საქმე # 110100121004573051
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№186აპ-23 13 ივნისი, 2023 წელი
ა-ე ფ. , №186აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:
1.2. ფ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
1.3. ფ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 24 აგვისტოდან.
1.5. მსჯავრდებულმა ფ. ა-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ხ-ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც უტყუარად დაადასტურებდა ფ. ა-ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ა. ა-ის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.
2.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფ. ა-ის მიერ მეუღლის - ნ. ა-ის მიმართ, სატელეფონო კუმუნიკაციისას, არასრულწლოვანი შვილის -ა. ა-ის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ფ. ა-ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ა. ა-ის თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მოკვლისა და საყვარელი ნივთის დაწვის მუქარით, აგრეთვე, იმ ფსიქიკური ზეწოლისა და ტანჯვის შედეგად, რასაც მსხვერპლი განიცდიდა ფ. ა-ის მიერ ნ. ა-ის სისტემატური შეურაცხყოფის გამო.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ. ა-ის მიერ შვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა და ამ მოპყრობის მიზეზობრივი კავშირი არასრულწლოვნის თვითმკვლელობასთან.
3.2. ადვოკატის განმარტებით, საქმეში ასევე არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ფ. ა-ის მიერ მეუღლის - ნ. ა-ის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. ამასთან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც არ დგინდება დაზარალებულის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
4.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: დაზარალებულ ნ. ა-ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ფ. ა-ის მიერ არასრულწლოვანი შვილის - ა. ა-ის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და მეუღლის - ნ. ა-ის სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ. ა-ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, მტკიცების საგანთან მიმართებით არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ნ. ა-ის განმარტებით, საბრძნეთში წასვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ. ა-ე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს სისტემატურად აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ეუბნებოდა, რომ სახლში აღარ შეუშვებდა, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - ა. ა-ე, რომელიც ჩანდა ვიდეოზარით საუბრის დროს. 2020 წლის 22 აგვისტოს, მორიგი სატელეფონო საუბრისას, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ისმენდა ა. ა-ე. იმავე ღამით, ტელეფონით საუბრისას, გაიგო ა-ის ტირილის ხმა და ფ. ა-ის გინება, რომელიც იმავდროულად, ითხოვდა ბენზინს ა-ის კვადროციკლის დასაწვავად. მოწმის განმარტებით, მეორე დღეს გაუჭირდა შვილთან დაკავშირება. როგორც შემდგომ ა-ისგან შეიტყო, იგი მამასთან ერთად იყო და არ ჰქონდა ტელეფონით საუბრის უფლება. ამის შემდეგ, კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ა-მა სთხოვა ფ. ა-სათვის ფულის გაგზავნა, რაზეც უარით უპასუხა, რის შემდეგაც, ფ. ა-ე დაემუქრა, რომ შვილის ხმას ვეღარ გაიგებდა. საუბრიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შეატყობინეს, რომ ა. ა-ემ თავი ჩამოიხრჩო.
4.5. ნ. ა-ის ჩვენება დაადასტურა განვითარებული მოვლენების თვითმხილველმა მოწმე - ნ. ა-ემ. ფ. ა-ის მიერ ნ. ა-ის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი ასევე დადასტურებულია თვითმხილველი მოწმეების - ი. ბ-ისა და გ. რ-ის ჩვენებებით. მათ ასევე დეტალურად აღწერეს 2020 წლის 22 აგვისტოს განვითარებული მოვლენები და განმარტეს, თუ როგორ ესმოდათ ერთი საათის განმავლობაში ფ. ა-ის ყვირილი და მოკვლის მუქარა ა. ა-ის მიმართ და ამ უკანასკნელის ტირილი. ი. ბ-ის განმარტებით, მეორე დღეს ა-მა მას უთხრა, რომ „ძლივს გადაურჩა სიკვდილს“. მოწმემ ასევე განმარტა, თუ როგორი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა ფ. ა-ე ა. ა-ეს, უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას და არ აძლევდა მათთან დარჩენის შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი ინფორმაცია დაადასტურა მოწმე რ. ბ-ემაც.
4.6. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნით დასტურდება, რომ ა. ა-ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია განვითარებული კისრის ორგანოებზე მარყუჟით ზეწოლის შედეგად.
4.7. საკასაციო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად მიაჩნია ფ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და შესაბამისად, არ იზიარებს კასატორების არგუმენტს, თითქოს საქმეში არ მოიპოვება ფ. ა-ის მიერ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა თუ დამცირების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
4.8. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს ა. ა-ის თვითმკვლელობასა და მსჯავრდებულის ქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოვლენათა განვითარების ერთიან ჯაჭვს და აღნიშნავს, რომ ფ. ა-ის მიერ მეუღლის მიმართ ა. ა-ის თანდასწრებით შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა არასრულწლოვან დაზარალებულზე, მით უფრო, დედის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და მასთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით. როგორც ნ. ა-ისა და ნ. ა-ის ჩვენებებით დასტურდება, ა. ა-ისათვის იმდენად გაუსაძლისი იყო დედის მიმართ შეურაცხყოფის მოსმენა, რომ ტელეფონსაც კი თიშავდა და მათაც სთხოვდა ამგვარად მოქცევას.
4.9. 2020 წლის 22-23 აგვისტოს მეუღლეთა შორის დაპირისპირებას ჰქონდა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი, რა დროსაც, თავად ა. ა-ეც გახდა მამის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის, საყვარელი ნივთის - კვადროციკლის დაწვისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მსხვერპლი, რის შედეგადაც, ა. ა-ეს დაეუფლა შიშის განცდა, რაც უტყუარად დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. დაზარალებულის დაუცველობას უფრო მეტად ამწვავებდა ის გარემოება, რომ მას ეკრძალებოდა ნათესავებთან ურთიერთობა და დახმარებისათვის მიმართვა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კონფლიქტი არ ამოწურულა 2020 წლის 22 აგვისტოს და მეუღლეთა შორის ა. ა-ის თანდასწრებით დაპირისპირება გაგრძელდა მეორე დღესაც, რის შემდეგაც, მცირე დროის გასვლის შემდეგ, ა. ა-ემ სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. ამდენად, ფ. ა-ის მიერ ჩადენილ ქმედებებსა და ა. ა-ის თვითმკვლელობას შორის არ ყოფილა დროის იმდენად ხანგრძლივი ინტერვალი, რაც საკასაციო სასამართლოს აფიქრებინებდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობაზე. ა. ა-ის თვითმკვლელობა წარმოადგენდა მყისიერ ქმედებას 2020 წლის 22 და 23 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შემდგომ.
4.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, თითქოს მიზეზობრივი კავშირის არსებობას გამორიცხავს ექსპერტ ე. ა-ის ჩვენება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტმა უშუალოდ გამოსაკვლევი პირის მონაწილეობს გარეშე შეუძლებლად მიიჩნია იმის დადგენა, რამდენად გამოიწვევდა ფ. ა-ის ქმედებები არასრულწლოვნის თვითმკვლელობას. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში კი, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სწორედ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
4.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე სხვა გარემოება, რასაც შეეძლო გამოეწვია დაზარალებულის მიერ თვითმკვლელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გამორიცხულია ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ ა. ა-ის თავითმკვლელობასა და ფ. ა-ის მიერ მისადმი მოპყრობას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა. მოვლენეთა განვითარების ერთიანი სურათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა. ა-ის თვითმკვლელობა წარმოადგენდა სწორედ ფ. ა-ის მიერ მისადმი მუქარისა და სასტიკი მოპყრობის შედეგს.
4.12. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ასევე არ ეთანხმება ფ. ა-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმ საფუძვლით, რომ თითქოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 ნოემბრის აბმულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N- დასკვნით არ დასტურდება დაზარალებულ ნ. ა-ის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდა, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთწინააღმდეგობის გამო.
4.13. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებების შეფასება, მათი სანდოობისა და ურთიერთწინააღმდეგობის დადგენა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში არ მოქმედებს მტკიცებულებათა იერარქია და მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიკური ტანჯვის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნის არსებობის აუცილებლობას. სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რომელი მტკიცებულებებია საკმარისი ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, კონკრეტული შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ განცდილი ფსიქიკური ტანჯვის ფაქტი დადასტურებულია თავად დაზარალებულის ჩვენებით, სადაც აღწერს შეურაცხყოფის შედეგად მის ემოციურ მდგომარეობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურებულია დაზარალებულის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, ძალადობის ინტენსივობის, გამოხატვის ფორმის, მსხვერპლის მდგომარეობის, მოძალადესთან მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვითაც დადასტურებულად მიაჩნია დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდა.
4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე