საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1324აპ-22 ქ. თბილისი
ო–ე შ., №1324აპ-22 29 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაინული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით შ. ო–ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 12 მარტიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შ. ო–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 1 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის მერიის თემის სოფელ ნ–ში მცხოვრებმა შ. ო–მ, ორ თანამზრახველ პირთან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია იმავე სოფელში მცხოვრებ გ. პ–ს საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღურად თავს დაესხა გ. პ–სა და მის მეუღლეს – ი. გ–ს, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 1895 ლარი, 35 ლარად ღირებული, გ. პ–ს კუთვნილი პირადობის მოწმობა და 120 ლარად ღირებული ქურთუკი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. თ–მ. კასატორმა მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებისა და პატიმრობის გადასინჯვის 2020 წლის 20 ნოემბრის ერთპიროვნული განჩინების გაუქმება და მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობა.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას (მაგ. იხ. სუსგ №519აპ-19, №757აპ-22).
6. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობისა და მტკიცებულებათა შორის წინააღმდეგობის არსებობის შესახებ. დაცვის მხარემ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც შ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულების – გ. პ–სა და ი. გ–ს, მოწმეების – რ. ბ–ს, ჟ. ბ–ს, შ. პ–ს, თ. ა–სა და სხვათა ჩვენებებიდან, ექსპერტიზების დასკვნებიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებიდან და სხვა მასალებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილათ დაზარალებულებს არჩადენილ დანაშაულში შ. ო–ე, მითუფრო, რომ მოწმეების – შ. პ–სა და თ. ა–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენიდან დღემდე ი. გ–სე და გ. პ–სო დარწმუნებით ადასტურებენ, რომ თავდამსხმელთაგან ერთი ნამდვილად შ. ო–სე იყო. იგივე განაცხადეს მოწმეებმა – ჟ. ბ–მ და რ. ბ–მ, რომლებსაც საშველად მიმართა დაზარალებულმა ი. გ–მ მანამ, სანამ პოლიციას გამოიძახებდნენ, რაც გამორიცხავს ადვოკატის ვერსიას იმის თაობაზე, რომ შ. ო–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა განპირობებულია დაზარალებულთა მეზობლის და მსჯავრდებულის წინააღმდეგ შურისძიების მოტივით განწყობილი პოლიციის თანამშრომლის – ზ. ბ–ს მითითებით.
8. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის პირის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. შესაძლოა, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია, არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე