საქმე # 010100121004257335
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1326აპ-22 ქ. თბილისი
ბ. მ.1326აპ-22 26 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ს, ი. ხ–ისა და ვ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ზ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1 მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.1.2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.2. ი. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.2.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.2.2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.3. ვ. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.3.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.3.2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს, ი. ხ–სა და ვ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 28 ნოემბერს, დღის საათებში, ს–ს მოქალაქე მ. ბ–მა, რომელიც იმყოფებოდა კ–ს კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ კატარღაზე („I–E“, M–I: ............), საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიზნით, მასთან ერთად მყოფ პირებთან - ი. ხ–სთან და ვ. დ–სთან ერთად, ჯგუფურად, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და ხსენებული კატარღით შემოვიდა ბ–ს საზღვაო რაიონში, ზღვის ნაპირიდან 2,3 საზღვაო მილის სიღრმეში.
2.2. 2020 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:20 საათზე, ს–ს მოქალაქე მ. ბ–სი, რომელიც იმყოფებოდა კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ კატარღაზე („I–E“, M–I: ..........), მასთან ერთად მყოფ პირებთან - ი. ხ–სთან და ვ. დ–სთან ერთად, თ–ს რესპუბლიკაში გადასვლის მიზნით, შეეცადა ს–ს საზღვაო რაიონიდან სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ჯგუფურად, რა დროსაც ხსენებული კატარღა გ–ს ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 7,7 საზღვაო მილში, ხოლო ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1.7 საზღვაო მილში საპატრულო კატარღის (....) მიერ იძულებით შეჩერებული იქნა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით:
3.1. მ. ბ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ მ. ბ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.1.4. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების მომენტიდან - 2020 წლის 1 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა უკანონო დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 29 ნოემბრიდან - 2020 წლის 1 დეკემბრამდე;
3.2. ი. ხ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ი. ხ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა- თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.2.4. ი. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების მომენტიდან - 2020 წლის 1 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა უკანონო დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 29 ნოემბრიდან - 2020 წლის 1 დეკემბრამდე;
3.3. ვ. დ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ და სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.3.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3.2. საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ვ. დ–სს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3.4. ვ. დ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების მომენტიდან - 2020 წლის 1 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა უკანონო დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 29 ნოემბრიდან - 2020 წლის 1 დეკემბრამდე.
4. 2021 წლის 17 ივლისის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით შეწყალებულნი იქნენ - მ. ბ–სი, ი. ხ–ი და ვ. დ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან - 2021 წლის 19 ივლისს და მოეხსნათ ნასამართლობა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ბ–ს, ი. ხ–სა და ვ. დ–ს ადვოკატმა მ. ზ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა.
5.1. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–სის, ი. ხ–ისა და ვ. დ–ს ადვოკატმა მ. ზ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
7.1. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-8 ნაწილს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერის N3/3/601 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N601 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფდა გამართლებულის მიერ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას და ამავე კოდექსის 546-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფდა გამართლებულის მიერ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ,,გამართლებულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების კანონიერი ინტერესი; განაჩენის გასაჩივრების უფლების სრულყოფილ რეალიზაციას გამართლებული პირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც გამამართლებელი განაჩენით იზღუდება მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. განაჩენის გასაჩივრების უფლების გარეშე არსებობს რისკი, რომ პირები დარჩნენ უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის გარეშე, რაც არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას უქმნის საფრთხეს, არამედ - იმ უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს, რომელთა დასაცავადაც პირი მიმართავს სასამართლოს და რომელთა შეზღუდვასაც შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი იწვევდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერის N3/3/601 გადაწყვეტილება, II-27).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულების გამართლება (იმ მოტივით, რომ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ნორმები, როგორც სამეცნიერო ლიტერატურა, ისე საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრაქტიკა ადასტურებს, რომ იახტა „I–E“ კანონიერად სარგებლობდა მშვიდობიანი გავლის უფლებით და არ დაურღვევია არცერთი ნორმა), ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ბ–ს, ი. ხ–სა და ვ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, 17:40 საათზე სპეციალურმა სარადარო სისტემამ ს–ს ტერიტორიულ წყლებში, მ–ს ტ–ზე უახლოესი ნაპირიდან 2,3 საზღვაო მილში, აღმოაჩინა იახტა ,,I–E-ი". ასევე დადგენილია, რომ საპატრულო კატარღა .....-ის მიერ იძულებით იქნა შეჩერებული იახტა ,,I–E" გ–ს ნაპირიდან 7,7 საზღვაო მილის სიღრმეზე, თ–ს საზღვრიდან დაახლოებით 1.8 საზღვაო მილში, როდესაც მოძრაობდა თ-ს რესპუბლიკის მიმართულებით;
13. რეესტრის N......... მოწმობის და უსაფრთხოების სერტიფიკატის თანახმად, იახტის დასახელებაა ,,I–E" და იგი წარმოადგენდა კ–ს კუნძულების დროშის ქვეს მცურავ საშუალებას. ამასთან, დადგენილია, რომ იახტას გამართულ მდგომარეობაში ჰქონდა რადიოკავშირი, თუმცა იახტაზე მყოფმა პირებმა არ გამოიყენეს იგი (ასევე არ აცნობა შესაბამის ორგანოებს, როგორც ს–ში შემოსვლის, ისე ს–დან გასვლის მცდელობის თაობაზე), კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულების იახტა პირველად დაფიქსირდა ბ–ს სასაზღვრო რაიონში მ–ს ტ–ზე, რამდენიმე წუთში - ბ–ს ტ–ზე, ისინი არ პასუხობდნენ სანაპირო დაცვის თანამშრომლების გამოძახებებს, ჩქარი სვლით მიემართებოდნენ თ–ს რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით, ხოლო, როდესაც სანაპირო დაცვის დადევნებულმა კატარღამ შეაჩერა იახტა, დოკუმენტაციის შემოწმების პროცესში თვითნებურად ჩახსნეს ბაგირი.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარია - ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც ს–ს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს - გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან; ხოლო ,,გ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმია - სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი, ს–სა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების ს–ს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები.
14.1. ამავე კანონის 24-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ს–ს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად ჩაითვლება, მათ შორის - უცხო სახელმწიფოს არასამხედრო ან სამხედრო გემი, რომელმაც ს–ს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისას დაარღვია ამ კანონით დადგენილი წესები.
15. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს ს–ს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან; ს–ს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი არის ს–ს სახელმწიფო საზღვარი.
15.1. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ს–ს ტერიტორიულ წყლებში გემებისათვის მშვიდობიანი გავლა ნებადართულია; ს–ს ტერიტორიულ წყლებში გავლად ითვლება ტერიტორიული წყლების შეუჩერებლად და სათანადო სისწრაფით გადაკვეთა ს–ს შიდა წყლებში შეუსვლელად ანდა ს–ს შიდა წყლებსა და პორტებში შესვლა ან იქიდან გამოსვლა ღია ზღვაში გასვლის მიზნით.
15.2. ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უცხო ქვეყნის გემები სარგებლობენ ს–ს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით; მშვიდობიან გავლაში იგულისხმება: ს–ს ტერიტორიული ზღვის გადაკვეთა შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე შეუსვლელად, ასევე ს–ს შიდა საზღვაო წყლებში შესვლა, ნავსადგურის ნაგებობებთან და რეიდზე დგომა, შიდა საზღვაო წყლებიდან გამოსვლა; ამასთან, მშვიდობიანი გავლა უნდა ხორციელდებოდეს სწრაფად და შეუჩერებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ს–ს ტერიტორიულ ზღვაში გავლა მშვიდობიანად ითვლება, თუ იგი არ არღვევს მშვიდობას, წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპებს.
16. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, იმავდროულად, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებსა და ვალდებულებებს, რომელთა დაცვაც ევალებათ გემებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლისას, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ს–ს ტერიტორიულ და შიდა წყლებში შემოსვლისა და ყოფნის დროს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემები ვალდებული არიან დაიცვან რადიოკავშირის, ნავიგაციის, საპორტო, ს–ს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სანიტარიული წესები, აგრეთვე ამ კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილი სხვა მოთხოვნები ( „ს–ს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლიც ადგენს რადიოკავშირის რეგლამენტის და წესების დაცვის ვალდებულებას).
17. ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებს უფლება აქვთ ს–ს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლში, საზღვაო სივრცესა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მათ შორის - თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ს–ს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა; გამოავლინონ და დააკავონ ს–ს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი; გააკონტროლონ ს–სა და უცხო სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების ს–ს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება; აწარმოონ გამოკითხვა ს–ს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ; გააჩერონ და შეამოწმონ არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს ს–ს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლს, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ს, ი. ხ–სა და ვ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე