Facebook Twitter

საქმე # 010100121004837115

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№80აპ-23 ქ. თბილისი

ა ი. №80აპ-23 1 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ი. ა–სე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 23 მაისს, ღამით, ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ი. ა–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ. ა–სის კუთვნილ 130 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

1.3. 2021 წლის 5 ივნისს, დღისით, ქ. ბ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე მაღაზია „........“-ში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ი. ა–მ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სცადა შპს „.......“-ის კუთვნილი, გასაყიდად განთავსებული ორი შარვლის ფარულად დაუფლება, რა დროსაც, წაასწრო მაღაზიის თანამშრომელმა, რის გამოც, დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა.

1.4. 2021 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ი. ა–სე მივიდა ქ. ბ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ს–სის საცხოვრებელ ბინა N..-ში, მ. ს–სთან დაამყარა ვერბალური კომუნიკაცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც არ შეასრულა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ–ს სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების მიერ 2021 წლის 31 მაისს გამოცემული №..... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენით:

2.1. ი. ა–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. ი. ა–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.3. ი. ა–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1875 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, აგრეთვე ჯარიმა - 1875 ლარი;

2.6. მსჯავრდებულ ი. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 7 ივნისიდან.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა ი. ა–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრულად შეკრების წესის გამოყენებით. მსჯავრდებულმა ი. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. მ–მ მოითხოვეს სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა მოითხოვა ი. ა–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრულად შეკრების წესის გამოყენებით. მსჯავრდებულ ი. ა–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. მ–მ მოითხოვა სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისა და მისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს, თითქოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ მოწმე ზ. ძ–ს გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ი. ა–ს მიერ გ. ა–სის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის ფარულად შესაძლო დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას. მართალია, ზ. ძ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ გ. ა–სის კუთვნილი მობილური ტელეფონი მას მიჰყიდა ი. ა–მ, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ი. ა–ს მიერ ქურდობის ჩადენის დადასტურებულად მიჩნევისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ რა გზით აღმოჩნდა ი. ა–ის ხელში დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი. „მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან ფარულად გატაცებული ნივთი (ქონება) ან თანხა, ვერ განიხილება უტყუარ და საკმარის საფუძვლად ქურდობაში ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის, თუკი ასეთი ფაქტის დანაშაულებრიობა დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც მას უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე №51აპ.-17). ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

8. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ი. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

9. გ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ როდესაც მსჯავრდებული გადიოდა მაღაზიიდან, სენსორულმა აპარატმა გამოსცა განგაშის ხმა. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებულს ხელთ ჰქონდა ორი შარვალი. სალაროსთან გაარკვია, რომ მას შარვლები არ შეუძენია, რის შემდეგაც, გამოიძახა პოლიცია. სენსორის აპარატი დგას მაღაზიის გასასვლელთან. ბრალდებულმა გაიარა ეს ადგილი და ფაქტობრივად, გარეთ იყო გასული. როდესაც ჩაირთო განგაშის სიგნალი, იგი 3-4 მეტრით იყო დაშორებული სენსორის აპარატისაგან და მიემართებოდა ქალაქის მიმართულებით. შარვლები მაისურის შიგნით, იღლიის ქვემოთ ჰქონდა ამოდებული. მოწმის ჩვენება გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დასტურდება, რომ ი. ა–სის ჩხრეკა ჩატარდა ტანსაცმლის მაღაზია „.........“-ის შესასვლელთან, ქვეითთა სავალ ნაწილზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. ჩხრეკის ოქმის სისწორე დადასტურებულია გამომძიებლების - გ. ბ–სა და გ. ა–ს მიერ. ამასთან, ოქმს ერთვის ფოტოსურატები, სადაც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და მასში მონაწილე პირები. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს, ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ი. ა–სის ჩხრეკა ჩატარდა არა მაღაზიის გარეთ, არამედ - შიდა სივრცეში, მოკლებულია საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს.

10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ჩხრეკის ჩასატარებლად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შექმნა განაპირობა გამომძიებლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სათვალთვალო კამერის ჩანაწერების დათვალიერებამ, რამაც ჩხრეკა და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ აქცია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ერთი მხრივ, საქმის მასალებით არ დასტურდება ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი სასამართლოს განჩინების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - პროკურორის დადგენილების არსებობის აუცილებლობას მოითხოვს კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში.

11. რაც შეეხება ი. ა–ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ ი. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულ მ. ს–სა და მოწმე - მ. ს–ს ჩვენებები, რომლებიც დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს და არ იკვეთება მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდეს.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ ი. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე