Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №118აპ-23 თბილისი

კ–ა დ., 118აპ-23 30 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ–ს ბრალი დაედო ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, დ. კ–მ ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრებზე, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის მეუღლეს - ნ. გ–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და მარჯვენა ხელზე დაარტყა ხელი, ასევე მარჯვენა წვივზე დაარტყა ფეხი. ამის შემდეგ თავის შვილს - ე. კ–ს, რომელიც შეეცადა ძალადობისაგან დედის დაცვას, სახის მარჯვენა არეში დაარტყა ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დ. კ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. დ. კ–ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 125 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობაში ყოფნის დროის (2021 წლის 12 აპრილიდან იმავე წლის 6 მაისი ჩათვლით) გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად.

4. პირველი ინსტანციის განაჩენის მიხედვით, დ. კ–ს მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ–ში, .....ის ქუჩის №..-ში მდებარე სახლში, დ. კ–მ ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის მეუღლეს - ნ. გ–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაარტყა ხელები და ფეხები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

- თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; დ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

- მსჯავრდებულ დ. კ–სას ადვოკატმა გ. ს–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და დ. კ–სას სრულად გამართლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი გაუქმდა და დ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

8. განაჩენის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულების მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმა, ასევე, მტკიცებულებათა შორის არსებული წინააღმდეგობები და დაუდგენელი ფაქტობრივი გარემოებები შეუძლებელს ხდიდა დ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურებას. ამასთან, პალატამ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებდა დ. კ–ს ბრალეულობას ვერც თავდაპირველი და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; დ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

10. გამართლებულ დ. კ–ს ადვოკატი გ. ს–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

13. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. კ–ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში. ამავე დროს, არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე