Facebook Twitter

საქმე # 330100120004018701

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№197აპ-23 ქ. თბილისი

შ–ი ნ., 197აპ-23 29 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით ნ. შ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, იმავე სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 26 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ნ. შ–მა ქ. თ–ში, ო–ს დასახლებაში, .........ის ქ. №..-ის ეზოში, ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ბ–ს წინასწარ მომარჯვებული დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, შინაგანი ორგანოების ევენტერაციით (მუცლის ღრუს ორგანოების გადმოსვლა), კუჭის, განივი კოლინჯის, დიდი ბადექონის, წვრილი ნაწლავების მრავლობითი დაზიანებებით. ნ. შ–სის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა, რის გამოც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გ. ბ–ი გადაიყვანა თ–ს ......... ჰოსპიტალში, სადაც ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად მას სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი – ადვოკატი ი. თ–სა ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. შ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს მსჯავრდებულის განზრახვას – მოეკლა დაზარალებული. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება აღნიშნული მოთხოვნა, ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №882აპ-21, №654აპ-19).

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. დაზარალებულ გ. ბ–ს და მოწმეების – ი. ჩ–ს, გ. ზ–ს, ნ. უ–ს, მ. შ–ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკის, დაკავებისა და ამოღების ოქმები, პაციენტის სამედიცინო ბარათი №........, სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 17 ნოემბრის №......... დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ნ. შ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

9. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში მიუთითა, რომ: ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება).

10. კონკრეტულ შემთხვევაში ცივი იარაღის – დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება – მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, შინაგანი ორგანოების ევენტერაცია, კუჭის, განივი კოლინჯის, დიდი ბადექონის, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანება, დიფუზური განავლოვანი პერიტონიტი, ჰემოპერიტონეუმი (სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მეზოგასტრიუმში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა), ჭრილობის ზომა, ერთობლივად განხილული, ასევე – დანაშაულის ჩადენის ვითარება, მიყენებული დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნ. შ–ი აცნობიერებდა და ითვალისწინებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, იგი მოქმედებდა გ. ბ–ს არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, არამედ – მკვლელობის განზრახვით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოიყვანა სისრულეში.

11. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, მსჯავრდებულ ნ. შ–ს პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პირობებში) და განაჩენთა ერთობლიობით მას შეუფარდა ქმედების პროპორციული, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; მსჯავრდებულის საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.

14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე