საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №105აპ-23 თბილისი
ა–ე მ., 105აპ-23 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატ დ. ჯ–სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ა–ს ბრალი დაედო:
ь დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში - პირის დამცირებაში ან იძულებაში, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს;
ь იძულებაში - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2021 წლის 24 ივლისიდან იმავე წლის 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში, მ. ა–მ დაამცირა, აიძულა, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა დ. გ–სო - მათ შორის ბ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე ......... „...........ში“ სახეში შეაფურთხა, ლანძღავდა, აგინებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და ცემით ემუქრებოდა, ასევე, ფიზიკურად იძალადა, კერძოდ: თმა მოქაჩა და ხელებზე და ფეხებზე მოუჭირა ხელი. გარდა ამისა, ბ–ში, ........ პარკში, აიძულებდა ღვინის დალევას, რომელიც თავზე დაასხა და მთელი სხეული დაუსველა, ასევე, სახეში რამდენჯერმე შეაფურთხა და დამამცირებელი სიტყვებით ლანძღავდა. ამასთან, დ. გ–ს აიძულებდა, ეღიარებინა, რომ სხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ამავე დროს, ცემით ემუქრებოდა და ამას მობილური ტელეფონით იღებდა. მ. ა–ს ქმედებებმა დაზარალებულს მიაყენა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა;
o 2021 წლის 24 ივლისს, ბ–ში, ლ–ს ქუჩის -ში მდებარე ......... „......ში“ მ. ა–ე დაეუფლა დ. გ–ს კუთვნილ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და უ–ს რ-ის პასპორტს, რისი დაბრუნების სანაცვლოდ, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა 200 აშშ დოლარის გადაცემას. 2021 წლის 25 ივლისს, დაზარალებულმა, ნაცვლად ფულისა, მ. ა–ს, თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, შეუძინა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით:
· მ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· მ. ა–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· მ. ა–ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნის დროის (2021 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 27 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 5000 ლარით და განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის - 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ა–სეს განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. განაჩენის მიხედვით, მ. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 24 ივლისს, ბ–ში, ლ–ს ქუჩის ..-ში მდებარე ....... „.......ში“, მ. ა–მ დ. გ–ს ხელი დაარტყა სახეში, თმა მოქაჩა და ხელებზე და ფეხებზე ხელი მოუჭირა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, იმავე დღეს, ბ–ში, ........თან არსებულ პარკში ყოფნისას დ. გ–ს ღვინო შეასხა და შეაფურთხა. აღნიშნული ქმედებებით მ. ა–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატმა დ. ჯ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მ. ა–ს გამართლება, ხოლო ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - მისი პატიმრობის გათვალისწინებით, ჯარიმის შემცირება 3000 ლარამდე;
− ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; მ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე და 150-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
− მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატმა დ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მ. ა–ს გამართლებას;
− ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე და 150-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ა–ს ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. ა–ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა, ასევე, სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
12. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატ დ. ჯ–სა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე