Facebook Twitter

საქმე # 330100120004132703

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №421აპ-23 ქ. თბილისი

მ-ე ნ. 421აპ-23 20 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .... თებერვალს, - ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 4 ოქტომბერს, შუადღის საათებში, თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში ნ. მ-ე შეხვდა თავის უბნელს და მეზობელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო სამორიგეო შეიარაღების განყოფილების ინსპექტორ ბ. მ-ს. ნ. მ-მ იცოდა რა, რომ ბ. მ-ი იყო პოლიციის თანამშრომელი, განიზრახა მისი სიცოცხლის მოსპობა ბ. მ-ს საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. მ-მ ამოიღო ,,BROWNING-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, მომართა იგი საბრძოლო მდგომარეობაში და ბ. მ-ს სიცოცხლის მოსპობის მიზნით მოახდინა ორი გასროლა მუცლის მიმართულებით. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ბ. მ-ი მიუახლოვდა ნ. მ-ს და როდესაც იგი აპირებდა ბ. მ-თვის თავის არეში სროლას, განაიარაღა, რითაც ნ. მ-მ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

· ნ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7.65 მმ კალიბრიანი, 1910-12 წლების ნიმუშის ,,BROWNING-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 1899 წლის ნიმუშის 7.65 მმ კალიბრიანი 4 ცალი ვაზნა. აღნიშნულ ობიექტებს ნ. მ-ე 2020 წლის 4 ოქტომბერს, შუადღის საათებში, თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო სამორიგეო შეიარაღების განყოფილების ინსპექტორზე, ბ. მ-ზე თავდასხმისას ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:

2.1. ნ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.

2.2. ნ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. მ-ს შეეფარდა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ნ. მ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ნ. მ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და სრულად დაემატა ამავე განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 4 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 4 ოქტომბერს, შუადღის საათებში, თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში ნ. მ-ე შეხვდა თავის უბნელს და მეზობელს - ბ. მ-ს. ნ. მ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა მისი სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ამოიღო ,,BROWNING-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, მომართა იგი საბრძოლო მდგომარეობაში და ბ. მ-ს სიცოცხლის მოსპობის მიზნით მოახდინა ორი გასროლა ბ. მ-ს მუცლის მიმართულებით. ბ. მ-ი მიუახლოვდა ნ. მ-ს და როდესაც იგი აპირებდა ბ. მ-თვის თავის არეში სროლას, განაიარაღა, რითაც ნ. მ-მ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

· ნ. მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა 7.65 მმ კალიბრიანი, 1910-12 წლების ნიმუშის ,,BROWNING-ის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 1899 წლის ნიმუშის 7.65 მმ კალიბრიანი 4 ცალი ვაზნა. აღნიშნულ ობიექტებს ნ. მ-ე 2020 წლის 4 ოქტომბერს, შუადღის საათებში, თ-ში, მ-ს გამზირის N...-ში მდებარე ავტოსახელოსნოში ბ. მ-ზე თავდასხმისას ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. ნ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

4.3. ნ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ნ. მ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 4 ოქტომბრიდან.

5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენის გაუქმება და ნ. მ-ს გამართლება.

5.2. მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოიცავს საფუძვლების, არგუმენტებისა და მტკიცებულებების სათანადო განხილვის უფლებას (ECTHR, Krasulya v. Russia, 2007, 12365/03). ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ასპექტი სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილად მიაჩნია. მართალია, არ არის აუცილებელი ყოველ არგუმენტს ამომწურავი პასუხი გაეცეს, მაგრამ სათანადოდ უნდა იყოს განხილული განსასჯელის ძირითადი არგუმენტები (ECTHR, Van de Hurk v. Netherlands, 1994 , 16034/90. ECTHR, Torija v. Spain, 1994, 18390/91. ECTHR, Gradinar v. Moldova, 2008, 7170/02).

8. სახელმწიფო ბრალმდებელი თამარ იაკობიძე სადავოდ ხდის მსჯავრდებულ ნ. მ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში - პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც მსჯავრდბეულის ქმედების გადაკვალიფიცირება გამოიწვია, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასჯადია პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ზემოაღნიშნული მუხლით, საჭიროა: დაზარალებული იყოს პოლიციის თანამშრომელი, განხორციელდეს მასზე თავდასხმით სიცოცხლის ხელყოფა და თავდასხმა უნდა იყოს დაკავშირებული მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ქმედების ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის ასევე აუცილებელია განისაზღვროს თავდასხმის არსი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის ხელყოფა გულისხმობს, რომ პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფაქტი, რომ თავს ესხმის პოლიციის თანამშრომელს და ეს თავდასხმა მიმართული უნდა იყოს პოლიციელის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისაკენ.

10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასების შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიერ ბ. მ-ს მკვლელობის განზრახვა დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებით და თავად დაზარალებულ ბ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იგი იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, კონკრეტულ ვითარებაში არ ასრულებდა რაიმე ფორმით სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ასევე მას არანაირი სამსახურებრივი კავშირი ან შემხებლობა არ ჰქონდა ნ. მ-ს წარსულ ნასამართლობებსა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეებთან; მეტიც ისინი მეგობრობდნენ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის ეჭვს კონკრეტული კონფლიქტის მიზეზთან დაკავშირებით მხოლოდ იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. მ-მ ბ. მ-ს, როგორც პოლიციელს ისე შეაგინა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე თავდასხმის მოტივსა და მიზეზს. თავად დაზარალებულმა ბ. მ-ც დაადასტურა, რომ ნ. მ-მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მუცლის მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა, ხოლო მესამე - თავის მიმართულებით გასროლის დროს განაიარაღა, რითაც ნ. მ-მ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეების - ე. პ-ს, გ. ზ-ს, თ. პ-სა და სხვათა ჩვენებებითაც, რომლებიც არ შეიცავს უტყუარ ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ ბ. მ-ზე ჩადენილი თავდასხმის მოტივსა და მიზანთან მიმართებით. ამდენად, დასტურდება, რომ ნ. მ-ს ქმედება გამოწვეული იყო მხოლოდ პირადი მოტივით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად დადასტურებულად არ მიაჩნია, რომ ნ. მ-ს მხრიდან პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციის თანამშრომელზე გამომდინარეობდა მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე არ არის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის სავალდებულო და აუცილებელი ნიშანი - პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის - ადვოკატ გ. ნ-ს პოზიციას ნ. მ-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გარდა მოწმეების ჩვენებებისა, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ნ. მ-ზე, რომ იგი ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა შემთხვევის ადგილზე და არაერთხელ გაისროლა ბ. მ-ს მიმართულებით, ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.

12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილზე ვერ იქნა ნაპოვნი ტყვიის გული, რაც არის საეჭვო და მიუთითებს ნ. მ-ს სასარგებლოდ.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის შეფასებისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია თვითმხილველი მოწმეების - თ. პ-ს, გ. ზ-სა და ე. პ-ს ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი ჩვენებები, რომელთა თანახმად, ნ. მ-მ ორჯერ გაისროლა არა ჰაერში, არამედ ბ. მ-ს მიმართულებით, ხოლო მესამე გასროლა ვერ მოხერხდა ვაზნის ლულაში გაჭედვის გამო; აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით: ამოღების ოქმით, რა დროსაც ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ვაზნა, რომლის გასროლაც ვერ მოხერხდა ლულაში გაჭედვის გამო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს მეორე მასრაც. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ორივე მასრა გასროლილია ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან ტყვიის გულების ვერ ამოღების ფაქტს, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს ტყვიის გულის მცირე ზომაზე, ტყვიის გამავლობის მანძილსა (მასრისგან განსხვავებით) და შემთხვევის ადგილის ზოგად სურათზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა გასროლები, უწესრიგოდ ეყარა ლითონის საგნები და ნივთები, ე.წ ,,ჯართი“ და ტომრები, რამაც ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებითაც, რა თქმა უნდა ნეგატიური როლი შეასრულა და გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოეჩინათ ტყვიის გულა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არსებით გავლენას ვერ მოახდენს დაზარალებულ ბ. მ-სა და მოწმეების ჩვენებათა სისწორესა და უტყუარობაზე, რომლებიც ასევე დასტურდება ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებითაც. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც დაზარალებულ ბ. მ-ს, ასევე საქმეზე მოწმედ დაკითხული თვითმხილველი პირებისა და პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები უნდა შეფასდეს როგორც სარწმუნო, უტყუარი და რელევანტური.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N 723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი