საქმე # 330100122005799838
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №384აპ-23 ქ. თბილისი
ლ-ე თ. 384აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. თ. ლ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. თ. ლ-ს მოცემული განაჩენის აღსრულება გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 1 წლით.
1.3. გაუქმდა თ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. გ-ს (პ/ნ ...), მ. გ-ს (პ/ნ ...), ნ. გ-სა (პ/ნ ...) და ლ. გ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ. კ-ში, მე-... ქუჩის პ-ი ჩიხი, №..., საკადასტრო კოდით: ...) გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
1.4. პ. ც-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. თ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ვ. ც-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. პ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. თ-ს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. მ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ლ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის დეკემბერში, პ. ც-ე და თ. ლ-ე სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით შეუთანხმდნენ ლ. თ-ს, რომ 5000 აშშ დოლარად მიაგირავებდნენ თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, მე-... კორპუსის ბლოკ „...“-ში მდებარე №... ბინას, წინასწარ კი მოსთხოვეს „ბეს“ სახით ფულადი თანხის გადახდა, ხოლო ბინის გაფორმებას შეპირდნენ უახლოეს პერიოდში. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 29 დეკემბერს, თ-ში, ქ. წ-ს გამზირის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც-ს ოფისში, ერთი მხრივ, ლ. თ-სა და მეორე მხრივ, პ. ც-სა და თ. ლ-ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ. ს-ს კუთვნილ, თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, მე-... კორპუსის ბლოკ „...-ში“ მდებარე №... საცხოვრებელ სახლზე მისი წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, სანაცვლოდ კი ლ. თ-მა პ. ც-სა და თ. ლ-ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 5000 აშშ დოლარი. პ. ც-ე და თ. ლ-ე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ ლ. თ-ს ფულად თანხას - 5000 აშშ დოლარს, ხოლო მასთან არ გაუფორმებიათ იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, მე-... კორპუსის ბლოკ „ა...-ში“ მდებარე №... საცხოვრებელ ბინაზე და გადაცემული თანხა საერთოდ არ დაუბრუნებიათ დაზარალებულისათვის. აღნიშნული ქმედებით ლ. თ-ს მიადგა 16492.50 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის იანვარში, პ. ც-ე და თ. ლ-ე სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით შეუთანხმდნენ ვ. ც-ს, რომ 13000 აშშ დოლარად მიაგირავებდნენ თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, №... კორპუსში, ბლოკ „...-ში“ მდებარე №... ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადახდა, ხოლო ბინის გაფორმებას შეპირდნენ უახლოეს პერიოდში. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 6 იანვარს, ქ. თ-ში, ქ. წ-ს გამზირის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც-ს ოფისში, ერთი მხრივ, ვ. ც-სა და მეორე მხრივ, პ. ც-სა და თ. ლ-ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ. ს-ს კუთვნილ, თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, №... კორპუსში, ბლოკ „...-ში“ მდებარე №... საცხოვრებელ სახლზე, მისი წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, სანაცვლოდ კი ვ. ც-მ პ. ც-სა და თ. ლ-ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 13000 აშშ დოლარი. პ. ც-ე და თ. ლ-ე, მოქმედებდნენ დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ ვ. ც-ს ფულად თანხას - 13000 აშშ დოლარს, ხოლო მასთან არ გაუფორმებიათ იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თ-ში, ლ. კ-ს №...-ში, №... კორპუსის ბლოკ „...-ში“ ბინა №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და გადაცემული თანხიდან მხოლოდ 11300 აშშ დოლარი დაუბრუნეს. აღნიშნული ქმედებით ვ. ც-ს მიადგა 5440 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლოილება, კერძოდ:
3.2. თ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 10000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
3.3. თ. ლ-ს მოცემული განაჩენის აღსრულება გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 1 წლით.
3.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ თ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. გ-ს (პ/ნ ...), მ. გ-ს (პ/ნ ...), ნ. გ-ს (პ/ნ ...) და ლ. გ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზ-ს მუნიციპალიტეტი, სოფელი შ. კ-ი, მე-... ქუჩის პირველი ჩიხი, №..., საკადასტრო კოდით: ...) გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ თ. ლ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ. თ-ს, ვ. ც-ს, თ. ც-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმითა და ამოღებული წერილობითი ხელშეკრულებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და ადვოკატ გ. გ-ს პოზიციებს მსჯავრდებულ თ. ლ-ის შეფარდებული სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
8. სასჯელის სამართლიანობა ვლინდება შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობაში მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან მიმართებით. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი.
10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულ თ. ლ-ს მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ლ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა თ. ლ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება (მან ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჰყავს წლამდე ასაკის შვილი, არ არის ნასამართლევი, კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თ. ლ-ს მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით მას აქვს ანაზღაურებული მიყენებული ზიანის ნაწილი), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულებისათვის თ. ლ-ს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განუსაზღვრა ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ სანქციით გათვალისწინებული სხვა ალტერნატიული სასჯელის სახის - ჯარიმის გამოყენება განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამოსადეგ ღონისძიებას, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციის, ისე ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი სრულად ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული იქნეს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, რადგან სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი