Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №46აგ-22 თბილისი

პ–ი ლ., 46აგ-22 29 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. პ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენით ლ. პ–ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. პ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ლ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის კანონების საფუძველზე გაუნახევრდა ორჯერ და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. პ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ლ. პ–მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის 2006 წლის 27 სექტემბრის ამონაწერისა და ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 11 დეკემბრის წერილის ასლების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება, ასევე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. პ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინებისა და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ასევე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ: წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად ლ. პ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ: ლ. პ–ს მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2006 წლის 27 სექტემბრის ამონაწერი და ნ–ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 11 დეკემბრის წერილი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და მათ შესახებ, საქმის არსებითი განხილვის დროს, ცნობილი იყო მხარეებისა და სასამართლოსათვის.

4. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი მასალები მოცემულ საქმესთან მიმართებით, არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს ლ. პ–ს უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. პ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება ლ. პ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე