Facebook Twitter

საქმე # 820100121005248529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №418აპ-23 ქ. თბილისი

ს-ი ს. 418აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით:

1.1. ს. ს-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1571-ე მუხლის 1- ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ს-მა ჩაიდინა პირადი საიდუმლოების მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 17 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში, ს. ს-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის სააბაზანოში, ს. ს-მა ფარულად დამონტაჟებული მობილური ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს - ა. შ-ს სრულიად შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რამაც მნიშვნელოვანი მორალური ზიანი გამოიწვია;

· 2021 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქ.ბ-ში, მ-ს დასახლებაში მყოფმა ს. ს-მა მობილურ ტელეფონში გახსნილი სოციალური ქსელის აპლიკაცია „Facebook Messenger-ის“ მომხმარებლის - „N. K-a-ს” სახელით თ. თ-ს გადაუგზავნა უკანონოდ შენახული პირადი ცხოვრების საიდუმლოს - ა. შ-ს შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ს. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

3.3. ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 17 მაისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 სექტემბრიდან.

4. კასატორმა - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ს. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1571-ე მუხლის 1- ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ს. ს-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის ფარგლებში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც მისი ქმედების გადაკვალიფიცირება გამოიწვია და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას წარმოადგენს ფოტო, აუდიო, ვიდეო ან დოკუმენტურ მასალაზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც არ მოიცავს ინდივიდის პირად საიდუმლოებას, თუმცა ასახავს მისი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს, როგორიცაა პირადი ჰიგიენა, გადაადგილება, შეხვედრები, შესყიდვები, დასვენება და სხვა აქტივობები, რომლებიც საზოგადოების წეს-ჩვეულებებსა და მორალური კრიტერიუმების ფარგლებს არ სცდება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

8. საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადი ცხოვრების საიდუმლო. აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის პირადი ცხოვრების საიდუმლო წარმოადგენს ინდივიდის მიერ საკუთარი ძალისხმევით, საზოგადოების წეს-ჩვეულებებითა და მორალური კრიტერიუმების საფუძველზე დაფარულ პირადი ცხოვრების რეალობას, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის სპეციალური ნორმით დაცულ საიდუმლოებას, თუმცა მისი გასაჯაროება პირს შეუქმნის გარკვეულ უხერხულობას ან/და ჩააყენებს თავის მართლების რეჟიმში. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შესაძლებელია იყოს როგორც ოფიციალურ ჩანაწერებში, ასევე ფოტო, აუდიო, ვიდეო ან დოკუმენტურ მასალაზე აღბეჭდილი. პირად საიდუმლოებას წარმოადგენს ინდივიდის მიერ დაფარული ისეთი ცნობები, რომლებიც ეხება პირის ეთნიკურ კუთვნილებას, ჯამრთელობის მდგომარეობას, სიშიშვლეს, სქესობრივ ცხოვრებას, მსხვერპლად აღიარებას, ფინანსურ მდგომარეობას, სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობას (ნასამართლეობა, ქორწინება, განრიდება, დაჯარიმება) და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მიზნებისთვის, პირადი საიდუმლოება არის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, იგი ასახავს პირის ცხოვრების ნამდვილ ეპიზოდს/მოვლენას, რომელიც ხელშეუხებელია, დაფარული და გასაიდუმლოებულია გარეშე პირთათვის და მის მიმართ ობიექტურად არსებობს საიდუმლოდ დაცვის მომეტებული ინტერესი. ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება თავისთავად ზიანის მიმყენებელია ნებისმიერი პირისთვის. სწორედ ამ მიზეზთა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს სტატუსი, მისი დაცვის განსაკუთრებული ინტერესი, საიდუმლო ინფორმაციის ხელყოფით გამოწვევადი შესაძლო ზიანი) გამო, 2016 წლის 3 ივნისის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის საჭირო აღარ არის მნიშვნელოვანი ზიანი, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი, რადგან ეს უკანასკნელი თავისთავად ნაგულისხმევია.

9. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრება ფართო ცნებაა და გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავ განსაზღვრებას და მოიცავს პირის ინდივიდუალობას, ავტონომიას, საცხოვრებელს, მიმოწერას, მფლობელობას, კონკრეტულ ადამიანთა წრეს, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია და ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არის ისეთი შინაარსის, რომელიც, შესაძლოა, არც პირადი საიდუმლო იყოს და არც ოჯახური, თუმცა ასახავს პირადი ცხოვრების დეტალებს, რომლის გასაჯაროება პირს არ სურს. მაგალითად, ვის ხვდება პირი, როგორ ერთობა, როგორ ბანაობს, რა ხდება მისი პირადი ცხოვრების ადგილას და ა.შ. ამიტომ, როცა პირის თანხმობის გარეშე ვინმე იღებს მისი ცხოვრების ამ დეტალებს, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ადამიანის პირადი ცხოვრება უფრო ფართე ცნებაა, ვიდრე ადამიანის პირადი საიდუმლო. ეს უკანასკნელი პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ კანონმდებელმა, მისი უპირატესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის დასაცავად ცალკე ნორმა (სსკ 1571-ე მუხლი) შემოიღო. პირადი საიდუმლო ისეთი შინაარსის ინფორმაციაა, რომლის გახმაურებამ, შესაძლოა, პირი, ვისაც ის ეხება, საზოგადოების წინაშე უხერხულ სიტუაციაში ან თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს. კერძოდ, პირად საიდუმლოს წარმოადგენენ ცნობები, რომლებიც ეხება პირის ჯანმრთელობას, სექსუალურ ორიენტაციას, მის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ან სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას და სხვა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ პირის ბანაობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შიშველი სხეულის ფოტო წარმოადგენს არა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ ს. ს-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიიჩნია, რომ ს. ს-მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

11. ამასთან, მსჯავრდებულ ს. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდები) მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. შ-სა და მოწმეების - თ. თ-ს, ი. შ-ს, მ. ვ-ს ჩვენებებით, მოწმეების - მ. ბ-ს, ნ. კ-ს და შ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ს-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდები) - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი