საქმე # 330100122005859014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №369აპ-23 ქ. თბილისი
ა. ზ. 369აპ-23 23 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 19 აპრილს ვ. ჩ–ს მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლის ზ. ა–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №........, რომლის მიხედვითაც მას აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან მიახლოვება და მასთან ნებისმერი სახის კომუნიკაცია.
2022 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზ. ა–ე, შემაკავებელი ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, შემაკავებელი ორდერის გაცნობის შემდეგ მივიდა ვ. ჩ–ს სამსახურში - ქ.თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში და ვ. ჩ–ს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით;
2.2. 2022 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზ. ა–ე მივიდა ყოფილი მეუღლის ვ. ჩ–სის სამსახურში, ქ.თ–ში, .......ის ქუჩა №..-ში და ვ. ჩ–სს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით, რაც ვ. ჩ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2022 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში, ქ. თ–ში, ღ–ს ქუჩა №..-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ზ. ა–ე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, მის ყოფილ მეუღლეს ვ. ჩ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით, რაც ვ. ჩ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, ქ.თ–ში, ღ–ს ქუჩა №..-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ასევე ქ.თ–ში, .......ის ქუჩა №..-ში ვ. ჩ–ს სამსახურში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–სე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და დემონსტრირების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ვ. ჩ–ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რაც იწვევდა მის ტანჯვას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ზ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის
იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 თვე;
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. მსჯავრდებულ ზ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 20 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება, კერძოდ, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, კერძოდ, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ზ. ა–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობის გავრცელებას, იმ მოტივით, რომ ზ. ა–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეზღუდული შერაცხადობის მქონეა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ზ. ა–სის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, შეზღუდული შერაცხადობა), ჩადენილი დანაშაულის სიმრავლე, რისი გათვალისწინებითაც ზ. ა–ს თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლისა(დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის(დანაშაულის რეციდივის) და საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის ( შეზღუდული შერაცხადობა) გათვალისწინებით განუსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
12. ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ხასიათისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ზ. ა–სათვის საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის სახით 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე - ზ. ა–ს რესოციალიზაციის მიზანს.
13. ზ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოსაცდელ ვადაში პირობით მსჯავრდებულის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ გამონაკლისის სახით - მხარეთა შორის საქართველოს სსსკ-ის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საგამონაკლისო წესს - ერთადერთ შემთხვევაში - თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხსენებული ნორმა ეხება ზოგადად პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის გამოყენებას, რაც საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სისტემური, ტელეოლოგიური და გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მოიცავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად (საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე), ისე ნაწილობრივ (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე) პირობითად ჩათვლას. საწინააღმდეგო განმარტება არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ძირითად არსსა და მიზანს. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა (საპროცესო შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით - დაუშვებელია.
14. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ზ. ა–ე აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების ფაქტი.
15. სასამართლო ითვალისწინებს ზ. ა–ს წინა ნასამართლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნამ ვერ უზრუნველყო ვერც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის (ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) და ვერც რესოციალიზაციის მიზნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მიღწევა. შესაბამისად, ზ. ა–სათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა(სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით) - სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე