Facebook Twitter

საქმე # 190100119003047380

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №385აპ-23 ქ. თბილისი

ს-ი ს, 385აპ-23 22 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 22 მაისს, დღის საათებში, ქალაქ რ-ი, ჭ-ის დასახლებაში მდებარე სათნოების სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ს. ს-მა ყოფილ მეუღლეს - ნ. კ-ს მკლავში მოკიდა ხელი და მოსთხოვა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაყოლა. ნ. კ-მა აღნიშნულზე განუცხადა უარი, სთხოვა თავის დანებება და მასთან ურთიერთობის გაწყვეტა. ს. ს-მა ამჯერად შვილის - მ. გ-ის მოკვლის მუქარით მოსთხოვა ნ. კ-ს გაჰყოლოდა ქ. რ-ში, ს-ში, ზ-ძის ქუჩის N..- ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით:

2.1. ს. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2.2. გაუქმდა ს. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

2.3. ს. ს-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ს. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა პ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

7. დაზარალებულ ნ. კ-ს ჩვენებით 2010-2012 წლებში, ს. ს-მა რამდენჯერმე მის შვილს - მ. გ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაარტყა სილა. 2017 წელს ნ. კ-ი გათხოვდა და სიძე მათთან გადავიდა საცხოვრებლად, რასაც ს-ი აპროტესტებდა. 2019 წლის 20 მარტს, დაზარალებული და ს. ს-ი დაახლოებით პირველ საათზე დაბრუნდნენ სახლში, რა დროსაც მ. გ-ძე და მისი მეუღლე ოთახში იყვნენ ჩაკეტილები, რაზედაც ს. ს-მა გამოთქვა პრეტენზია. იგი ცდილობდა კარის გატეხვას, რა დროსაც დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. გამოიცა შემაკავებელი ორდერი 1 თვით. უშუალოდ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა აჩვენა, რომ 2019 წლის 22 მაისს, N7 ავტობუსით ამხანაგ ნ. ბ-ან ერთად მიდიოდა სასადილოში, სადაც გაჩერებაზე ავიდა ს. ს-ი და უბრძანა მის გვერდით დაჯდომა. ამ მომენტში მან ს-ს არაფერი უთხრა. სასადილოში მისვლისას ს-მა მას ხელი მოჰკიდა და უთხრა, რომ თუ ეგრევე არ წაყვებოდა ს-ში, მის გოგოს მოკლავდა, რადგან იცოდა, რომ ყველაფერი მისი ოინები იყო. დაზარალებულს შეეშინდა და ამის გამო გაჰყვა. ადგილზე მისვლისას ს. ს-ს მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ს. ს-ს არ უნდოდა ნ. კ-ის გაშვება, თუმცა იგი მაინც წავიდა და ს-ც უკან გაყვა. ამ დროისათვის ნ. ბ-ძე უკვე მივიდა ნ. კ-ის შვილთან და მოუყვა მომხდარის თაობაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ს. ს-ის დაჭერით მას არაფერი მოემატება და სურს, რომ მას ჰქონდეს თავისი გზა და ყველანი კარგად იყვნენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ ნ. გ-ი არის მისი დედამთილი, რომელსაც იგი ბოლოს შეხვდა სასადილოში. მან დაზარალებულს განცხადების გატანა სთხოვა. ნ. კ-ი სასადილოში მივიდა საჭმლის წასაღებად და არა სპეციალურად. ს. ს-ს დაზარალებული ბოლოს შეხვდა 2019 წლის 22 მაისს ავტობუსში, სადაც ს-მა სთხოვა მასთან გადაჯდომა, რაც უარის შემდეგ აღარ დაუძალებია. ნ. ბ-მ ავტობუსიდან ჩასვლისას ს. ს-ს უთხრა, რომ ცოლს არ შეუჭამდა და უტოვებდა. ნ. კ-მა არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ისინი ს-ის სახლში წავიდნენ ყავის დასალევად. დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომიდან გასვლის შემდეგ პროკურორს უთხრა, რასაც უნდოდა იმას იტყოდა, რადგან უბედური ქალი იყო. დაზარალებულის შვილი ნ. კ-ისა და ს. ს-ის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ყოველთვის კამათობდნენ.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, ბრალდების მხარემ საქმეში წარმოადგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ ნ. კ-ის ჩვენება, რომლის თანახმადაც შემთხვევის დღეს ყოფილმა მეუღლემ მისი ნების საწინააღმდეგოდ, მუქარის საფუძველზე აიძულა გაჰყოლოდა. სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს საქმეში არ მოიპოვება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ადასტურებენ არა უშუალოდ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, არამედ გამართლებულის, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტურ ურთიერთობებს, მიუთითებენ ს. ს-ის მხრიდან დაზარალებულის შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე, თუმცა უშუალოდ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მათი ჩვენებები ირიბია. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ პირებს - ნ. ა-სა და ს. ც-ას, მათ სასამართლოს მიაწოდეს გამოძიებისას მიღებული და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

9. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ. ბ-ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მართალია იგი ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა და ისედაც მწირი მტკიცებულებების ფონზე მხარეებს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

10. მოწმე ნ. ბ-ს ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს არა მხოლოდ მოწმის სასამართლოში არდაკითხვის ფაქტიდან გამომდინარე, არამედ მისი შინაარსის გამოც. ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, მოწმე შეესწრო ფაქტს, როდესაც ს-ა აგრესიული, ხმამაღალი ტონით უთხრა დაზარალებულს გაჰყოლოდა სამგორში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შვილს მოკლავდა, რომელიც, მოწმის განმარტებით, ისედაც არ მოსდიოდა თვალში. ნ. ბ-ს ჩვენების თანახმად, ამაზე მან ს-ა და ნ-ოს უთხრა, რომ დაელაგებინათ თავიანთი ურთიერთობა და თუ შორდებოდნენ, მშვიდად დაშორებოდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც წამოვიდა სახლში. ამდენად, მისი წამოსვლისას ს. ს-ს ქმედება დასრულებული არ ჰქონდა და ამ კონკრეტული მოწმისათვის ცნობილი არ არის, რამ განაპირობა ნ. კ-ის თანხმობა და რატომ გაჰყვა იგი ყოფილ მეუღლეს. აღნიშნულ ფაქტს მოწმე ნ. ბ-ე არ შესწრებია. იგი მხოლოდ შემდგომში განხორციელებული ზარით მიხვდა, რომ ნ. ს-ს გაჰყვა, ვინაიდან მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რასაც ჩვეულებრივად მასთან ყოფნის დროს აკეთებდა ხოლმე დაზარალებული.

11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თვითონ ეს ფაქტიც იწვევს გარკვეულ ეჭვებს, რამდენადაც ძნელად ასახსნელია დაზარალებულის საქციელი - რატომ უნდა გამოერთო ტელეფონი ჩვეულებისამერ, თუ იგი იძულებით წაიყვანეს და მას ან მის შვილს რაიმე საფრთხე ემუქრებოდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ვარაუდის გამოთქმაა შესაძლებელი, მაგრამ ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ბრალდების მხარეს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება და არ აუხსია ის შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, ნ. ბ-ის ჩვენება არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ბრალდებას.

12. გარდა აღნიშნულისა, როგორც დაზარალებული ნ. კ-ი, ასევე მოწმე ნ. ბ-ძე თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ს. ს-მა ერთხელ უთხრა დაზარალებულს გამომყევი, თორემ შვილს მოგიკლავო. სხვა სახის ზემოქმედებაზე, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენებაზე, არაფერი მიანიშნებს. ასეთ პირობებში საეჭვოა რამდენად იყო საკმარისი ასეთი მუქარა, თუნდაც ხმამაღლა გაჟღერებული, იმისათვის, რათა დადგენილად მივიჩნოთ ს. ს-ის მხრიდან, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური იძულება.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ს. ს-ის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ვერ დადასტურდა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი მართებულად ცნეს უდანაშაულოდ და გაამართლეს.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი