Facebook Twitter

საქმე # 130100122005381773

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№176აპ-23 ქ. თბილისი

გ. თ. 176აპ-23 28 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით თ. გ–ს, - დაბადებული 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 5 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქ–ს რაიონის სოფელ რ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ..........ის საავტომობილო გზის ეგრეთწოდებულ ქ–ს გადასახვევთან მდებარე ყოფილ რესტორან ,,ზ–ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. გ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სროლისათვის ვარგისი და ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი 9 მმ. ნომინალურ კალიბრიანი, ,,BERNARDA-MAGNUM-2005’’ მოდელის პისტოლეტი, ასევე - საბრძოლო მასალათა კატეგორიას განკუთვნილი 3 ვაზნა. ამოღებულ ნივთები თ. გ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

2.2. საქართველოს სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევი თ. გ–ი უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, 2021 წლის 21 ოქტომბერს, თ. გ–ი მოძრაობდა ქ. ქ–ში, ......ას ქუჩაზე, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მისი პირადი გასინჯვის შედეგად ამოიღეს მოსაკეცი, ქარხნული წესით დამზადებული, მჩხვლეტავ-მჭრელი დანა, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და რომელსაც თ. გ–ი უკანონოდ ატარებდა.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:

3.1. თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. თ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ–მა, რომელმაც მოითხოვა: თ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდებაში ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4.1. სასამართლო სხდომებზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში თ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. თ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

5.2. თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც პროკურორი ითხოვს თ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამ ნაწილში ბრალდება ემყარება თ. გ–ს პირადი ჩხრეკის ოქმს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებებს, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასა და პოლიციის თანამშრომლების - გ. თ–ს, ზ. ა–ს, გ. თ–ს, გ. ა–სა და გ. ნ–ს ჩვენებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს და მიმოიხილავს მხოლოდ ამ მტკიცებულებებს, რომლებიც რელევანტური და მნიშვნელოვანია განაჩენის გასაჩივრებულ ნაწილთან - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებთან მიმართებით.

10. საქართველოს შს სამინისტროს ქ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელ გ. თ–მის ჩვენებით ირკვევა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თ. გ–ს, შესაძლოა, ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მიღებული ოპერატიული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.

11. საქართველოს შს სამინისტროს ქ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა - ზ. ა–მ, გ. თ–მ და გ. ნ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ 2021 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ ქ–ს გადასახვევთან, ,,ზ–ს" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თ. გ–სი იმყოფებოდა. გ. ა–მა თ. გს შესთავაზა ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაზეც თ. გ–მა უარი განაცხადა. აღნიშნული შემდეგ თ. გ–ი გაჩხრიკეს, რა დროსაც მისი შავი სპორტული ზედატანის მარჯვენა ჯიბიდან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ამოუღეს შავი ფერის პისტოლეტი, სამი ოქროსფერი ვაზნით. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მალევე გავიდნენ, შესაბამისად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩხრეკის მიმდინარეობა გადაეღოთ.

12. საქართველოს შს სამინისტროს ქ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ. ა–ს ჩვენებით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის ოქმი შედგენილია მის მიერ.

13. 2021 წლის 5 დეკემბრის პატაკის თანახმად დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ. თ–მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ–ს გადასახვევთან მდებარე ყოფილ რესტორან ,,ზ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად იმყოფებოდა თ. გ–სი, რომელიც სავარაუდოდ უკანონოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

14. იმავე დღეს, 22:26-22:39 საათზე მოწმის სახით დაიკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირი - გ. თ–მ, რა დროსაც პატაკში არსებული ინფორმაცია აისაცა ხსენებული გამომძიებლის გამოკითხვის ოქმში. გამოკითხვის ოქმი ისეთ ინფორმაციას, რაც მითითებული არ არის პატაკში, არ შეიცავს.

15. 2021 წლის 5 დეკემბერს, 22:51-00:02 საათზე გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩატარდა თ. გ–ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი სპორტული ზედატანის გვერდითა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი და სამი ვაზნა. თ. გ–ი გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, მაგრამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით რომ მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია.

16. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვით ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის 9 მმ. ნომინალური კალიბრიანი, ,,BERNARDA-MAGNUM-2005’’ მოდელის პისტოლეტი, რომლიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. 3 ცალი ობიექტი არის კუსტარული წესით დამუხტული, 9 მმ. ნომინალური კალიბრიანი ვაზნა, რომლის გასროლაც შეიძლება 9 მმ. ნომინალური კალიბრიან პისტოლეტებში. 3 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

17. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით „ .... ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და 3 (სამი) ვაზნიდან ...“ მოთავსებულ პისტოლეტის ზედაპირიდან (ობ.№..) და მჭიდის ზედაპირიდან (ობ.№..) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ. გ–ს. სამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტმა ე. ს–მ დაადასტურა მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.

18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით, საქმეზე ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების, ხოლო საქართველოს სსსკ-ის ამავე ნორმის (მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან.

20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი საპროცესო კანონი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/11/2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73; 74). შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მითითებული ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, თ. გ–ს პირადი ჩხრეკის თარიღის, იმის გათვალისწინებით რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მტკიცებულებები მოპოვებული იქნა 2021 წლის 5 დეკემბრიდან - სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილების საფუძველზე თ. გ–სის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

- პატაკი და პატაკის შემდეგი პირის - გ. თ–ს ჩვენება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი;

- თ. გ–ი გამოძიების საწყის ეტაპზევე, პირადი ჩხრეკის ჩატარების მომენტიდან აღნიშნავდა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა. აღნიშნულის თაობაზე შენიშვნის სახით დაფიქსირებულია როგორც ჩხრეკის ოქმში, ასევე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე. ამ ვითარებაში ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, რისი საშუალებაც მას ჰქონდა;

- ბრალდების მხარემ ვერ დასაბუთა რატომ ვერ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სადავოდ გამხდარი ჩხრეკის ოქმის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება. განსახილველ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძველია არა დანაშაულზე წასწრება, რაც იმწუთიერ მოქმედებას მოითხოვს და ობიექტურად, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკით პოლიციელთა აღჭურვა, არამედ - ოპერატიული ინფორმაცია. ამდენად, ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თუნდაც თავიანთი ტელეფონით გადაეღოთ ჩხრეკის მიმდინარეობა;

- პოლიციელებს მათი რაოდენობიდან (ოთხი პოლიციელი) და ჩხრეკის ვითარებიდან გამომდინარე (თ. გ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, საგნის გადამალვის ან განადგურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია), ჰქონდათ შესაძლებლობა, მოეხდინათ საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო თანამშრომლისგან (კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ ბრალდება ეყრდნობა პირადი ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა ჩვენებებსა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ხოლო სხვა მტკიცებულებად ბრალდების მხარე მიიჩნევს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას.

24. სასამართლო პირველ რიგში თვალისწინებს რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ ჩხრეკაზე post factum სასამართლო კონტროლი ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში იქნა მიჩნეული რომ „არ არის ადეკვატური და საკმარისი მტკიცებულებების ნამდვილობის და სანდოობის გამორკვევისათვის“ (იხ. Kobiashvili, N 364516/06, §§ 67-69, ECtHR, 4/03/2019; Megrelishvili, N 30364/09, § 35, ECtHR, 7/05/2020; Kalandia v. Georgia, N57255/10, par. 41, ECtHR, 22/04/2021; Shubitidze v Georgia, N43854/12, par. 35, ECtHR, 12/06/2021; Tlashadze and Kakashvili v. Georgia, N41674/10, par. 48, ECtHR, 25/03/2021); „ოპერატიული ინფორმაციის ბუნების, ნამდვილობისა და წყაროს არაადეკვატურად განხილვის გარდა, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უპასუხეს მომჩივნების ბრალდებას, რომ მტკიცებულებები მათ ჩაუდეს'' (Tlashadze and Kakashvili v. Georgia, N41674/10, par. 50, ECtHR, 25/03/2021).

24.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თ. გ–ი გამოძიების საწყის ეტაპზევე, პირადი ჩხრეკის ჩატარების მომენტიდან აღნიშნავდა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა. აღნიშნულის თაობაზე შენიშვნის სახით დაფიქსირებულია როგორც ჩხრეკის ოქმში, ასევე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვების იმგვარი სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართალდამცავებს აღჭურავს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველყოფისათვის ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობით, მეორე მხრივ კი, შეამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს“ (იქვე, II-109). „გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (იქვე, II-110).

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბიოლოგიური ექსპერტიზის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, დასკვნის მიღებისას დარღვეულია როგორც საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული ბრალდებულის უფლება - თვითონ დაკითხოს ან დააკითხინოს მისი ბრალდების მოწმეები, ვინაიდან განსახილველ საქმეზე გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას საფუძვლად დაედო ამავე საექსპერტო დაწესებულებაში არსებული, თ. გ–ს მიმართ ადრე ჩატარებული სხვა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომლის გამოკვლევის საშუალებაც არც მხარეებს და არც სასამართლოს არ მისცემია, არ დაკითხულა არც გამომძიებელი ლ. კ., რომელმაც დანიშნა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ეს ექსპერტიზა და არც ექსპერტი (ვინაობა უცნობია), რომელმაც გასცა ექსპერტიზის დასკვნა.

26.1. სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ ე. ს–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. გ–ს გენეტიკური პროფილის ნიმუში არსებობდა ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ბაზაში (საქართველოს შს სამინისტროს ქ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ლ. კ-ს დადგენილებით სისხლის სამართლის №... საქმეზე გაიცა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა), შესაბამისად კანონის მოთხოვნათა დაცვით შედარდა ბაზაში არსებულ მონაცემთან.

26.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითად, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის №9აპ.-18 განჩინება), რომლის თანახმად, ანალოგიური წესით ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ითვლება კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებად.

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი და მისგან მომდინარე მტკიცებულებები - პოლიციელთა ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მაშინ, როდესაც ბრალდებული თავიდანვე აპელირებდა, რომ უკანონო ნივთი მას არ ეკუთვნოდა.

28. იმავდროულად ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ამოღებული ნივთების ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიისადმი/საბრძოლო მასალისადმი კუთვნილებას, მაგრამ a priori არ ადასტურებს თ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, როდესაც სადავოა აღნიშნული საგნების ფლობა დაკავებული პირის მიერ.

29. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კონსტიტუციის მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ბრალდების მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალმდებელს ეკისრება, ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-104).

31.შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა თ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

32. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ შეიცავს რელევანტურ დასაბუთებას და შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო ვერ აკმაყოფიებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. იმავდროულად, სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედება, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

33. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

34. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

37. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე