასული არ არის.
ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ა. ნ-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით, რომელიც აითვლება სავარაუდო ქმედების ჩადენიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება, თუ პირი ემალება გამოძიებას ან სასამართლოს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვითაც გასული არ არის.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (08/05/2023), ა. ნ-ს უარი ეთქვა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ნ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო წარმოების დასრულებამდე ა. ნ-ი თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და მას აქვს კანონიერი ყოფნის უფლება საქართველოში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ა. ნ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.4. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ა. ნ-ი ყაზახეთის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ანდა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებზე, მათ შორის - ე.წ. ,,სქრინშოთებზე“ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად იმსჯელა, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე ახალი სახის გარემოებაზე არ მიუთითებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების ავთენტურობა დადგენლი არ არის; მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას თან ერთვის ფოტო, რომელიც მათი განმარტებით, გადაღებულია დ. ნ-ს (ა. ნ-ს ვაჟი) ცემის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტოს ავთენტურობა და მისი გადაღების თარიღი ბუნდოვანია; საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სამედიცინო ცნობა, რაც დ. ნ-ს დაზიანებების ხარისხს, თარიღს, წარმოშობის მიზეზსა და განვითარების მექანიზმს დაადასტურებდა წარმოდგენილი არ არის. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია - ზემოხსენებული ფაქტის თაობაზე ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ - საქმეში წარმოდგენილი ლ. ა-ს განმარტება არ ადასტურებს, რომ ა. ნ-ს მიმართ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დევნა მიმდინარეობდა.
ამასთან, ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმადაც, მინსკის კონვენციის 66-ე მუხლის შესაბამისად, ა. ნ-ი პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ იმ დანაშაულთათვის, რომელთა გამოც მისი გადაცემაა მოთხოვნილი და სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი შემთხვევაში სასჯელის მოხდის შემდეგ, თავისუფლად დატოვებს ტერიტორიას. გარანტიაში აღნიშნულია, რომ ა. ნ-ი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას; საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება; მას მიეცემა დაცვის ყველა კანონიერი შესაძლებლობა. ამასთან, გარანტიაში მითითებულია, რომ ა. ნ-ს დევნა არ არის პოლიტიკური ან რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათის.
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
12.2. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. ნ-ი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და მას საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათსა და ლეგიტიმურ მიზანს - ა. ნ-ი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებებს სიკვდილით დასჯის სავარაუდო საშიშროებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახად: ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა.“
13.1. განსახილველ შემთხვევაში, ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ამასთან, როგორც აღინიშნა, ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმადაც, მინსკის კონვენციის 66-ე მუხლის შესაბამისად, ა. ნ-ი პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ იმ დანაშაულთათვის, რომელთა გამოც მისი გადაცემაა მოთხოვნილი და სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდეგ, - იგი თავისუფლად დატოვებს ტერიტორიას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, მინსკის კონვენციის 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ცალსახად უთითებს, რომ: თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე გადაცემული პირი არ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ან დაისაჯოს მის გადაცემამდე ჩადენილი დანაშაულისთვის, რომლის გამოც იგი არ გადაუციათ.
შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი დაცვის მხარის მითითებები აგრეთვე უსაფუძვლოა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი