Facebook Twitter

საქმე # 330100122005393004

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №445აპ-23 ქ. თბილისი

გ. ლ. 445აპ-23 23 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–სას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ–სას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის აგვისტო-სექტემბერში, ლ. გ–ა სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შეუთანხმდა ნ. მ–ს, რომ აუშენებდა საცხოვრებელ სახლს ქ. თ–ში, ........ს დასახებაში, ე–ს ქუჩა N..-ში, ამ მიზნით ლ. გ–მ რამდენიმე ეტაპად ფულადი თანხა გამოართვა ნ. მ–სს, კერძოდ, 3000 ლარი გამოართვა თ–ში .........ას გამზირზე, 1000 ლარი ქ. თ–ში მ–ს დასახლებაში, ხოლო 900 ლარი ქ. თ–ში, ვ–ს მ–ს დასახლება, წ–ს ქუჩა, კორპუსი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლ. გ–სა მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით დაეუფლა ნ. მ–სის ფულად თანხას 4900 ლარს, ხოლო დღემდე ნ. მ–სთვის საცხოვრებელი სახლი არ აუშენებია და არც გადაცემული თანხა დაუბრუნებია უკან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით(მონაწილეობის გარეშე) ლ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ სასჯელის სახედ - ჯარიმის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 31 იანვრის 11:40 საათიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. გ–მ, რომელიც ითხოვს შეფარდებული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის - ჯარიმით შეცვლას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მის მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით შეცვლას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა ლ. გ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. გ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ლ. გ–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ნ. მ–ს და მოწმეების: ნ. გ–ს, ქ. ნ–ს, ფ. გ–ს გამოკითხვის ოქმები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ლ. გ–ს განუსაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ( საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე