საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1318აპ-22 თბილისი
მ–ი თ., 1318აპ-22 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. მ–ს ბრალი დაედო:
ü ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;
ü ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: თ. მ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2021 წლის 30 სექტემბერს, ღამით, კ–ში, ლ–ს ქუჩის №..-ში მდებარე ნ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, სადაც შელაპარაკების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ა. მ–ს მარცხენა ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით თ. მ–სი, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; თ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; თ. მ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. გამართლებულ თ. მ–სის ადვოკატი დ. გ–სი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. მ–ს ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას საქმეზე მასალების დართვის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე